Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ ზუგდიდის სოფელი დააზარალა


დარჩელის მოსახლეობა
დარჩელის მოსახლეობა

სოფელ დარჩელის ტელმანის უბნის მცხოვრებლები ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჯუმმა დააზარალა. სოფლის მკვიდრთა ნაწილს დაეტბორა სახნავ-სათესი ყანები, ეზოები, სახლების პირველი სართულები. რამდენიმე ოჯახს მდინარემ მსხვილფეხა საქონელიც გასტაცა. ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარის სანაპიროზე, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯუმი ადიდების შემდეგ კალაპოტიდან გადავიდა და სოფელს პრობლემები შეუქმნა. ტელმანში მცხოვრები ასმათ კუკავა ერთ-ერთია, ვინც სტიქიამ დააზარალა:

„ზარალი ბევრი გვაქვს: დაგვეხრჩო საქონელი, წყალი სახლში შეგვივიდა და გაგვიფუჭა ყველაფერი, რაც კი გვქონდა. ყოველ წელს ვიტბორებით. სანამდე უნდა ვიცხოვროთ ამის შიშით?“

„წყალდიდობა იყო. წელამდე იყო წყალი...დავცურავთ. გვაწუხებს. გვინდა ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება, რომ ეს მოვაგვაროთ“, ამბობს ჰამლეტ ჭაბუკია.

მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ, გარდა მდინარე ჯუმისა, ტელმანის უბანში მას მდინარე ჩხოუში და პატარა ღელე უერთდება, რაც წყლის მასის სწრაფად გაზრდას უწყობს ხელს. წყლის ნაკადი კი, თავის მხრივ, ტერიტორიის დამეწყვრასაც იწვევს.

ტელმანის მცხოვრებლებმა ნაპირსამაგრის მოწყობა არაერთხელ მოითხოვეს, მათ შორის, საპროტესტო აქციებითაც. ივნისში მათი აქციის საპასუხოდ გამგეობაში განაცხადეს, ტელმანის უბანში გასაკეთებელია 50 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი, რომლის პროექტიც მზად არის და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყებაო. განსხვავებული განცხადება კეთდება დღეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ პრობლემა მოგვარდება, თუმცა რა ვადებში, ვერ აზუსტებენ.

„ჩვენი ინფორმაციით, ოთხი ოჯახია დაზარალებული. მოხდება ზარალის ანაზღაურება და დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამისად აუნაზღაურდება ზარალი. რაც შეეხება მდინარე ჯუმზე ნაპირსამაგრის გარღვევას, მასზე უკვე გაკეთებულია პროექტირება, არსებობს ნახაზი და მუნიციპალიტეტის გამგეობა ელოდება ფინანსური რესურსის მოძიებას“, ამბობს გამგეობის პრესსამსახურის უფროსი მაია ღურწკაია.

მისი თქმით, ძლიერი წვიმით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ტელმანის უბანშიც მუშაობს.

XS
SM
MD
LG