Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნასა“ 100 წლის გახდა


შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა „ამერიკის ხმის“ რუბრიკაში „გალილეო“.

„მივწვდეთ ახალ სიმაღლეებს და აქამდე უცნობი გამოვააშკარაოთ, რათა ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ და აღმოვაჩენთ, მთელი კაცობრიობის სამსახურში ჩადგეს“ - ასეთია „ნასას“ ხედვა. მარტში შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნულმა სააგენტომ 100 წლის იუბილე აღნიშნა. ცოტა რამ მისი საუკუნოვანი ისტორიიდან: „ნასას“ წინამორბედს, რომელიც ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით 1915 წელს შეიქმნა, „ნაკა“ ერქვა - აერონავტიკის ეროვნული კომიტეტი. 1958 წელს პრეზიდენტ ეიზენჰაუერის გადაწყვეტილებით კომიტეტმა კოსმოსის შესწავლის მისიაც შეითავსა და „ნასად“ გადაკეთდა.

„ნასას“ მთავარ მიღწევებს სწორედ კოსმოსის ათვისების სფეროში ასახელებენ. მათ შორის პირველ რიგში 1969 წელს პირველად კაცობრიობის ისტორიაში მთვარეზე ადამიანის დასმა აღინიშნება. ნილ არმსტრონგი, ადამიანი, რომელმაც პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე, „ნაკას“ და მოგვიანებით „ნასას“ თანამშრომელი იყო. უმნიშვნელოვანესი იყო ტელესკოპ „ჰაბლის“ კოსმოსში გაშვება, რომელმაც მეცნიერება რადიკალურად შეცვალა, სამყაროს მასშტაბების აღქმა თავდაყირა დააყენა და პლანეტების, ვარსკვლავების აფეთქების, თუ გალაქტიკების დიდებული ფოტოები გადაიღო. „ნასას“ კოსმოსური ხომალდი „კასინი“ სატურნის ორბიტაზე 1997 წელს შევიდა, შემდეგ კი მას „ჰაგიენსი“ გამოეყო და 2005 წელს სატურნის მთვარეზე, ტიტანზე დაჯდა. „ნასამ“ მარსზე რამდენიმე რობოტი დასვა, პირველად იყო „ვიკინგი“ 1979 წელს, რომელმაც წითელ პლანეტაზე 6 წელზე მეტი დაჰყო. სულ ახლახან, 2012 წელს მარსის შესწავლა „კურიოზითიმ“ გააგრძელა და ის ფოტოების დედამიწაზე გამოგზავნას და მარსის ზედაპირის კვლევას დღესაც აგრძელებს.

უმნიშვნელოვანესია „ნასას“ მიღწევები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, კომპიუტერების დახვეწაში, თუ საკომუნიკაციო სისტემების სრულყოფაში. „ნასამ“ ამ ერთი საუკუნის მანძილზე ჩვენი ყოველდღიურობა დრამატულად შეცვალა. ეს ცხოვრების წესს, ბიზნესის წარმოების მეთოდებს, ერთმანეთთან ურთიერთობის ხარისხს, თითქმის ყველა სფეროს შეეხო. „ნასას“ გამოგონებაა კომპიუტერული ჩიპი, რომელიც არამარტო კომპიუტერებში, არამედ მანქანებში, ტელეფონებში, საყოფაცხოვრებო ნივთებშიც კი იხმარება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს საკომუნიკაციო სატელიტები, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბები შეცვალეს და დედამიწის ნებისმიერ წერტილში ერთმანეთთან სწრაფი და ხარისხიანი დაკავშირების საშუალება მოგვცეს. ეს განსაკუთრებით აისახა ბანკებზე, გადარიცხვებზე, ბიზნეს-გარიგებების სისწრაფეზე, თუ მასმედიის მუშაობაზე. სხვა მრავალთან ერთად, „ნასას“ გამოგონებაა დღევანდელი თვითმფრინავის დიზაინიც, რომელიც ორფრთიანიდან ერთზე გადავიდა და ამინდის განმსაზღვრელი სატელიტები, რომელთაც შტორმების წინასწარ პროგნოზირებით კაცობრიობას თავიდან უთვალავი გრანდიოზული მასშტაბის მსხვერპლი ააცილეს.

კოსმოსური ხომალდი "ატლანტისი"
კოსმოსური ხომალდი "ატლანტისი"

„ნასას“ სათაო ოფისი შეერთებული შტატების დედაქალაქში მდებარეობს. დღეს სააგენტო ოთხი მთავარი მიმართულებით მუშაობს. ესენია: 1 - აერონავტიკა, რომელიც გარემოს დაცვის გათვალისწინებით საჰაერო მობილურობის განვითარებას ემსახურება. 2 - კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი კვლევები და ოპერაციები, რაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურების ოპერირებას და დედამიწის გარეთ კომერციული კოსმოსური ფრენების განვითარებას უზრუნველყოფს. 3 - მეცნიერება, რომელიც დედამიწას, მზის სისტემას და მის გარე სამყაროს შეისწავლის. 4 - კოსმოსური ტექნოლოგიები - ეს უკანასკნელი რევოლუციური ტექნოლოგიების განვითარებაზე და სრულყოფაზე მუშაობს. ამასთან, ფოკუსირებას ისეთ მისიებზე ახდენს, რომელიც ამერიკის ეკონომიკისთვისაც მომგებიანი იქნება.

დღეს „ნასა“ ერთ-ერთ მთავარ, პრიორიტეტულ მისიად კოსმოსური ხომალდის „ორიონის“ გაშვებას მიიჩნევს. ის ასტრონავტებს მთვარეზე უფრო შორს გაიყვანს და ისინი დედამიწის ორბიტის მიღმა სამყაროს შესწავლაზე იმუშავებენ.

XS
SM
MD
LG