ეკა ხუციშვილი და სოფო ასათიანი დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე
14 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკა ხუციშვილი, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი და სოფო ასათიანი, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის პროექტის კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციებზე. სოფო ასათიანმა ილაპარაკა საკითხის ისტორიასა და არსზე - რომ ასეთი მექანიზმის შექმნის მიზანი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებაა, რაც თავის მხრივ ასეთი დანაშაულის პრევენციის საშუალებაა. ეკა ხუციშვილმა განმარტა, რატომ არის არსებითი ასეთი მექანიზმის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ ბოლო წლებში სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ათეულობით შუამდგომლობა სრულიად უშედეგოდ დასრულდა. სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ეფუძნება პრაქტიკას - იმ შემთხვევებშიც, როცა სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო, ის არ დასრულებულა პირის პასუხისგებაში მიცემით. სოფო ასათიანმა ილაპარაკა ხელისუფლების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს პროკურატურის სისტემაში დეპარტამენტის შექმნას და ილაპარაკა აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების პროექტზე, რომელშიც ჩადებულია უწყების დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველმყოფი მექანიზმები (მათ შორის - უწყების ხელმძღვანელის შერჩევა-დანიშვნის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად). ეკა ხუციშვილის თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ტიპის უწყებები არსებობს განვითარებულ ქვეყნებშიც და ეს სრულიად არ ხელყოფს სამართალდამცავი სტრუქტურების რეპუტაციას, არამედ არის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების და აგრეთვე დანაშაულის ჩადენის ეფექტიანი პრევენციის საშუალება.