Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოელის საქართველო, თუკი სირიაში ომი დაიწყება


აქცია თეთრ სახლთან
აქცია თეთრ სახლთან
ვიდრე გაეროს ექსპერტები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას სწავლობენ, ხოლო შეერთებული შტატები სამხედრო კოალიციისთვის მოკავშირეების ძებნას განაგრძობს, მსოფლიოში აქტიურად განიხილება ომის შესაძლო ვარიანტები, ზეგავლენები და შედეგები. გამონაკლისს ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს. რას ფიქრობენ ანალიტიკოსები - რა შეიძლება მოელოდეს საქართველოს სირიაში ომის დაწყებისა და ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რა როლს შეასრულებს ამ პროცესში რუსეთი და შესაძლებელია თუ არა ხიფათის პრევენცია?

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა, 29 აგვისტოს კენჭისყრის შედეგად, მხარი არ დაუჭირა სირიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელების იდეას და მანამდე ასევე მოიქცა გერმანიის საკანონმდებლო ორგანოც, ამ იდეის გარშემო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს შეერთებული შტატები. მართალია, ბრალდებული მხარე უარყოფს, მაგრამ თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა და ამისათვის შესაბამისი საფასურიც უნდა გადაიხადოს. „პრეზიდენტ ობამას დავალებით, ჩვენ, ყველას, და მისი „ეროვნული უშიშროების“ გუნდს მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. პრეზიდენტს სჯერა და მეც მჯერა, რომ ვინც ქიმიურ იარაღს იყენებს დაუცველი ადამიანების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა სამშაბათს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ამ ეტაპზე შედარებით უპრობლემოდ გამოიყურება საფრანგეთი. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მისი ქვეყანა „მზად არის დასაჯოს“ ისინი, ვინც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა სირიელი მოქალაქების წინააღმდეგ. წინასწარი ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში სირიის საკითხზე კენჭისყრა მომავალი კვირის ოთხშაბათისთვის, 4 სექტემბრისთვის, არის დაგეგმილი. თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას, დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, პროცესებზე ნაკლები ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საფრანგეთის შემთხვევაში.
ირანი შეიძლება შეეცადოს, რომ რეგიონში სიტუაცია აურიოს და ძალიან ძვირად დაუსვას ამ პროცესში ჩარევა ამერიკას. ეს იქნება ყველაზე ცუდი ჩვენთვის, რადგანაც საქართველო ჩათრეული აღმოჩნდება რაღაც ფორმით...
თორნიკე შარაშენიძე

თუმცა სამხედრო ოპერაციის დასაწყებად საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივმოქმედი წევრის ერთიანი გადაწყვეტილება, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გარდა, ამ ჯგუფში ჩინეთი და რუსეთიც არიან - ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სირიაში შეჭრის იდეას. განსაკუთრებული წინააღმდეგობა მოსკოვიდან მოდის, რომლის განცხადებითაც, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება და ეს„გამოწვევა“ იქნება გაეროს ქარტიისათვის. რუსეთი მოითხოვს, რომ შემდგომი მოქმედებები გაეროს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით განისაზღვროს.

იმ ექსპერტთა პირველადი დასკვნა, რომლებიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების (21 აგვისტოს გახმაურებულ) ბრალდებას უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე შეისწავლიან, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნისთვის კვირის მიწურულს გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, გაეროს ექსპერტები სირიას შაბათს დატოვებენ.

სამხედრო ოპერაციის რეალური მოსალოდნელობის ფონზე, ანალიტიკოსები რისკებს აფასებენ საქართველოშიც, რადგანაც საქმე არცთუ შორეულ ქვეყანას - სირიას შეეხება. არეულობა სირიაში 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც მეამბოხეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობას დაუპირისპირდნენ და მას შემდეგ ამ პროცესმა ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

როცა მოვლენათა მოსალოდნელ განვითარებაში ყველაზე უარეს სცენარზე ლაპარაკობს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კონფლიქტში ირანის ჩართვაზე აკეთებს აქცენტს:

