Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარს დევნილები ზუგდიდში საპროტესტო აქციით დახვდნენ


 საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

ახალი უბნის მცხოვრებლები დევნილთა და განსახლების მინისტრს ზუგდიდში აქციით შეხვდნენ. სოზარ სუბარს, რომელიც მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული 14 ოჯახისთვის გადაცემული ახალი სახლების დასათვალიერებლად ჩამოვიდა, აქციის მონაწილეები გუბერნატორის ადმინისტრაციასთან დახვდნენ.

15-მდე დევნილი შემდეგი ტრანსპარანტებით მივიდა: „ბატონო სოზარ, ჩვენ მოვითხოვთ ახალი ჭაბურღილის დამონტაჟებას“, „ჭაბურღილი დამონტაჟდეს კანალიზაციის ჭის მოშორებით“, „დევნილთა დასახლებაში 111 ადამიანი წყლით მოიწამლა, მათგან 38 ბავშვია“...

ახლა გვაწოდებენ წყალს, მაგრამ იმასაც არ აქვს გარანტია, როგორი წყალია, არის თუ არა სუფთა, საიდან მოდის, საიდან მოაქვთ. არანაირი გარანტია არ გვაქვს...
ჟანა გოგოხია

აქციის მონაწილეების განცხადებით, უკვე თვეზე მეტია დასახლებაში წყალს ხელით ეზიდებიან და არც იციან, როდემდე მოუწევთ ამ პირობებში ცხოვრება. თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება არ ხდება.

„ჩასახლებულია 320 ოჯახი და ყველას წყლის პრობლემა აქვს. ახლა გვაწოდებენ წყალს, მაგრამ იმასაც არ აქვს გარანტია, როგორი წყალია, არის თუ არა სუფთა, საიდან მოდის, საიდან მოაქვთ. არანაირი გარანტია არ გვაქვს“, - ამბობს ჟანა გოგოხია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა პრობლემის უმოკლეს ვადებში მოგვარების პირობა დადო. სოზარ სუბარის განცხადებით, უკვე ცნობილია წყლის ექსპერტიზის პასუხი და უმოკლეს ვადაში რეგიონალური განვითარების სამინისტრო დაიწყებს სამუშაოებს, რათა დევნილებს ჰქონდეთ გამართული წყალმომარაგების სისტემა:

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

„შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან მალე დაიწყებს, ეს კვირების და დღეების ამბავია, მათ ექნებათ აბსოლუტურად სრულყოფილი წყლის მომარაგების სისტემა. მოგეხსენებათ, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მოხდა ეს, უბრალოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო განმახორციელებელი. არ ვიცი, მაშინ რატომ მოხდა, რომ წყლის ის სიღრმე არ იქნა აღებული. როგორც ჩანს, მაშინ არ იყო სრულყოფილი დასკვნა, მაგრამ ამ წუთისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ახლა არის აბსოლუტურად სრულყოფილი დასკვნა და მის საფუძველზე გაკეთდება წყლის მომარაგების სისტემა“.

ზუგდიდის ახალ უბანში წყლის დაბინძურების პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. შედეგად, საერთო ჯამში 111 მცხოვრები მოიწამლა, მათ შორის, 38 ბავშვი. დასახლებაში წყალი ავზებით შეაქვთ. ყოველდღიურ რეჟიმში დევნილებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მანქანა ემსახურება.

XS
SM
MD
LG