Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ აპირებს ოკუპირებული რეგიონების სტატუსზე საუბარს


მოსკოვი, 2012 წლის 9 ოქტომბერი: სერგეი ლავროვის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან
მოსკოვი, 2012 წლის 9 ოქტომბერი: სერგეი ლავროვის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან
რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეეცდება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, რაც არ ნიშნავს, რომ მოსკოვი აპირებს საქართველოსთან მოლაპარაკებას ორი რეგიონის სტატუსზე. ეს პოზიცია სამშაბათს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოხატა სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავიდ სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ.

„რაიმე სახის მოლაპარაკების გამართვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე - ჩვენ არ ვაპირებთ არც საქართველოსთან, არც სხვასთან, რადგან ამ რესპუბლიკების ბედი უკვე გადაწყდა მათი ხალხების მიერ, რომლებმაც დამოუკიდებლობა აირჩიეს. და რუსეთმა თავისი პოზიცია განსაზღვრა ამ დამოუკიდებლობიv აღიარებით, რადგან 2008 წლის აგვიტოს ბოლოს დარწმუნებული იყო, რომ ეს არის ერთადერთი გზა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - მათი ხალხების გადარჩენის უზრუნველსაყოფადაც კი“, განაცხადა ლავროვმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით სანაკოევთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება - მისი ფორმირების შემდეგ - გაატარებს ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსს ...
სერგეი ლავროვი

ლავროვმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საქართველოს მხარეს კვლავაც მოუწოდებენ, ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რათა გამოირიცხოს, ლავროვის სიტყვებით, თბილისის დანაშაულებრივი ავანტიურის გამეორება. ამ მოთხოვნას რუსეთის მხარე ისევ დააყენებს ჟენევის მოლაპარაკებაზე, რომლის მორიგი, 21-ე რაუნდიც 10 ოქტომბერს იწყება.

თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავიდ სანაკოევმა ისაუბრა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარკების პერსპექტივაზე. „ვითანამშრომლებთ თუ არა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან - ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარმართავენ ისინი თავიანთ პოლიტიკას. ჩვენ, პირველ რიგში, შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ჩვენ ამ ქვეყანასთან დავამყარებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რაც ყოველთვის გვქონდა მიზნად დასახული“, განაცხადა მოსკოვში ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგნელმა, დავიდ სანაკოევმა.

კეთილმეზობლური ურთიერთობის პერსპექტივა დასახა სერგეი ლავროვმაც: „ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება - მისი ფორმირების შემდეგ - გაატარებს ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსს“.

თუმცა, ასეთი შეფასების გამოთქმის საფუძველს არ იძლევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის განცხადებები. როგორც ლავროვის მომავალმა კოლეგამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა 8 ოქტომბერს, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იოლი არ იქნება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული ამ სახელმწიფოს მიერ.
XS
SM
MD
LG