Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძის „შეუსრულებელი მისია“?


ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ აბაშიძე
ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე დანიშნა. ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ გამოცდილი დიპლომატი გამოიყენებს მდიდარ გამოცდილებას და შეძლებს რუსეთ-საქართველოს შორის გაწყვეტილი კულტურულ-ეკონომიკური კავშირების აღდგენას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება თავის სპეციალურ წარმომადგენლად დაენიშნა ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის შექმნილი ვითარება არაორდინარულად მძიმეა, მდგომარეობის გამოსწორების მცდელობაც საგანგებო მიდგომას საჭიროებს:

„ძალიან სერიოზული თანამდებობაა. პირდაპირ მე მექვემდებარება. ბატონმა ზურაბმა კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი. ჩვენ ველოდებით, რომ შესატყვისი ნაბიჯი გაკეთდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ის ფორმატი, რაც არსებობს ჩვენს ურთიერთობებს შორის (ჟენევის ფორმატს ვგულისხმობ), აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის უფრო მაღალი საფუხური და ახალი გზა იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები შეიცვალოს და დაბალანსდეს“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ლოგიკურია, რომ ურთიერთობის აღდგენა დაიწყოს შედარებით მარტივი და ნაკლებად მტკივნეული საკითხებით და რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე აღდგეს კულტურული და ეკონომიკური კავშირები, რაც, ივანიშვილისვე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გაცხადებულ საგარეო კურსსა და პრიორიტეტებზე:
ასეთი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება იმაზე მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხს ...
ზურაბ აბაშიძე

„ჩვენი სტრატეგია რჩება უცვლელი. ელჩის დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცვლით სტრატეგიას. ევროპაზე უკეთესი არჩევანი ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე, ნატო, უსაფრთხოების მხრივ, და ა.შ. ჩვენ ასევე უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. მესმის, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და ორივე განვახორციელოთ: რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები და ნატოსკენ სწრაფვა არ შევანელოთ“.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზურაბ აბაშიძე, მდიდარი დიპლომატიური გამოცდილებითა და პირადი კავშირებით რუსეთის ფედერაციაში, შეძლებს ურთულესი მისიის შესრულებას. თავად ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ახალი თანამდებობის შემოღებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჟენევის ფორმატის პარალელურად, ქმნის რუსეთთან ურთიერთობისა და დიალოგის ახალ დამოუკიდებელ არხს.

„ასეთი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება იმაზე მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხს. ასე რომ, პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ბურთი, როგორც იტყვიან, რუსეთის მხარესაა და დაველოდოთ რა რეაქცია იქნება იქიდან. დღესდღეობით ვითარება მართლაც ჩიხურია იმის გამო, რომ მოჯადოებული წრეა შექმნილი მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული სამართლებრივი წრიდან, სწორედ ამის თაობაზეა საჭირო საუბარი რუსეთის მხარესთან“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთთან დიალოგისა და ურთიერთობის მოგვარების წინააღმდეგი არც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, თუმცა, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით დარჩიაშვილი ამბობს, ბუნდოვანია ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევის გზები. დარჩიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში მთავარი არც თანამდებობაა და არც დიპლომატის გამოცდილება:
რუსეთის ფედერაცია ღიად და სიხარულით წამოვა საზღვრის გახსნაზეც, ბაზრის გახსნაზეც და კულტურულ ურთიერთობებზეც, მაგრამ სწორედ ამაზე გაიყინება და იტყვის, რაღაც-რაღაც ურთიერთობები ხალხთან დავალაგეთ და ახლა აღიარეთ ახალი რეალობაო ...
თენგიზ ფხალაძე

„მთავარია შინაარსი, არსი საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და როგორ ესმის ის ივანიშვილის მთავრობას. ეს ბადებს კითხვის ნიშნებს: რანაირად არის შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რომლის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა წინა ხელისუფლება, თუკი საქართველო კვლავ გააგრძელებს თავისი სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების ძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. თუ არ გააგრძელებს, მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნის ერთადერთი სწორი არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. თუ გააგრძელებს, მაშინ საკითხავია, რანაირად მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას?“

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძეც მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იმდენად რთული და ჩახლართულია, რომ თვით ისეთ გამოცდილ დიპლომატსაც კი, როგორიც ზურაბ აბაშიძეა, გაუჭირდება არსებული მოცემულობის შეცვლა. ამასთან, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ არამართებულია საკითხისადმი ფრაგმენტული მიდგომა და რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამის შემუშავება.

„როგორი პოლიტიკა უნდა გავატაროთ? რა არის პირველ და რა მეორე რიგში დასაყენებელი საკითხი? - ეს ყველაფერი უნდა იყოს დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თორემ რუსეთის ფედერაცია ღიად და სიხარულით წამოვა საზღვრის გახსნაზეც, ბაზრის გახსნაზეც და კულტურულ ურთიერთობებზეც, მაგრამ სწორედ ამაზე გაიყინება და იტყვის, რაღაც-რაღაც ურთიერთობები ხალხთან დავალაგეთ და ახლა აღიარეთ ახალი რეალობაო. იმისათვის, რომ ყოველივე ამას შემხვედრი ნაბიჯი დავახვედროთ, საჭიროა ფართო პროგრამის შემუშავება, ნაბიჯების წინასწარ მოფიქრება, რათა შუა გზაში არ მოგვიწიოს გაჩერება და რაღაც სიურპრიზის შემთხვევაში არ მოგვიწიოს სწრაფად არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება და ახალი სტრატეგიისა თუ ტაქტიკის შემუშავება“, უთხრა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG