Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირებები, რომ შენობა განახლდება - საიუბილეო საჩუქარი ზუგდიდის 148 წლის თეატრს


ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრი
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრი

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობა ექვემდებარება აღდგენას, რეკონსტრუქცია შესაძლებელია და დანგრევა საჭირო არ არის, - აცნობა ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ შემოქმედებით დასს თეატრის 148 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე.

„ახლა ძალიან მალე დავიწყებთ მცირე სცენის რეაბილიტაციას, რომ ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეს დასს. იმედი გვაქვს, რომ სრული რეაბილიტაციის პროექტი დაიდება წლის ბოლოსთვის და 2017-2018 წელი გვექნება იმისთვის, რომ მთლიანად დავასრულოთ თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრი
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრი

11 აპრილს 148 წელი შეუსრულდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს, რომელიც ახლა დანგრევის პირასაა. იუბილესთან დაკავშირებით ქალაქის მერიამ თეატრის შემოქმედებითი დასის მიღება გამართა და საჩუქრები, მადლობის სიგელები გადასცა. სადღესასწაულო თარიღის მიუხედავად, შეხვედრას პრობლემებზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ილაპარაკეს თეატრში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ავარიულ შენობაზე, სამომავლო გეგმებზე.

ამასთან, სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა თქვა, მსახიობებს კი ყოველთვის ახსოვთ 11 აპრილი, მაგრამ მათ გარდა ეს თარიღი დიდი ხანია არავის გახსენებიაო.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თეატრის პრობლემა გადაწყდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ჩქარა გადაწყდეს, იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია თეატრი. არავინ ამის გამო ჩვენ არ გვებუტება, ჩვენ ვითხოვთ ჩვენსას, მაგრამ ვხედავთ იმას, რასაც აკეთებს ის ხალხი, ვინც დღეს ჩვენს გვერდით დგას, ცდილობს მაქსიმუმს. ვთქვათ პირდაპირ, რომ ცენტრალური ხელისუფლების სერიოზული ჩარევის გარეშე ეს პრობლემა ძალიან ძნელი გადასაწყვეტია ადგილზე. ჩვენ ეს გვესმის, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. დამიჯერეთ, რომ თეატრი მაქსიმალურად ცდილობს კარგად წარმოადგინოს ქალაქ ზუგდიდის სახე“.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრი
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრი

ადგილობრივი ხელისუფლების პარალელურად, თეატრს დაბადების დღე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.საღამოს თეატრის შენობის წინ კოსტუმირებული აქცია მოეწყო. ორგანიზატორმა როსტომ ზარანდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამოქალაქო აქცია „ფეისბუკით“ დაიგეგმა:

„მეგობრებს „ფეისბუკზე“ გვაქვს ჯგუფი, სადაც ვიკრიბებით თეატრალები და თეატრის მოყვარულები. თეატრის გადარჩენის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერებს ვაგროვებთ. ჩვენ ამ ფორმით ვულოცავთ თეატრს დაბადების დღეს“.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობა დანგრევის პირასაა. დანგრეულია კედლების ნაწილი და დამპალია ხის იატაკი. შენობაში ყოფნა სახიფათოა, ამიტომ ადმინისტრაციამ სპექტაკლების ჩვენება დროებით შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG