Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კულტურის მინისტრმა „უაღრესად კონიუნქტურული“ უწოდა „ლევიათანს“


კადრი ფილმ „ლევიათანიდან“
კადრი ფილმ „ლევიათანიდან“

რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ „უაღრესად კონიუნქტურული“ უწოდა რეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის ფილმ „ლევიათანს“, რომელსაც 11 იანვარს პრესტიჟული „ოქროს გლობუსი“ ერგო „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის“.

გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ „ლევიათანს“ არაფერი აქვს საერთო რუსეთის სინამდვილესთან, რადგან ამ ფილმში მან ვერ დაინახა ვერც საკუთარი თავი, ვერც თავისი კოლეგები და ნაცნობები და ნაცნობების ნაცნობები.

მიმართავს რა სოციალისტური რეალიზმისათვის დამახასიათებელ მეტყველების სტილს, რუსეთის კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ ფილმი „ეგზისტენციური უიმედობით“ არის გამსჭვალული და მასში არ არის არც ერთი დადებითი გმირი.

ზვიაგინცევის ფილმი მოგვითხრობს რუსეთის გუბერნიის მკვიდრ ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე, რომელთა ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება იმის გამო, რომ მათი კუთვნილი მიწის მისაკუთრება სურს რაიონის გავლენიან მმართველს, რომლის მხარეზე არის პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ანდრეი ზვიაგინცევის ფილმ „ლევიათანს“ დიდი საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად: 11 იანვარს პრესტიჟული „ოქროს გლობუსი“ ერგო „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის“, ხოლო 15 იანვარს კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ ნომინირებულ უცხოენოვან ფილმებს შორის დასახელდა.

რუსეთის კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი ფილმის გადაღება შეიძლება აშშ-ში, საფრანგეთსა და იტალიაში, თუმცა იქ, სავარაუდოდ, ასეთი ფილმი არ მიიღებდა პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს. „საერთაშორისო აღიარების სურვილმა ეს ფილმი „უსაზღვროდ კონიუნქტურული“ გახადაო, - აცხადებს მედინსკი, რომელსაც განსაკუთრებით არ მოსწონს ის, თუ როგორ წარმოაჩენს რეჟისორი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. „ეს მე უკიდურესად მომხვდა გულზე, მაგრამ ამისთვის ავტორების გაკიცხვა არ არის ჩემი იპოსტასი. მხოლოდ იმას ვიტყვი - ყველას თავისი რწმენის მიხედვით მიეზღვებაო“, - აცხადებს კულტურის მინისტრი გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

ამასთან, მედინსკი გამოთქვამს იმედს, რომ ნიჭიერი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი, ფილმ „ლევიათანის“ შემოქმედი, სამომავლოდ შექმნის ფილმს, რომელიც თავისუფალი იქნება „ეგზისტენციური უიმედობისაგან“, რაზეც, როგორც რუსი მოხელე აცხადებს, რუსეთის გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა იხარჯებოდეს. მედინსკის მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ ზვიაგინცევის ფილმის გადაღება, ნაწილობრივ, რუსეთის კულტურის სამინისტრომ დააფინანსა.

XS
SM
MD
LG