Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში საჯარო მოხელეთა ნაწილს ხელფასი გაეზარდა


ზუგდიდი
ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულ მთავარ სპეციალისტებს ხელფასი 200, ხოლო წამყვან სპეციალისტსა და სპეციალისტს 100-100 ლარით გაეზარდათ. შესაბამისი დადგენილება საკრებულომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას ცნობით, საუბარია, ჯამში, 64 თანამშრომელზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 90-დან 100-ათასამდე ლარი დაიხარჯება. საკითხის მიღებას წინ უძღოდა კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება. საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე მოუწია დეპუტატებისთვის შეხსენებამ ეთიკურად საუბრის ვალდებულების შესახებ.

იმ ფონზე, როცა მოქალაქეების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდა მიუღებელი აღმოჩნდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ფრაქციის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის მოქმედი ხელისუფლების პირველი გადაწყვეტილება ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით.

„თურმე ქალაქში ისე გვქონია საქმე, რომ ისედაც გაზრდილი ხელფასები კიდევ უფრო გაზარდეს. ეს არის ძალიან დიდი უსინდისობა, როცა ხალხი არის მშიერი და როცა არსებობს ამდენი სოციალურად დაუცველი, როდესაც უფასო სასადილოში ორჯერ მეტი ბენეფიციარია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თანაფრაქციელის ბათლომე შელიას განცხადებით კი, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ხელფასების გაზრდა საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის და არა საჯარო მოხელეებისთვის.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ საჯარო მოხელეთა მაღალ ხელფასებზე საუბრისას უმრავლესობის დეპუტატებმა შეახსენეს წინამორბედი ხელისუფლების მიერ წელიწადში რამდენჯერმე გაცემული პრემიები, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა. უმრავლესობის აღნიშნულ კრიტიკას დაეთანხმა დეპუტატი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავა. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველები არც მაშინ იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში. მან გააკრიტიკა ასევე მოქმედი ხელისუფლება ხელფასების გაზრდის გამო:

„ერთსა და იმავე საკითხზე ვლაპარაკობთ ორი წლის განმავლობაში. ჯერ იყო ის ხელფასები, ახლა ეს ხელფასი. აქ კიდევ მეორეა: თქვენ ამათ რომ უთითებთ, არც თქვენს დროს იყო მეყვავილე დალხენილი“.

მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ნაწილისთვის ხელფასების გაზრდაში „ტრაგედიას“ ვერ ხედავს დეპუტატი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ლაშა ფარცვანია, თუმცა საკითხის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, რადგან, მისი განმარტებით, ამ ეტაპისთვის ხელფასი მასწავლებლებისთვის უნდა გაეზარდათ და არა საჯარო მოხელეებისთვის.​

„ძალიან ბევრ სფეროს სჭირდება შველა არანაკლებ, ვიცით. დიახ, ბაღის მასწავლებლებზე რაც იყო ნათქვამი... ჩვენი პოლიტიკა არის იქითკენ მიმართული, რომ მათ გაეზარდოთ ხელფასები. და თუ ყველას ერთდროულად ვერ გაეზარდა ხელფასები, ეს ბუნებრივიც არის და ლოგიკურიც არის“, - განაცხადა ოპოზიციის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ.

თავის მხრივ, განმარტება გააკეთა სხდომაზე მყოფმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა. მურთაზ ბოკუჩავას თქმით, მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტსა და სპეციალისტს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოს შესრულება უწევთ და რადგანაც ბიუჯეტი იძლეოდა ამის საშუალებას, თანამშრომლებს მცირედით გაუზარდეს ხელფასი.

XS
SM
MD
LG