Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტატიული ეკლესიების ბიზნესი სერბიაში


პორტატიული ეკლესია
პორტატიული ეკლესია
სერბიაში მცხოვრები ერთი ოჯახი ახალ ბიზნესს იწყებს - პორტატიული, მცირე ზომის ეკლესიების, რომლებსაც მიაწვდიან ყველას, ვისაც თავის ეზოში ღვთისმსახურებისთვის ადგილის გამოყოფა სურს. როგორც რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ჟურნალისტი ივა მარტინოვიჩი იუწყება, ამ წამოწყებას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მხარს უჭერენ, თუმცა ამ სიახლეს ოპონენტებიც ჰყავს. გთავაზობთ ჩვენი რადიოს ბალკანური სამსახურის მიერ მომზადებულ მასალას.
ეკლესია მოხატულია - მხოლოდ კაბელი გჭირდებათ, რომ ის ელექტროენერგიას მიუერთოთ და ათ წუთში მზად იქნება ყველაფერი...

მანჩიჩების ოჯახმა სერბიაში პოტენციურად ძალიან მომგებიანი ბიზნესი წამოიწყო. მათ გააკეთეს პორტატიული, მცირე ზომის ეკლესია, რომელიც შესაძლებელია მიაწოდონ ყველას, ვისაც კი თავის ეზოში ღვთისმსახურებისთვის ადგილის გამოყოფა უნდა.

ქვისა და რკინისგან დამზადებულ, ხუთტონიან კონსტრუქციას მოჰყვება ჯვარი, სამრეკლო, საკურთხეველი და ხატები. შენობაში 15-მდე ადამიანი შეიძლება დაეტიოს.

პროექტის იდეის ავტორები არიან სვეტისლავ მანჩიჩი და მისი ვაჟი, გორანი.

როგორც სვეტისლავ მანჩიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს იდეა ჯარში სამსახურის დროს დაებადა, რადგან პორტატიულ ეკლესიებს იქაც იყენებდნენ:

„ჩვენ მათ მივაწვდით ყველა რესტორანს, რომლებიც ქორწილების ორგანიზებას ახდენენ, ყველა სასტუმროსა თუ საავადმყოფოს. საამისოდ მხოლოდ კურთხევა გვესაჭიროება სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან - სამშენებლო ნებართვები საჭირო არ არის. ყველაფერს, უბრალოდ, სატვირთო მანქანაზე დავაწყობთ და დანიშნულების ადგილზე ჩავიტანთ. ეკლესია მოხატულია - მხოლოდ კაბელი გჭირდებათ, რომ ის ელექტროენერგიას მიუერთოთ და ათ წუთში მზად იქნება ყველაფერი. მას ზარიც მოჰყვება, რომელიც 17 კილოგრამს იწონის. ზარის დარეკვა თოკის მოქაჩვით შეგიძლიათ, თუმცა ესეც შეიძლება ელექტრონულად გაკეთდეს.“
პატარა სოფლებიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, დიდი ზომის ეკლესია არ გვინდა, ასეთს კი მთავარ მოედანზე დავდგამთო...

პორტატიული ეკლესიის შეკვეთა ინტერნეტითაც იქნება შესაძლებელი. ყველაზე იაფი მოდელის ღირებულება დაახლოებით 12,000 ევროა. ფასი ცვალებადია და შემკვეთის გემოვნებაზეა დამოკიდებული - მის მიერ არჩეული ქვის ხარისხზე თუ ჯვრისა და საკურთხევლის ზომაზე.

სვეტისლავის ვაჟი, გორანი, ამბობს, რომ ეკლესიებმა უკვე მიიქციეს შემკვეთების ყურადღება:

„ხალხს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება სურს. ზოგიერთს უფრო დიდი ზომის ნაგებობა უნდა, სხვებს - შედარებით მცირე, თუმცა ეს ჯერჯერობით ექსპერიმენტული მოდელია. ჩვენ ჯერ კიდევ ბაზრის გამოცდას ვაწარმოებთ. პატარა სოფლებიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, დიდი ზომის ეკლესია არ გვინდა, ასეთს კი მთავარ მოედანზე დავდგამთო. ასევე დაგვირეკა კაცმა, რომელიც კერძო სასაფლაოს მფლობელია. სხვა პოტენციურ კლიენტს თავის აგარაკზე უნდა მისი დადგმა და მცირე ზომის მოდელი სჭირდება. ველაპარაკე ასევე ბელგრად-ნიშის დამაკავშირებელი გზატკეცილის მფლობელს.“

მანჩიჩების ოჯახი მიიჩნევს, რომ თანამედროვეობას უწყობს ფეხს. დღეს ყველაფერი თუ იყიდება, ეკლესიები რატომ არ შეიძლება გაიყიდოსო, - სვამენ ისინი შეკითხვას.
ჩვენ კლერიკალურ სახელმწიფოდ ვიქეცით. ფაქტობრივად, აღარ არსებობს არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხატებს და მღვდლებს ვერ ნახავთ...

თუმცა ბელგრადში მცხოვრები სოციოლოგი, რატკო ბოზოვიჩი, ამ წამოწყებას კრიტიკულად უყურებს:

„ჩემი აზრით, უგუნურობა სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს და მასთან ერთად ჩვენი საჭიროება, დახმარება იქ ვეძებოთ, სადაც ვერ ვნახავთ. არ არსებობს ადეკვატური პოლიტიკური ცხოვრება, კულტურა, აღარაფერი დაგვრჩა რაციონალური. მოვლენებს პოპულისტური ტალღა განსაზღვრავს, რომელიც ახლა უკვე შოუბიზნესად იქცა. ყოველივე ეს ერთი დიდი ამბის ნაწილია.“

ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორის, ლიუბისა რაიჩის აზრით, პორტაბელური ეკლესიების მოდაში შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ იზრდება საზოგადოებაზე სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა.

„ბოლო 25 წელიწადია ეკლესია თავის გავლენას აფართოებს და მას ზურგს სახელმწიფო უმაგრებს. ჩვენ კლერიკალურ სახელმწიფოდ ვიქეცით. ფაქტობრივად, აღარ არსებობს არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხატებს და მღვდლებს ვერ ნახავთ. ისინი ყველგან არიან - პოლიციაში, ჯარში, სამინისტროებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში. ეზოში ჩამდგარი მცირე ზომის ეკლესია სტატუსის სიმბოლოა - რომ საკმარისი ფული გაქვთ ეკლესიის საყიდლად და მღვდლის გამოსაძახებლად. ეს ქმნის მცდარ განცდას, რომ ცოდვები მიგეტევათ. გარესამყაროს ვაჩვენებ, რომ მე უკეთესი სერბი ვარ, ვიდრე ისინი, ვისაც თავიანთ ეზოში არ აქვთ ეკლესია. ამით კი იმის თქმა მინდა, რომ სერბია სერბების ქვეყანაა - ყველა დანარჩენები აქ მხოლოდ სტუმრებს წარმოადგენენ“, ამბობს ლიუბისა რაიჩი და განაგრძობს:
ქალაქ ნიშის ეპისკოპოსისგან კურთხევა ძალიან მალე უნდა მივიღოთ. მოლაპარაკებები გავმართეთ, მათ ჩვენი ეკლესიის მოდელი ნახეს და კურთხევასაც კვირის ბოლომდე მოგვცემენ...

„ხორვატიაში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, ლოცვის ტექსტი უნდა შევცვალოთ და „სახელითა მამისათა, ძისათა და წმინდისა საკუთრებისათა“ უნდა წარმოვთქვათო. სერბიაში კი პორტაბელური ეკლესია გააკეთეს და მღვდლებს იქ მისვლისთვის აუცილებლად გადაუხდიან ფულს. რაღაც გარიგება აუცილებლად შედგება. როგორც ბალკანეთში ვამბობთ ხოლმე, ‘ადამიანები ვართ, როგორმე გავრიგდებით’.“

მანჩიჩების ოჯახი ამბობს, რომ მობილურ ეკლესიებზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვთ, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი შენობა არ გაუყიდიათ. ამისათვის მათ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ნებართვა ესაჭიროებათ და დამოწმება, რომ ყოველი ნაგებობა მისი წესებისა და სტანდარტების დაცვით არის შექმნილი.

„ქალაქ ნიშის ეპისკოპოსისგან კურთხევა ძალიან მალე უნდა მივიღოთ. მოლაპარაკებები გავმართეთ, მათ ჩვენი ეკლესიის მოდელი ნახეს და კურთხევასაც კვირის ბოლომდე მოგვცემენ“, - ამბობს პროექტის ავტორი ოჯახის წარმომადგენელი, სვეტისლავ მანჩიჩი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG