სირიის კონფლიქტი მერვე წელს ითვლის. ყველაფერი 2011 წლის მარტში, ქალაქ რედააში დაიწყო. „არაბული გაზაფხულით“ შთაგონებულმა ახალგაზრდებმა კედლებზე ანტისამთავრობო გზავნილები დატოვეს. ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა დააკავა. გავრცელებული ცნობებით, ისინი აწამეს.
2011 წელს საპროტესტო გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვდნენ. სირიის უსაფრთხოების ძალებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ათობით დემონსტრანტი. მალევე სამთავრობო არმიიდან გამოყოფილმა სამხედროებმა სირიის თავისუფალი არმია შექმნეს. კონფლიქტში ჩაერთო არაერთი ეთნიკური და რელიგიური დაჯგუფება, მათ შორის, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.
კონფლიქტის პროცესში ჩაერთვნენ საერთაშორისო მოთამაშეები, მათ შორის, აშშ და რუსეთი. 2013 წლიდან დღემდე სირიაში რამდენჯერმე გამოიყენეს ქიმიური იარაღი. რასაც ასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები ემსხვერპლნენ. ბოლო ცნობა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ 2018 წლის აპრილში გავრცელდა. ქალაქ დუმაში დაიღუპა 70 ადამიანი. ამ ფაქტს 11 აპრილს „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სირიის მთავრობის მოკავშირე რუსეთი გააფრთხილა "მოემზადოს", რადგან "რაკეტები იქნება". მეორე დღეს, ისევ ტვიტერზე, ტრამპმა დაწერა: "არასოდეს მითქვამს, როდის იქნება სირიაზე თავდასხმა. შესაძლოა, ეს ძალიან მალე მოხდეს ან არცთუ ძალიან მალე!“
სირიის კონფლიქტისას განადგურდა არაერთი ისტორიული ძეგლი, მათ შორის ქალაქ პალმირაში. განადგურდა ალეპოს ისტორიული ძველი უბნები.
2018 წლის 22 მარტს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ასადის ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა სირიის 55 %-მდე. ოპოზიცია - „სირიის დემოკრატიული არმია“ (მათ შორის, ქურთული დაჯგუფებები) - ფლობს ქვეყნის 27 %-ზე მეტს. ტერიტორიის 6 % უკავია ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”.
გაეროს მონაცემებით, 2011 წლიდან დღემდე სირიაში 400 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 12 მილიონს აღწევს.