Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაიას გამართლებისა და დავითაშვილის „ოცნებიდან“ გასვლის კვირა


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია
გასული კვირა დატვირთული იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით, თუმცა ყველა მათგანი გადაფარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, სხვა პირებთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი რამდენიმე ეპიზოდში:

„საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით გამორკვეულ მტკიცებულებათა შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი გამართლდნენ“. ჯამში, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ასევე უდანაშაულოდ ცნო გაერთიანებული შტაბების უფროსი გიგი კალანდაძე და სხვა შვიდი ოფიცერი. ლაპარაკია სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდებზე. ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ასევე გამართლდება კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ედება შვიდი სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით დევნა-წამებასა და ეგრეთ წოდებულ ციხის ბუნტის დროს უფლებამოსილების გადამეტებაში. დაცვისგან განსხვავებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა ბრალდების მხარე. განაჩენის მოსმენის შემდეგ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო:

„მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულებელყო 26 დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებები. საქმეში შეკრებილი მტკიცებულებები, 94 მოწმის ჩვენება და ასე შემდეგ არ გაიზიარა, საერთოდ, და გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. ასევე არასწორი იყო ცემის მუხლზე კვალიფიკაციის გადაყვანა, რასაც, შესაბამისად, გავასაჩივრებთ აუცილებლად“.
ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ძველი კორუმპირებული ელიტის მიერ „ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგ აღვირახსნილი რევანშის მცდელობა და ეს, როგორც ყველა რევანშიზმი და ყველა წარსულზე ორიენტირებული მცდელობა, ისტორიულად განწირულია მარცხისთვის...
მიხეილ სააკაშვილი

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ შეეწყალებინა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რომელსაც ორიოდე კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა სახელმწიფო ქონების მითვისების გამო. ყოფილ პატიმარს საპყრობილესთან თანაპარტიელები დახვდნენ.

„ეს იყო პოლიტიკური დევნა და, შესაბამისად, უკანონოდ იყო დაპატიმრებული, ამიტომ პრეზიდენტმა მიიღო კანონიერი და ზნეობრივი გადაწყვეტილება, როცა ხელი მოაწერა მისი შეწყალების განკარგულებას“, განაცხადა დეპუტატმა შოთა მალაშხიამ.

პრეზიდენტის განკარგულებით, თენგიზ გუნავას ნასამართლეობაც მოეხსნა, გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში კი ის ძველ თანამდებობაზე - პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად - დაინიშნა. თენგიზ გუნავას საქმის დეტალები მოხვდა სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც, რომელიც გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა მოისმინა. უჩა ნანუაშვილი დეპუტატების წინაშე 700 გვერდიანი ტექსტით წარდგა და ისაუბრა არასწორ ქმედებებზე წინასაარჩევნო პერიოდში, ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და ყოფილი სახელმწიფო მოხელეების დაკავების დროს გამოვლენილ დარღვევებზე:

„საუბარია ასობით და ათასობით ფაქტზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება სისტემური დანაშაულის ნიშნები. ძალიან ბევრ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. არის შემთხვევები, როცა დანაშაული არ დასტურდება ან დაზარალებულები უარს ამბობენ ახსნა-განმარტების მიცემაზე, თუმცა არის შემთხვევები, როცა ზეწოლის ფაქტები დასტურდება“.

სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ვრცელი ადგილი დაუთმო სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი ვითარების ანალიზს, თუმცა იმის გამო, რომ საანგარიშო პერიოდს არ დაემთხვა, მასში ვერ მოხვა პატიმარ ლევან კორტავას მკვლელობის საქმე, რომელიც გასულ კვირაში პროკურატურამ
განხორციელებული ძალადობის შედეგად, ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა...
პროკურატურის განცხადება
გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„...ნაცემ ლევან კორტავასთან, რომელიც სხვა პატიმრებთან ერთად მეექვსე კორპუსის მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, მივიდნენ ზემოხსენებული დაწესებულების პატიმრები ლაშა კვანტალიანი, შოთა სინაურიძე, გიორგი შემაზაშვილი, სოლომონ დაშნიანი, გელა უშხვანი, თეიმურაზ გურეშიძე და ნუგზარ ბუჩუაძე (მეტსახელად „რიჟა“), რომლებმაც სასაუბროდ გაიხმეს ლევან კორტავა N 336 საკანში, სადაც იგივე მიზეზით - მსჯავრდებულ შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფ ლევან კორტავას. ამასთან, ამ უკანასკნელის ცემა არ შეუწყვეტიათ გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა“.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულ ლევან კორტავას ხუთი პატიმარი სცემდა. ყველა მათგანზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პასუხისგებაში ასევე მიეცა გეგუთის მე-14 დაწესებულების ოთხი თანამშრომელი. გასულ კვირაშივე საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო ქსნისა და რუსთავის საპყრობილეებისკენ, სადაც რამდენიმე ათეული პატიმარი საქმეების გადახედვის მოთხოვნით შიმშილობდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ხურციძემ, რუსთავის მე-17 საპყრობილეში სხეულის ნაწილი პროტესტის ნიშნად საკმზე მიიჭედა. მოგვიანებით პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეხვდა.

გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა. 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. დავითაშვილმა, მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების უნიათობის გამო მიიღო:
კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

„ახალაიას გამართლების გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამარჯვებად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ახალაიას გამართლება არ არის დემოკრატიის ზეიმი. სასამართლო დამოუკიდებელია კანონისგან და თავისუფალია სინდისისგან. ის დამოკიდებულია იმ დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და თურმე კიდევ უნდა დავპირდეთ, რომ ასეთი დამოუკიდებლობა შენარჩუნდება. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ჩემთვის ასევე სამწუხარო და მიუღებელია, რომ როცა ჩვენი ხალხის ინტერესებს დაუპირისპირდა დამსაქმებლების, საკლასო მეპატრონეების, სადაზღვევო კომპანიების, მევახშეებისა თუ ბანკების ინტერესები, ჩვენ ყოველთვის ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი“.

გასული კვირის მიწურულს გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის ვრცელი მიმართვა, რომლის ადრესატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები არიან. სააკაშვილი თავის მომხრეებს საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიტატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ძველი კორუმპირებული ელიტის მიერ „ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგ აღვირახსნილი რევანშის მცდელობა და ეს, როგორც ყველა რევანშიზმი და ყველა წარსულზე ორიენტირებული მცდელობა, ისტორიულად განწირულია მარცხისთვის“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პარტიის სტრუქტურის გარდაქმნისა და რეორგანიზაციის აუცილებლობის შესახებაც ლაპარაკობს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG