Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიცინა, როგორც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა აღდგენის საშუალება


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ზუგდიდში შეხვედრა მიეძღვნა. ამჯერად, სახალხო დიპლომატიასთან ერთად, ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მედიცინა განიხილეს. ასოციაცია „მშიდობიანი და საქმიანი კავკასიის” ინიციატივით, თემაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ექიმებიც შეიკრიბნენ.

„მშიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ დირექტორის ალუ გამახარიას განცხადებით, მედიცინა აღმოჩნდა ის საშუალება, რომელმაც ყველაზე ეფექტიანად დააახლოვა წლების განმავლობაში ერთმანეთზე განაწყენებული მხარეები. მისი სიტყვებით, ადრე შეხვედრები ტარდებოდა სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც დასასწრებად ოკუპირებული რეგიონიდანაც აქტიურად ჩამოდიოდნენ მოქალაქეები. ალუ გამახარიას სიტყვებით, გარკვეული დადებითი დინამიკა ამ მხრივაც შეიმჩნეოდა, თუმცა პირობით საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების გამო ეკონომიკური ურთიერთობები ისე კარგად ვერ განვითარდა, როგორც სამედიცინო კუთხით. ალუ გამახარიას ცნობით, მარტო მათი ასოციაციის მიერ შეთავაზებული სამედიცინო პროექტებით 500-მდე ეთნიკურად აფხაზმა ისარგებლა:

„ვერც რუსი და ვერც ვერავინ ვერ აჩერებს ამ პროცესს, ურთიერთობის პროცესს. აფხაზები მოდიან და მოდიან. საშვებს თუ არ აძლევენ მათ, და ეს ხშირად ხდება, არალეგალურ გზას ეძებენ, რომ გადმოვიდნენ ქართულ მხარეს და ნახონ ის ექიმები, რომლებიც მათ შველიან“.

კლინიკა „ლაიფის“ ექიმის, დოქტორ ნანა თარბაია-ყავლაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო პერსონალმა პაციენტი არ უნდა გაარჩიოს რაიმე ნიშნით, განსაკუთრებული მზრუნველობა მაინც შეიმჩნევა ეთნიკურად აფხაზი პაციენტების მიმართ:

„ჯერ მოდიან თვითონ, მაგრამ მათ აქედან მიაქვთ მესიჯები და შემდეგ, მათი რეკომენდაციით, მოდიან სხვები, ანუ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ გულით. ჯანდაცვამ უნდა გაათბოს გულები“, - განმარტავს ექიმი.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პარალელურად, შეხვედრის მომხსენებლებმა პროფესორმა ელგუჯა კვინიკაძემ, მკვლევარმა დურმიშხან ყიფიანმა და სახალხო მკურნალმა ნოდარ ადეიშვილმა ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის ახალ მეთოდებზე.

წყალზე, როგორც სიცოცხლის მთავარ ელექსირზე, საუბრისას მკვლევარმა დურმიშხან ყიფიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით აფხაზები გამოირჩეოდნენ ხანდაზმულობით, ამას კი მკვლევარი მათ ცხოვრების წესს და წყლის ხარისხს უკავშირებს:

„აფხაზები გარდა იმისა, რომ სუფთა წყალს სვამენ, - მთის ქვეშ გამომდინარე და მყინვარიდან მიღებული წყალი, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, - მაგრამ აფხაზებს ჰქონდათ კიდევ ერთი კარგი თვისება, კვების თავისებური წესი - კვების დრო, საკვების რაოდენობა... მათ, ამ მხრივ, კარგი ტრადიცია ჰქონდათ და ამან წარმოაჩინა ის, რომ აფხაზები დიდხანს ცხოვრობდნენ“, - განაცხადა დურმიშხან ყიფიანმა.

ასოციაცია „მშიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმებიც, თუმცა მათ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი განაცხადეს.

XS
SM
MD
LG