Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად უსაფრთხოა სკაიპი


სკაიპი
სკაიპი
გავრცელებული აზრით, ჩვეულებრივ ტელეფონებსა და მობილურებთან შედარებით, სკაიპი უფრო მეტადაა დაცული სამთავრობო სააგენტოების მხრიდან მოსმენის საფრთხისგან. რამდენად რეალისტურია ეს აზრი?
მთელი მსოფლიოს აქტივისტებმა და დისიდენტებმა დიდი ხნის წინ ისწავლეს, რომ თავიანთი ბინების ტელეფონებით და მობილურებით ღიად არ უნდა ილაპარაკონ, რომ მათი ტელეფონები, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ ისმინება.

ტელეფონები და მობილური ქსელები რეპრესიულ მთავრობებს ბევრ საშუალებას აძლევს მოსასმენად - განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ სისტემებს სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ან სახელმწიფოსთან დაახლოებული კომპანიები განაგებენ.

ამიტომაც ბევრი ფიქრობს, რომ საინტერნეტო სატელეფონო სერვისები ბევრად უფრო უსაფრთხო ალტერნატივაა. თუმცა რამდენად ასეა სინამდვილეში?
ანალიტიკოსი გრეგუარ პუჟე, რომელიც წარმოადგენს პარიზში განთავსებულ ორგანიზაციას „რეპორტიორები-უსაზღვრებოდ“, ამბობს, რომ უწინ ეს მოსაზრება შესაძლოა სწორიც იყო, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში უფლებადამცველებს, მისი თქმით, სულ უფრო ხშირად უწევთ შეხება შემთხვევებთან, როცა ადამიანებს ინტერნეტით სატელეფონო ლაპარაკის გამო სასამართლოში უჩივიან ან აპატიმრებენ, ან ამ ლაპარაკს მტკიცებულების ნაწილად იყენებენ:

„ბელორუსიასა და რუსეთში ჟურნალისტებმა გვითხრეს, რომ სკაიპით საუბრების გამო დააკავეს“.

დღესდღეობით სკაიპი მსოფლიოს უდიდესი საინტერნეტო სატელეფონო პროვაიდერია. მას მსოფლიოში 600 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.
პუჟეს თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინტერნეტში მოქმედი სატელეფონო სერვისები შესაძლოა უფრო ნაკლებად დაცული იყოს, ე.წ. მავნე პროგრამებია, რომლებიც საგანგებოდ ამ სერვისებში შეღწევისთვის არის შექმნილი:

„რამდენიმე ასეულ დოლარად შეძლებთ იყიდოთ მავნე პროგრამა და დააყენოთ სკაიპის მომხმარებელთა კომპიუტერებზე. გაგზავნი იმეილს, და თუ მომხმარებელი მასზე მიბმულ ფაილს გახსნის, მავნე პროგრამა ავტომატურად ჩაიტვირთება, ამის შემდეგ კი უკვე სკაიპში მიმდინარე საუბრების თუ ჩეთის ჩაწერა ხდება შესაძლებელი, ისევე როგორც სკაიპის ამ კონკრეტული მომხმარებლის საკონტაქტო პირების შესახებ მონაცემების მოპოვება“.

ამ მავნე პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეცვალა დინამიკა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არსებობდა 2010 წლის დეკემბერში „არაბული გაზაფხულის“ დაწყებამდე. „არაბული გაზაფხულის“ დროს დისიდენტები ინტერნეტს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების საიდუმლოდ ორგანიზების მიზნით იყენებდნენ. ამ გამოსვლებმა მთავრობები სახტად დატოვა და ეგვიპტეში, ტუნისსა და იემენში რეჟიმების დამხობა მოიტანა.

ამ მოვლენებმა ბევრ სხვა ქვეყანაშიც უბიძგა დისიდენტებს ინტერნეტი მიეჩნიათ უსაფრთხო ზონად, რომელთანაც მათ მთავრობებს ხელი არ მიუწვდებოდათ. მაგრამ ახლა უკვე ავტორიტარულმა მთავრობებმაც გაიაზრეს ინტერნეტის მნიშვნელობა და, შესაბამისად, ვითარება მნიშვნელოვნად გართულდა.
უფრო მეტი სიცხადე გვჭირდება. 2005 წელს სკაიპმა თქვა, არავინ გვისმენსო - და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მაშინ, როცა ხალხმა სკაიპის გამოყენება დაიწყო ...

