Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო მესამე არჩევნების შემდეგ


არჩევნების პროცესი კოსოვოში
არჩევნების პროცესი კოსოვოში

11 ივნისს კოსოვოში დასრულდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ყველაზე მეტი ხმები ერგო კოსოვოს მემარჯვენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიას. ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც მოელოდნენ, რომ არჩევნები ბოლოს მოუღებდა პოლიტიკურ კრიზისსა და არასტაბილურობას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფას გადადგომით დასრულდა. თუმცა, პოლიტიკურ ძალთა ხელახალი გადანაწილების შემდეგ, ამ სურვილების რეალობად ქცევა არცთუ ისეთი მარტივი საქმე ჩანს.

11 ივნისის არჩევნები მესამეა კოსოვოში მას შემდეგ, რაც 1,8 მილიონი მოსახლეობის ბალკანურმა სახელმწიფომ 2008 წელს სერბიისაგან გამოყოფა გამოაცხადა.

კოსოვო მესამე არჩევნების შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:06:35 0:00
გადმოწერა

კოსოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 34,65 %-ით პირველ ადგილზე გავიდა კოსოვოს დემოკრატიული პარტია (PDK), რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი ხელმძღვანელობს. თუმცა უფრო დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ახლად შექმნილი კოალიციის, ნაციონალისტური გაერთიანება „კოსოვოს თვითგამორკვევის მოძრაობის“ (VV) მიერ მიღებული 26.59 %. მესამე ადგილზე, ხმათა 25,82%-ით, გავიდა კოსოვოს დემოკრატიული ლიგა (LDK) , რომელსაც კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისა მუსტაფა ხელმძღვანელობს (ეს ის ისა მუსტაფაა, რომლის მთავრობის წინააღმდეგ დაწყებულ გამოსვლებს მოჰყვა ერთი წლის წინ პოლიტიკური კრიზისი, რაც პარლამენტის დაშლითა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დასრულდა).

მას შემდეგ, რაც 12 ივნისს არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს კოსოვოში გამოეხმაურა ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და იმედი გამოთქვა, რომ არჩვენებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც სტაბილიზაციისა და თანმშრომლობის შეთანხმება გააფორმეს, უწინდებურად კიდევ 9 თვე არ დასჭირდებათ მთავრობის ასარჩევად.

იოჰანეს ჰანი
იოჰანეს ჰანი

„მოსახლეობამ მკაფიოდ გამოხატა თავისი არჩევანი და ჩვენც ვალდებული ვართ, მივიღოთ პროცესში მონაწილე მხარეები, მაგრამ ჩვენთვისუაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ და მისმა წარმომადგენლებმა ევროპულ პერსპექტივას უერთგულონ და შეთანხმდნენ იმაში, რომ ცხოვრების უკეთესიპირობების შექმნა მხოლოდ ევროპის კავშირში ჩართულობით არის შესაძლებელი.შესაბამისად, ველი, რომ ნებისმიერი ახალი მთავრობა ამ პოზიციის ერთგული დახელშემწყობი იქნება. ეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ქვეყნის პოლიტიკურიპროცესის მონაწილეებს, რომლებმაც უნდა გაითვალისწინონ ეს ახალი მთავრობისფორმირებისას, რაც, ვიმედოვნებ, მალე მოხდება,“​ განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

11 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხმების საკმარისი რაოდენობის მოგროვება. როგორც ზემოთ ითქვა, ყველაზე მეტი ხმა ერგო კოსოვოს მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ მას, როგორც ჩანს, არ ერგო ხმების საკმარისი რაოდენობა საიმისოდ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად. კოსოვოში, რომელიც უღარიბესი ქვეყანაა ევროპის კონტინენტზე, მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, კორუფცია და პოლიტიკაში პოტენციურ ომის დამნაშავეთა მონაწილეობა.

ერთ-ერთი მათგანია კოალიციური კოსოვოს დემოკრატიული პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, „კოსოვოს მომავლის ალიანსის“ ლიდერი რამუშ ჰარადინაი, რომელმაც 12 ივნისს პრიშტინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში.

ვისურვებდი, რომ, ალბანელი ხალხის ნების გათვალისწინებით, არჩევნების შედეგები სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ მე მათ მაგივრად ხმის მიცემა არ შემეძლო. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შექმნის გარკვეულ სიძნელეებს ჩვენთვის, შექმნის მრავალ პრობლემას, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ სტაბილურობის შენარჩუნებისათვის...
ალექსანდარ ვუჩეჩი

აღსანიშნავია, რომ კოსოვოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია „კოსოვოს დემოკრატიულ პარტიას“ ხალხში „ომის პარტიას“ უწოდებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაში მრავლად არიან 1998-1999 წლების კოსოვოს განთავისუფლების ომის მონაწილე საველე მეთაურები, მათ შორის, ზემოხსენებული რამუშ ჰარადინაი, რომელიც ბრალდებული იყო ეთნიკური სერბების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში და ჰააგის ტრიბუნალმა მისი საქმე რამდეჯერმე განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ ბრალდებებში ტრიბუნალმა ჰარადინაი გაამართლა, იგი საფრანგეთში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბია დაჟინებით მოითხოვდა პარიზისაგან ჰარადინაის ექსტრადიციას, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რამუშ ჰარადინაის, ექსტრადიციაზე და ამის ნაცვლად სასამართლომ 27 აპრილს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

11 ინისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა სერბიის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელმაც განაცხადა, არ ველი არანაირ ცვლილებას მას შემდეგ, რაც არჩევნებში კვლავ „ვეტერანმა ექსტრემისტებმა“ გაიმარჯვესო.

„ვისურვებდი, რომ, ალბანელი ხალხის ნების გათვალისწინებით, არჩვენებისშედეგები სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ მათ მაგივრად ხმას ვერ მივცემდი.ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გარკვეულ სიძნელეებს შეგვიქმნის, შეგვიქმნის არაერთპრობლემას. მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ სტაბილურობის შენარჩუნებისათვის,განვაგრძობთ დიალოგს და, თუ საჭირო გახდა, დავაჩქარებთ მას, რადგან ეს არისერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია, უზრუნველვყოთ კოსოვოსა და მეტოქიაშიმცხოვრებ თანამემამულეთა უსაფრთხოება“​ , - განაცხადა სერბიის პრეზიდენტმა.

უმუშევრობის დაძლევის, კორუფციის შემცირების, პოლიტიკიდან საველე მეთაურების ჩამოშორებისა და პრივატიზების პროცესის გამჭვირვალედ ჩატარების გარდა, კოსოვოს მომავალ მთავრობას მოუწევს გადაწყვიტოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა: 2015 წელს ევროკავშირის რეკომენდაციით მიღებული შეთანხმებების შესრულება. პირველი შეეხება ჩერნოგორიასთან საზღვრის დადგენას და მეორეა კოსოვოში მცხოვრები სერბი უმცირესობის აღმასრულებელი ძალაუფლების პრობლემა.

არ დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი, რასაც 2017 წლის 11 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა კოსოვოში, სწორედ ადგილობრივი სერბი უმცირესობის საკითხში უკიდურესი დაპირისპირების შედეგი იყო. 2015 წლის სექტემბერში კოსოვოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ისა მუსტაფას, ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე დეპუტატმა კვერცხები დაუშინა იმ დროს, როდესაც მთავრობის მეთაური სიტყვას წარმოთქვამდა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან. ოპოზიციის წევრთა აღშფოთება კი გამოიწვია ევროკავშირის შუამავლობით მომზადებულმა გარიგებამ, რაც კოსოვოში მცხოვრებ სერბ უმცირესობას ადგილობრივი გადასახადების გამოყენების, სერბულ ენაზე განათლებისა და ბელგრადიდან დაფინანსების მიღების საშუალებას აძლევს. პრემიერ-მინისტრი ისა მუსტაფა ემხრობოდა ამ გარიგებას და აცხადებდა, რომ ახლად შექმნილ „სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციას“ არა აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, ოპონენტები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს სახიფათო ნაბიჯი გააღრმავებდა კოსოვოს ეთნიკურ გათიშულობას.

როგორც ზემოთ ითქვა, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული გარიგება არსად წასულა და ბრიუსელი მოელის, რომ კოსოვოს ახალი მთავრობა ერთგული იქნება წინამორბედის მიერ აღებული ამ ვალდებულებებისა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG