თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრმა მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე „პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში“. რას აკეთებს დღეს სახელმწიფო ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისათვის და როგორ აფასებს მათ საქმიანობას არასამთავრობო სექტორი?
თინა ქაცანაშვილი ყოფილი პატიმარია. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ის რამდენიმე ხნის წინ საჯარო რეესტრის სამსახურში დაასაქმა. ახლა ის უფრო იმედიანად გრძნობს თავს. აქვს სამსახური, შემოსავალი და, რაც მთავარია, ნდობა საზოგადოების მხრიდან, რომელიც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ სრულიად დაკარგული ჰქონდა:
„რომ არ ყოფილიყო დანაშაულის პრევენციის ცენტრი, მე ნამდვილად ვერ შევძლებდი მუშაობის დაწყებას და, მით უმეტეს, საჯარო სამსახურში. ეს ძალიან რთულია. საპატიმროდან გამოსული ადამიანი იქიდან ლაქით გამოდის. რაც არ უნდა უდანაშაულო იყოს ადამიანი, მას მაინც იმის იარლიყი აქვს მიწებებული, რომ ყოფილი პატიმარია“, - ამბობს თინა ქაცანაშვილი.
2013 წლიდან დღემდე 1143-მა ბენეფიციარმა მოგვმართა. აქედან სოციალურმა მუშაკებმა აქტიურად ითანამშრომლეს და გარკვეული სახის დახმარება გაუწიეს 776 ადამიანს. გვყავს 103 დასაქმებული, რაც, ვფიქრობთ, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია, და გვაქვს მხოლოდ 18 განმეორებითი დანაშაული...ნიკოლოზ ხარებავა
ადამიანის უფლებათა სახლში ხელისუფლების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი სწორედ დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი ნიკოლოზ ხარებავა იყო. იუსტიციის სამინისტროს მიერ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა 2012 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციას, მათ დაბრუნებას საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. როგორც ნიკოლოზ ხარებავა გვიხსნის, პროგრამაში პატიმრების ჩართვა ნებაყოფლობითია. აქედან გამომდინარე, პროგრამის წარმომადგენლები გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე პატიმრებთან გაცნობით შეხვედრებს მართავენ. ყოფილ პატიმრებთან მუშაობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს: ფსიქოსოციალური, ჯანდაცვა და პროფესიული გადამზადება. ერთი თვის წინ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა განათლების სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, სურვილის შემთხვევაში, პროფესიული გადამზადების კურსებს გადიან. ნიკოლოზ ხარებავამ მრგვალი მაგიდის წევრებს ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულობის სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო.
„2013 წლიდან დღემდე 1143-მა ბენეფიციარმა მოგვმართა. აქედან სოციალურმა მუშაკებმა აქტიურად ითანამშრომლეს და გარკვეული სახის დახმარება გაუწიეს 776 ადამიანს. გვყავს 103 დასაქმებული, რაც, ვფიქრობთ, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია, და გვაქვს მხოლოდ 18 განმეორებითი დანაშაული“, - ამბობს ნიკოლოზ ხარებავა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ, ყოფილი პატიმრის პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, პროცესში ერთვება ფსიქოლოგი, რომელიც ბენეფიციარს უწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და, საჭიროების შემთხვევაში, გზავნის შესაბამის დაწესებულებაში. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი პატიმრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სწავლობს და მათთან მუშაობს, წამების მხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრია. ეს ცენტრი 2008 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს პენიტენციარულ დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცენტრი ამუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამას, რომლებიც პატიმრებს ეხმარება პენიტენციარული სტრესის დაძლევაში და ახალი უნარების შეძენაში, როგორიცაა: კომუნიკაციის, ემოცის მართვისა და კონფლიქტის მართვის უნარი. პროგრამა ასევე ეხმიანება პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პრობლემას და ამზადებს მათ საზოგადოებაში დასაბრუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ხაზგასმით დადებითად აფასებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას, ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი იმ ადამიანებისათის, რომლებიც უკანასკნელ წლებში საპატიმროებში წამების მსხვერპლნი იყვნენ. ლელა ცისკარიშვილი პატიმრების რეაბილიტაციის პროცესში ხელისუფლების როლზე ამახვილებს ყურადღებას და სვამს კითხვას: რას უკეთებს მათ დღეს სახელმწიფო? ამ კითხვას პასუხს ის თავად სცემს:
„პრინციპში, ბევრს ვერც ვერაფერს. მთავარი, რაც სახელმწიფომ ვერ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფო მოვიდა სწორედ პატიმართა სკანდალის ტალღაზე, პროკურატურამ არ შეისწავლა სათანადოდ ეს საქმეები. სახელმწიფომ აწამა ეს ადამიანები და სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მათ რეაბილიტაციაზე. სახელმწიფომ უნდა გამოყოს თანხა, რომ, ერთი მხრივ, კომპენსაცია მოხდეს ამ ადამიანების, მოხდეს მათი ჯანმრთელობის პრობლემების დარეგულირება და ამ ადამიანებს სახელმწიფომ რაღაცნაირად ბოდიში უნდა მოუხადოს“.
იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ წლებში პატიმართა უდიდესი ნაწილი სხვადასხვა სახის წამების მსხვერპლნი იყვნენ, დღეს საქართველო პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით ათმაგად დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ამბობს ლელა ცისკარიშვილი და ერთ სამწუხარო რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ხშირია შემთხვევები, რომ ადამიანი, რომელიც იყო სასტიკი წამების მსხვერპლი, თავად ხდება მოძალადე თავის ოჯახში და ძალადობს თავის ცოლსა და შვილებზე. უწყვეტი ჯაჭვია ძალადობრივი, რომლის გარღვევა ძალიან რთულია. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა და ეს, სამწუხაროდ, გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც ყოფილი პატიმარი მოდის და გვთხოვს, რომ დავეხმაროთ, რათა აკონტროლოს თავისი ქცევა და არ იძალადოს ცოლზე. გვაქვს ასევე შემთხვევები, როდესაც მოდიან თხოვნით, რომ მათი აგრესია ვმართოთ, რათა არ იძიონ შური იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ აწამებდნენ“.
ლელა ცისკარიშვილი ამბობს იმასაც, რომ დღესდღეობით არ არის არანაირი სახელმწიფოებრივი, უწყებათაშორისი ხედვა, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე მიმართული:
„მიუხედავად იმისა, რომ განცხადების დონეზე ძალიან მაღალ რანგში აყენებს სახელმწიფო იმას, რომ რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ეს იყო დანაშაული, ქმედების დონეზე სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირება ამ საკითხთან მიმართებაში არ არის ადეკვატური“, - მიაჩნია ლელა ცისკარიშვილს, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს.