გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის სპეციალისტები უკვე ტყიბულში იმყოფებიან მომხდარი ტრაგედიის მიზეზის დასადგენად. ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის ლაბორატორიის გამგე, აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე ამბობს, რომ მხოლოდ სპეციალისტების მუშაობის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია მაღაროელთა სიკვდილი.
„მუშა ამბობს, გამტყორცნა ჰაერის ჭავლმაო და ჩვენ ამას „სამთო დარტყმას“ ვუწოდებთო. ჩემი დიდი პატივისცემა ძვირფას მეშახტეს, რომელიც ახლა დაშავებულია, ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ მარტო ის ამბავი, რომ ჰაერის ჭავლმა გატყორცნა და კედელს მიახალა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოვლენას დავარქვათ „სამთო დარტყმა“. ეს სპეციალური საკითხია. არის ორი ვარიანტი: ერთი, რაც უკვე ითქვა, - „სამთო დარტყმა“, რომლის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან მართლაც დიდი სიღრმეებია. თუმცა საჭიროა იმის ცოდნა, თუ რამდენად მყიფე ქანებია, რამდენად მოხდა დიდი ენერგიის აკუმულირება და მერე მისი ერთბაშად გამოთავისუფლება - ეს ყველაფერი ჩვენ ჯერ არ ვიცით. არ ვიცით, მოხდა ეს ნახშირის ფენაში თუ მოხდა ქანებში. იქნებ, მოსამზადებელ შტრეკში ანდა საველე გვირაბში მოხდა? ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. წასული არიან ტყიბულში ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომლები, ჩამოვლენ ორ-სამ დღეში და მერე უფრო ზუსტად გვეცოდინება, ასე მოხდა თუ, მაგალითად, რომელიღაც წმენდით სივრცეში არ ეყო სამაგრი და ჩამოინგრა ჭერი. თუ ასე მოხდა, ეს სრულებით აღარ იქნება სტიქიის გამოვლინება“, უთხრა ლევან ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.
ტყიბულის მინდელის შახტის მფლობელი კომპანიის, „საქნახშირის“, ინფორმაციით, ტრაგედია გამოიწვია დასავლეთ მე-10 ველის პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე მომხდარმა სავარაუდო „სამთო დარტყმამ“ - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლამ, რის შედეგადაც გავრცელდა ჰაერის მძლავრი ტალღა. ტალღა მისწვდა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებს, სადაც იმყოფებოდნენ მაღაროელები, რომელთაგანაც ექვსი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.