Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ფიულე: საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგული რჩება


ევროკომისარი შტეპან ფიულე რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სტუდიაში
ევროკომისარი შტეპან ფიულე რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სტუდიაში
რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ხუთშაბათს, 9 მაისს, ესტუმრა შტეფან ფიულე, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, დეიზი სინდელარს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების წარმატების ხარისხზე ისაუბრა. ევროკომისარი თვლის, რომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, საქართველო ევროპული ორიენტაციის ერთგული რჩება:

„ევროპული მისწრაფება არ შეცვლილა, არაფერი შეცვლილა გამოთქმებში. მხედველობაში მაქვს ის, რომ ახალი ხელისუფლებისგანაც გვესმის ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულების სიტყვები. არც საქმეების მხრივ არის დიდი ცვლილებები. ასე რომ, ჩვენი მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც ეკონომიკურ ინტეგრაციასაც მოიცავს, საკმაოდ კარგად ვითარდება. ეს, სავიზო საკითხზე დიალოგის ფარგლებში, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკითხსაც მოიცავს. თუმცა ამ ცვლილებამ სხვა რამ მოიტანა - კოჰაბიტაციის საკითხი, რომელიც არ არის იოლი და გამოწვევას წარმოადგენს - გამოწვევას როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ისე პრეზიდენტისთვის. დასაწყისში წარმოქმნილი გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ახლა მოწმენი ვართ ერთმანეთისთვის ხელის გაწოდების ჟესტების პირველი ნიშნებისა - პრემიერის, მთავრობის, პრეზიდენტის მხრიდან. შედგა კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, იყო თანამშრომლობა იუსტიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამდენად, პროცესები წინ მიდის და, ჩემი აზრით, საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნოემბრის ბოლოს დანიშნული ვილნიუსის სამიტის წარმატებაში“, - განაცხადა ფიულემ.

შტეფან ფიულე: საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგული რჩება
please wait

No media source currently available

0:00 0:02:44 0:00
გადმოწერა

ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში, თუმცა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ყოფნის ფაქტი უცვლელია. რას აკეთებს ევროკავშირი რუსეთის მხრიდან ოკუპაციის საკითხთან მიმართებით? - ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომელიც ჩვენმა კოლეგამ დაუსვა შტეფან ფიულეს.

ევროკომისრის პასუხი ასეთი იყო:

„პირველ რიგში, რუსეთს მოვუწოდებთ სრულად შეასრულოს საბრძოლო მოქმედებების დასრულების შეთანხმება. ამ მხრივ გარკვეული სამუშაოა დარჩენილი. ამასთან, რუსეთს მოვუწოდებთ არ დაუშვას სამხედრო ესკალაცია. გამუდმებით ვიმეორებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულები ვრჩებით. საქართველოს მთავრობასთან კი გულმოდგინედ ვმუშაობთ სეპარატისტული ტერიტორიების მოსახლეობასთან კავშირების დასამყარებლად“.

ახლა კი ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რა გვითხრა ევროკომისარმა სხვა ქვეყნებთან და,ზოგადად, ევროინტეგრაციის თემასთან მიმართებით. ვრცელი ინტერვიუს დროს შტეფან ფიულემ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს მოუწოდა უფრო მეტი გააკეთონ იმის დასამტკიცებლად, რომ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულნი არიან.

საქართველოსთან ერთად, დადებითი შეფასება დაიმსახურა სომხეთმაც. ფიულეს აზრით, ვილნიუსის სამიტზე შესაძლოა ორივე ქვეყანამ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე.

აზერბაიჯანთან მიმართებით ფიულეს მკვეთრი განცხადებები არ გაუკეთებია. ბაქო ჯერჯერობით ახერხებს თავი აარიდოს ევროკავშირის სანქციებს, მიუხედავად მზარდი საერთაშორისო კრიტიკისა იმის გამო, რომ ენერგიით მდიდარი ქვეყანა მთავრობის ოპონენტებს და ჟურნალისტებს მკაცრად უსწორდება.

უკრაინასთან დაკავშირებით ფიულე მოზომილი განცხადებებით გამოვიდა. უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მიზანს მნიშვნელოვანი წინაღობა შეუქმნა ყოფილი პრემიერ -მინისტრის, იულია ტიმოშენკოსა და მისი მოკავშირეების დაპატიმრებამ. ევროკავშირი უკრაინას შერჩევითი სამართლის გამო აკრიტიკებს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ფიულე მიესალმა კიევის მიერ ახლახან გადადგმულ ნაბიჯებს - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იური ლუცენკოს და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, გეორგი ფილიპჩუკის ციხიდან განთავისუფლებას. თუმცა იქვე დასძინა, რომ გასაკეთებელი კვლავაც ბევრი რამ რჩება.

ყველაზე მკაცრი რიტორიკით ევროკომისარმა ისაუბრა ორ ქვეყანაზე, რომლებსაც, ტრადიციულად, ევროკავშირის გაფართოების პროცესში საპირისპირო მხარეს განიხილავენ ხოლმე - ავტორიტარულ ბელორუსიასა და მოლდავეთზე, რომელიც ერთ დროს დასავლური ინტეგრაციის ერთგვარ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.

ფიულეს თქმით, ბელორუსიამ ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირობებში კიდევ უფრო მეტად გააძლიერა შეტევა სამოქალაქო თავისუფლებებზე:

„ბელორუსიაში მხოლოდ პოლიტპატიმრების პრობლემა არ დგას. ასევეა დემოკრატიის ზოგადი დონე, კანონის უზენაესობის დაცვის დონე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წლების მანძილზე არარსებობის საკითხი. ქვეყანში არ მოიძებნება სივრცე, რომელშიც დემოკრატიული ძალები მთავრობის მხრიდან ზეწოლის გარეშე იმოქმედებდნენ.“

ბელორუსია, 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი მასშტაბური პოლიტიკური რეპრესიების გამო, ევროკავშირის სანქციების ქვეშ რჩება.
რაც შეეხება მოლდავეთს, ფიულეს თქმით, ეს ქვეყანა ახლა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა, რადგან შიდაპოლიტიკური კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მის მეტნაკლებად სტაბილურ პროევროპულ კურსს. ფიულეს აზრით, კიშინიოვის განკარგულებაში დღეებია და არა კვირები საიმისოდ, რომ მთავრობის რეფორმირება მოახდინოს - მას შემდეგ, რაც პროევროპელ პრემიერ-მინისტრს, ვლად ფილატს, მთავრობის დათხოვნა მოუხდა.
XS
SM
MD
LG