”ირანი შეიძლება შეეცადოს, რომ რეგიონში სიტუაცია აურიოს და ძალიან ძვირად დაუსვას ამ პროცესში ჩარევა ამერიკას. ეს იქნება ყველაზე ცუდი ჩვენთვის, რადგანაც საქართველო ჩათრეული აღმოჩნდება რაღაც ფორმით. მართალია, ჩვენ არანაირი სამხედრო შეთანხმება არ გვაქვს ამ მხრივ ამერიკასთან, მაგრამ რეგიონში სიტუაცია აირევა და ძნელი სათქმელია, რა შედეგები მოჰყვება ამას. ირანის სპეცსამსახურები შეეცდებიან დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, სულ მცირე, ალბათ, აზერბაიჯანში მაინც და, ალბათ, ჩვენც გადმოგვწვდება ეს არეულობა”.

რეგიონში თამაშის საკუთარი წესების შენარჩუნების მიზნით, თორნიკე შარაშენიძისთვის საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ, სირიაში ომის დაწყების შემთხვევაში, ირანი ამ სცენარით გააქტიურდება. თუმცა ანალიტიკოსი თვლის, რომ უშუალოდ საქართველოს წინასწარ განზრახულად მიზანში არავინ ამოიღებს და რომ ამას, კონკრეტული მოტივაციის არარსებობის გამო, არც რუსეთი გააკეთებს.

იმ ვერსიას, რომ, სირიაში ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი დროს იხელთებს და საქართველოს დაუპირისპირდება, არც სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი გიორგი გვიმრაძე იზიარებს. ანალიტიკოსის აზრით, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ რუსეთს ამ ეტაპზე ასეთი გეგმა ჰქონდეს. თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, გიორგი გვიმრაძე ერთ სახიფათო რისკ-ფაქტორზე მაინც ამახვილებს ყურადღებას:
გიორგი გვიმრაძე
გიორგი გვიმრაძე

”რამდენიმე ათეული გარდაცვლილი სირიიდან უკვე ჩამოასვენეს პანკისის რეგიონში - ანუ ჩვენი, პანკისელი ახალგაზრდები, რომლებიც იბრძვიან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სირიაში. არის ასევე რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ჩრდილოკავკასიიდან იბრძვის ასადის წინააღმდეგ სირიაში. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ადამიანებს დასჭირდებათ უკან დაბრუნება და ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დერეფანი. ამ დერეფნის გაკონტროლებას რამდენად შევძლებთ, ამაზე ძალიან მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა”.

სირიაში სამხედრო ბაზის შენარჩუნებით ფრიად დაინტერესებული ქვეყნის, რუსეთის ფაქტორს, ომის დაწყების შემთხვევაში, საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნევს ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლოა დასავლეთს რუსეთმა, სირიის კოზირის დათმობის გამო, სამაგიერო გადაუხადოს და, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, ჯავრი ისევ საქართველოსთან მიმართებით იყაროს:

”კვლავ სერბეთისა და კოსოვოს ანალოგიას თუ მოვიხმობთ... რუსეთისთვის ლოგიკურად ძალიან მტკივნეული უნდა იყოს გავლენის სფეროს დათმობა, რადგან სირიის სახით ის კარგავს ბოლო ფორპოსტს მისთვის მეტად მნიშვნელოვან რეგიონში და ამისი ანაზღაურება არ მოახდინოს ისევ საქართველოს ხარჯზე და სოჭის ოლიმპიადის შემდეგ (რადგანაც მანამდე სამხედრო აქტივობა რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად გამორიცხულია), სამაგიეროს გადახდა არ მოიწადინოს საქართველოს სახით და ამით კიდევ უფრო არ გაამყაროს თავისი ყოფნა კავკასიის რეგიონში”.

ხათუნა ლაგაზიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ამ სიტუაციიდან მხოლოდ სიფრთხილე და წინდახედულება იხსნის და რომ ხელისუფლებამ საგანგებო ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის რუსეთს არანაირი საბაბი და დასაყრდენი არ მისცეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG