Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი: რა მოხდება ახლა


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი
რუსეთში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ბლოგერს, ალექსეი ნავალნის, გუშინ კი ის მოსკოვის მერობის კანდიდატად გაატარეს რეგისტრაციაში. როგორია ნავალნის სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივები განაჩენის გამოტანის ფონზე? როგორ განვითარდება მოვლენები ალექსეი ნავალნისთან მიმართებით?

ესაა მთავარი შეკითხვა, რომელსაც ახლა სვამენ ამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ბლოგერის გარეშემო.

ხუთშაბათს ნავალნი დამნაშავედ ცნეს "სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისებასა და გაფლანგვაში." მას ბრალად წაყენებული ჰქონდა 2009 წელს 500,000 დოლარის ღირებულების ხე-ტყის მასალების მითვისება და უკანონოდ გაყიდვა.

კიროვის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ სერგეი ბლინოვმა ნავალნის ხუთწლიანი პატიმრობა შემდეგი სიტყვებით მიუსაჯა:

„სასამართლომ ალექსეი ანატოლიევიჩ ნავალნი დამნაშავედ ცნო 2011 წლის 7 მარტის რედაქციის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში. მას მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდის შემდგომი პატიმრობის გარეშე, და ჯარიმა, 500,000 რუბლის მოცულობით, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაეხადოს. სასჯელს ის საერთო რეჟიმის ციხეში მოიხდის“.

ნავალნის განაჩენის გამოცხადებისთანავე ხელბორკილები დაადეს და სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

გავრცელებული ცნობებით, ამ ეტაპზე ნავალნი კიროვში მდებარე ერთ-ერთ საპატიმროში მოათავსეს, თუმცა, თუკი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრების შემდეგაც ძალაში დარჩება, უკვე ფედერალური სამსახურების გადასაწყვეტი იქნება ის, თუ სად მოიხდის ნავალნი სასჯელს. შესაძლოა ის კიროვში არ დატოვონ და სხვაგან გადაიყვანონ.

რაც შეეხება საკუთრივ გასაჩივრების პროცესს, ნავალნის ადვოკატებმა რაიონული სასამართლოს განაჩენი 10 დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ კიროვის საოლქო სასამართლოში, რომელმაც, თავის მხრივ, საჩივრის განხილვა 30 დღის ფარგლებში უნდა დაიწყოს.

საოლქო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომლის ვერდიქტიც უკვე საბოლოო იქნება. უზენაეს სასამართლოს შეუძლია უარი თქვას საქმის წარმოებაში მიღებაზე და ამ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გახდება საბოლოო.

ნავალნის მხარდამჭერები მის დაპატიმრებას აპროტესტებენ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00
გადმოწერა


ნავალნის ადვოკატები აცხადებენ, რომ თუ რუსეთში უშედეგოდ ამოწურავენ გასაჩივრების შესაძლებლობებს, მაშინ საქმეს წაიღებენ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. გაურკვეველია ამ პროცესს რამდენი დრო დასჭირდება და რა გავლენას იქონიებს ნავალნის უშუალო მდგომარეობაზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავალნის სხვა ბრალდებებიც ემუქრება.
რუსეთის პროკურორებმა კიდევ სამი საქმე აღძრეს ნავალნის წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება სასამართლოში გაგრძელდეს. ერთ-ერთი საქმე ეხება ბრალდებას, რომ ნავალნის ხელმძღვანელობით მოქმედმა სარეკლამო კომპანიამ 2007 წელს პოლიტიკურ პარტია „მემარჯვენე ძალების კავშირს“ 3 მილიონი დოლარი თაღლითობით გამოსძალა. მეორე საქმე ეხება ცნობას, რომ ნავალნისა და მისი ძმის მფლობელობაში მყოფმა საფოსტო კომპანიამ კოსმეტიკის ფირმა „ივ როშე“ მოატყუა. მესამე საქმე კი უკავშირდება ბრალდებებს, რომ ნავალნიმ კიროვის ოლქში სპირტიანი სასმელების ქარხნის უკანონო პრივატიზაციაში მიიღო მონაწილეობა.

მეც და მთელი ჩვენი ოჯახიც მას მხარს ვუჭერდით, ახლაც მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ. თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ ალექსეის მიერ წარმოებული გამოძიება შეწყდება, ეს არ მოხდება....
იულია ნავალნაია
პარალელურად, ალექსეი ნავალნი 8 სექტემბერს დანიშნულ მოსკოვის მერის არჩევნებში მერობის ერთ-ერთი კანდიდატია. მისი კანდიდატურა კიროვის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს გაატარა რეგისტრაციაში მოსკოვის საარჩევნო კომისიამ.

რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობის ექსპერტის ლეონიდ კირიჩენკოს თქმით, ყველა სააპელაციო პროცედურის ამოწურვამდე ნავალნის შეუძლია კამპანიის წარმოება:

„ჯერჯერობით ის კვლავაც კანდიდატია და შეუძლია აგიტაციის წარმოება, მის შტაბს შეუძლია ფუნქციონირება. ამას თავად მოსკოვის საარჩევნო კომისია ამბობს, კანონის გათვალისწინებით".

თუმცა ნავალნის პრესმდივანი ანა ვედუტა „ტვიტერით“ ავრცელებს ცნობას, რომ სასამართლოს განაჩენის შემდეგ ნავალნიმ შეიძლება უარი თქვას საარჩევნო კამპანიაზე და მოხსნას თავისი კანდიდატურა.

ნავალნის ნათქვამი აქვს, რომ ანტიკორუფციულ ქმედებებს ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს. ეს შეიძლება ნაწილობრივ მართლაც მოხერხდეს. მაგალითად, პატიმრობაში მყოფი ყოფილი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი ახერხებს ციხიდან კომუნიკაციას და დროდადრო სტატიებსა და მანიფესტებსაც აქვეყნებს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ნავალნის ცოლმა იულია ნავალნაიამ დაადასტურა, რომ მისი ქმრის საქიანობა გაგრძელდება:

„მეც და მთელი ჩვენი ოჯახიც მას მხარს ვუჭერდით, ახლაც მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ. თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ ალექსეის მიერ წარმოებული გამოძიება შეწყდება, ეს არ მოხდება. კორუფციასთან ბრძოლის ფონდი როგორც მუშაობდა, კვლავაც ისე გააგრძელებს მუშაობას“.

ამ ეტაპისთვის ბოლო ბლოგპოსტში ნავალნი მხარდამჭერებს მოუწოდებს ერთობლივი ძალებით გააგრძელონ კორუფციასთან ბრძოლა. ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის წევრებიც ამბობენ, რომ კვლავაც გამოიძიებენ და გამოაქვეყნებენ ცნობებს რუსეთის მთავრობისა და სახელმწიფო კომპანიების კორუფციული გარიგებების შესახებ.
XS
SM
MD
LG