მოსმენის და დაკვირვების გაზრდილი საფრთხის გამო, რამდენიმე უფლებადამცველმა ჯგუფმა - მათ შორის იყო „რეპორტიორები-უსაზღვრებოდ“ - სკაიპს მიმდინარე თვეში ღია წერილით მიმართა.

ამ წერილში ინტერნეტის გიგანტ ორგანიზაციას მოუწოდებენ მკაფიოდ განაცხადოს, რამდენადაა დაცული მის ქსელში შემდგარი საუბრების კონფიდენციალობა. მოწოდების გამოქვეყნების შემდეგ სკაიპის მფლობელმა მაიკროსოფტმა ჟურნალისტებს განუცხადა, წერილის შესწავლის პროცესში ვართო, თუმცა ღიად პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

ლონდონში განთავსებულ კომპანია Privacy International-ში მომუშავე ტექნიკის ექსპერტის, სემ სმიტის თქმით, სკაიპი იმ განცხადების გამო იყო უსაფრთხოდ მიჩნეული, რომელიც კომპანიამ 2005 წელს თავად გაავრცელა და მომხმარებელი დაარწმუნა, „არავინ გისმენთო“. თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 2011 წელს სკაიპი მაიკროსოფტმა 8.5 მილიარდ დოლარად შეისყიდა, კომპანია მსგავსი განცხადებებით აღარ გამოსულა:

“უფრო მეტი სიცხადე გვჭირდება. 2005 წელს სკაიპმა თქვა, არავინ გვისმენსო - და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მაშინ, როცა ხალხმა სკაიპის გამოყენება დაიწყო. სკაიპი იაფი, [დიდწილად] უფასო და თან უსაფრთხო იყო. ეს თუ შეიცვალა, სკაიპის მომხმარებლებს აქვთ უფლება იცოდნენ, რატომ და რა კუთხით მოხდა ცვლილება, რათა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეძლონ“.

სანამ მომხმარებლები სკაიპისგან მეტ ინფორმაციას ელიან, ექსპერტთა ნაწილი აქტივისტებს ურჩევს უფრო ყურადღებით დაფიქრდნენ იმ საკომუნიკაციო გზებზე, რომლებითაც ინტერნეტში სარგებლობენ.

პუჟე ამ რჩევას ასე აყალიბებს:

„იქნებ საკუთარ თავს ჰკითხოთ - ნამდვილად მჭირდება ინტერნეტით ლაპარაკი? იქნებ ტექსტური ჩეთი იყოს საკმარისი? და თუ ჩეთი ნამდვილად გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ რამდენიმე ძალიან ეფექტიანი ალტერნატიული ქსელი გამოიყენოთ, რომლებიც სხვასთან ჩეთის პროცესში თქვენ მიერ დაბეჭდილ ტექსტს დაშიფრავს და დაცულს ხდის“.

ამასთან, ექსპერტები გვირჩევენ განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ სერვისპროვაიდერების პოლიტიკას ინფორმაციის შენახვასთან მიმართებით. ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია როგორ იქცევა ესა თუ ის კომპანია მაშინ, როცა მას სამთავრობო ძალები შენახულ ინფორმაციასთან დაშვებას სთხოვენ.

სმიტის თქმით, ამ ინფორმაციის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან თუ პროვაიდერს ახასიათებს შენახულ ინფორმაციასთან მესამე მხარის დაშვება, მაშინ დაშიფრული მონაცემების ძიებაც ადვილად გახდება შესაძლებელი.
ის, თუ რა პირობებში და რა დონემდე შეუძლიათ მთავრობებს ინტერნეტში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა, პროვაიდერებს და მთავრობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე უთანხმოების გამომწვევი საგანია. ამ საკითხთან მიმართებით პოზიციათა მთელ სპექტრს შეხვდებით - როგორც ინტერნეტკომპანიებს, ისე მთავრობებს შორის.
XS
SM
MD
LG