Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი - კომპლექსები და ამბიცია


„პუტინი მარტოსული, ძალიან უბედური და ღრმად იზოლირებული ადამიანია, რომელსაც ფიზიკური სიბერის შიშიც აქვს“ - ბენ ჯუდა, რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფი

ვლადიმირ პუტინმა სამშობლოს დამცველის დღე ვეტერანებთან ერთად აღნიშნა და რუსეთის ისტორიულ გამარჯვებებს მიაგო პატივი. თუმცა, პუტინის ხედვას არა წარსულის დიდება, არამედ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტი განსაზღვრავს - ამბობს ედვარდ ლუკასი, წიგნის „ახალი ცივი ომი“ ავტორი.

ის თვლის, რომ 90-იანებში რუსეთი მოტყუებული დარჩა. დასავლეთმა საბჭოთა კავშირი დაამცირა და დაიმორჩილა. ახლა კი დაკარგულის დაბრუნების დრო დადგა - როგორც სტატუსის, ასევე ტერიტორიების - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

დასავლეთის ლიდერები პუტინის ამგვარი ხედვის რეალიზებას უკრაინაში ხედავენ და მას იქ რუსული ჯარის გაგზავნაში დებენ ბრალს, რასაც კრემლი დღემდე უარყოფს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ოლიგარქებს მკაცრი სანქციები დაუწესა, მაგრამ ამას პუტინის ერთ-ერთი ბიოგრაფის, ბენ ჯუდას აზრით, დიდად არაფერი შეუცვლია: ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთში არავითარი ოლიგარქები აღარ არიან. სახეზეა პუტინის დიქტატურა და ადამიანები, რომელთა ქონებრივი მდგომარეობა, ან პოლიტიკური სტატუსი მთლიანად მასზეა დამოკიდებული. მათ არავითარი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ“.

სპეციალისტის თქმით, ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ რუსი ერის გაძღოლა და ქვეყნის აღორძინება მხოლოდ მას თუ შეუძლია და „თუ ჩათვალა რომ ამისთვის ომია საჭირო, ომს დაიწყებს; თუ ეკონომიკური ზრდა - ამ პრიორიტეტს აირჩევს; თუ ერთადერთ გზად ნაციონალიზმი და დასავლეთთან დაპირისპირება მიაჩნია, ასეც იქნება“.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ წარსულში საბჭოთა უშიშროების აგენტობამ და შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკის ჩინმა პუტინის პიროვნებას დიდი კვალი დაატყო. „ის იმ დაუნდობელ და პარანოიდულ ხედვას ინარჩუნებს, რაც ზოგადად უშიშროების კომიტეტის ხელწერა იყო. ამასობაში ჩრდილიდან გამოსვლის და ყურადღების ცენტრში ყოფნის მომენტსაც მიეჩვია და ამასთან დაკავშირებული მომენტები შეუყვარდა კიდეც“- აღნიშნავს ედვარდ ლუკასი.

სტატუსის მიუხედავად ერთ-ერთ ინტერვიუში პუტინმა აღიარა, რომ მას მეგობარი ცოტა ჰყავს: „თავს მარტო არ ვგრძნობ. მეგობრული შეხვედრების მიუხედავად, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არ მაქვს ხშირი კონტაქტი იმ ადამიანებთანაც კი, ვისაც მეგობრად ვთვლი“.

მსგავსი გულწრფელობა იშვიათობაა. პუტინი მამაკაცური ძლიერების იმიჯის განმტკიცებას სულ სხვა გზით ცდილობს და ხან მაისურის გარეშე ცხენზე ამხედრებულ კადრებს, ხან კი წეროებთან ერთად ფრენის ვიდეოფირს ავრცელებს. ბენ ჯუდას აზრით, მსგავსი კადრები მის ფარულ კომპლექსებზე მეტყველებს.

„პუტინი მარტოსული, ძალიან უბედური და ღრმად იზოლირებული ადამიანია, რომელსაც ფიზიკური სიბერის შიშიც აქვს. ეს არის კაცი, რომელსაც რუსეთის ლიდერობა უზარმაზარ ტვირთად მიაჩნია და აღებული ვალდებულებების გამო საკუთარი თავის სიცოდვილის მძაფრი შეგრძნებაც ამძიმებს“- ამბობს პუტინის ერთ-ერთი ბიოგრაფი.

ანალიტიკოსების აზრით, ამ რთული კომპლექსების გააზრებას კრემლის დღევანდელი მმართველის სწორად აღქმისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ადამიანი, ყოფილი ჯაშუში, რომელსაც რუსეთის ძლიერების აღდგენის ამბიცია აქვს და ამ მიზნის მისაღწევად თითქმის არცერთ ხერხზე უარის თქმას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG