Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მესიჯებით ჩამოვიდა თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტი


პეტრ პაველი და ლევან იზორია
პეტრ პაველი და ლევან იზორია

2 მარტს ნატოს სამხედრო კომიტეტმა დაიწყო ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისა და ჩერნოგორიის სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს. პირველი შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც შედგა ასევე პირველი პრესკონფერენცია, გენერალ პეტრ პაველისა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მონაწილეობით. პრესკონფერენციაზე დასმული მთავარი აქცენტები უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რუსეთის ვალდებულებას აღიაროს სუვერენული საქართველოს კანონიერი საზღვრები, საქართველოს როლის განსაზღვრას ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში და ნატო-საქართველოს ერთობლივ გეგმებს საქართველოს თავდაცვითი მიზნების ჭრილში.

გადმოწერა

ნატო გვერდში უდგას თავის სანდო პარტნიორს, საქართველოს, და ერთგულად უჭერს მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ეს სიტყვები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩეხმა გენერალმა პეტერ პაველმა 2 მარტს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა და იქვე, ნატოს სახელით, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკანონო გადაწყვეტილება. ითქვა, რომ ნატო სათანადოდ აფასებს საქართველოს წვლილს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც 30-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.

ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე რუსეთისგან მომავალი საფრთხეების თემამ ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე მსჯელობისასაც იჩინა თავი. ჩეხი გენერლის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, ალიანსი ფოკუსირებულია ამ მნიშვნელოვან საკითხზე და საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, აუცილებლად იქნება ჩართული ამ პროცესში:

„არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის, არამედ ნებისმიერი რეგიონის უსაფრთხოება ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ის რეგიონის ყველა მოთამაშის ჩართულობას მოითხოვს. უსაფრთხოების სტრატეგია მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანას... და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა მათგანთან უსაფრთხოების გასაძლიერებლად - გამჭვირვალობის, თანამშრომლობისა და ვითარებაში უკეთესად გარკვევის გზით, ერთმანეთის გაგების და არა სიტუაციის არევის გზით... აშკარაა, რომ რეგიონში არსებობს უსაფრთხოების გამოწვევა და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი წარმომადგენლობის გასაზრდელად რეგიონში, რათა ვაჩვენოთ, რომ არ ვაპირებთ ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვებას“.

პეტრ პაველი ქართველ სამხედროებს ხვდება
პეტრ პაველი ქართველ სამხედროებს ხვდება

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გაიმართა, შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გეგმების დეტალები არც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას დაუკონკრეტებია, რადგან ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული საქართველოს როლი ამ პროცესში, თუმცა, მისი თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ დიალოგში და ქვეყანამ ალიანსში უკვე წარადგინა პროცესში მონაწილეობის საკუთარი ხედვა. ხაზი ესმება საქართველო მზადყოფნას იაქტიუროს პრაქტიკულ დონეზე:

„ჩვენ ყველანაირად მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ჩავერთოთ მეტ წვრთნებში ნატოსთან ერთად ზღვაში; ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურაც ხმელეთზე გამოყენებული იყოს სხვადასხვა საწვრთნელი მიზნებისთვის; ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ კოორდინაციის მიზნით გვყავდეს ორი ოფიცერი მივლენილი რუმინეთში, მრავალეროვანი ბრიგადის ფარგლებში. ასე რომ, ეს დისკუსია და თანამშრომლობა არის ძალიან კონკრეტული და მჭიდრო, რომელიც თავის კონკრეტულ შედეგებში იქნება გამოხატული“.

სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები

2 მარტის პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ილაპარაკა ასევე საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრის მშენებლობაზე ვაზიანში. ახალი ცენტრი, რომელიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვან ბერკეტად მოიხსენიება, „საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან - თანამშრომლობით უნდა აშენდეს. მინისტრის თქმით, ცენტრის მშენებლობას „ახლო მომავალში ჩაეყრება საფუძველი“ და საჭირო თანხებს გამოყოფს როგორც საქართველო, ასევე ამერიკული მხარე, კერძოდ, საგარეო თავდაცვის ფონდის (FMF) საშუალებით.

„ეს ახალი ცენტრი, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრთან ერთად, შექმნის ჩვენი სამხედრო ძალების ინსტიტუციონალური განვითარების მყარ საფუძველს, რომელიც გულისხმობს, პირველ რიგში, მეტ წვრთნებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომელიც გამოიხატება ჩვენი პროფესიული სამხედრო შესაძლებლობების მეტ დახვეწაში. ამიტომ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი თავდაცვის უწყებისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თბილისის განმარტებით, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს მიზანი და მისწრაფება გახდეს ნატოს წევრი. ამ პროცესში დახმარების დაპირება გენერალმა პეტრ პაველმა 2 მარტსაც გაახმაურა, თუმცა, მისი თქმით, ნატოს წევრობისთვის მომზადება „ხანგრძლივი პროცესია“. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ესმება ხაზი ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების მნიშვნელობას, მათ შორის, სამხედრო ძალების თავსებადობის გაზრდისა და გაძლიერების კუთხით. ითქვა ასევე, რომ წარმატებით ფუნქციონირებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC), რომელმაც 2016 წლის ნოემბერში მასშტაბურ წვრთნებს, „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ს, უმასპინძლა. 2 მარტს, დღის ბოლოს, სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები სწორედ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრნენ და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის „გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას“ დაესწრნენ.

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ორდღიანი პროგრამა დატვირთულია ბევრი ღონისძიებითა და შეხვედრით. 3 მარტს გაიმართება კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სესია და ამავე დღეს გენერალი პაველი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. თბილისში განსახილველი თემების შესახებ ჟურნალისტებთან ილაპარაკა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა:

„განიხილება ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ამაღლების საკითხები. ასევე იქნება განხილული საკითხები ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის კუთხით, სწავლებებისა და განათლების კუთხით და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით“.

2014 წლის შემდეგ ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. კომიტეტი უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა და მისი ძირითადი ფუნქციაა შეიმუშაოს რეკომენდაციები ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის - ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG