Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზესუმზირა - მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის სიმბოლო


ახლახან ერთი წელიწადი შესრულდა უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფიდან. მასში მყოფი ყველა 298 ადამიანი დაიღუპა. 20 ივლისს რუსეთი წინააღმდეგი გამოვიდა იდეისა, შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი მომხდარის გამო. კრემლი არ იზიარებს აზრს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსული წარმოების რაკეტამ, რომელიც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ისროლეს.

ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიმავალ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავში 193 მგზავრი ნიდერლანდელი იყო. განსაკუთრებით მტკივნეული გამოდგა საბედისწერო გაფრენის ფინალი ნიდერლანდის ქალაქ ჰილვერსუმისთვის, რომლის 15 მცხოვრები იმყოფებოდა თვითმფრინავში. ქალაქში 85 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მისი მკვიდრი სამი ოჯახი მთლიანად ამოწყდა აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცეში რაკეტის საბედისწერო გასროლის შედეგად. ქალაქში ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის ფერი ყვითელია, კატასტროფის სიმბოლო კი მზესუმზირა გახდა, რადგან თვითმფრინავი მზესუმზირების ველზე ჩამოვარდა. ნიდერლანდელმა ჟურნალისტებმა მზესუმზირის თესლი ჩაიტანეს იქიდან და გადასცეს ქალაქის მთავარ მებაღეს, ჰანს როონს, რომლმაც თესლი ბოტანიკურ ბაღში გაახარა და შემდენ უკვე მცენარეები მიიტანა წმინდა ვიტუსის სახელობის ეკლესიაში, სადაც ჯერ კიდევ შარშან ჩატარდა გარდაცვლილთა პანაშვიდები და ახლა კი, კატასტროფიდან ერთი წლის თავზე, დაღუპულთა მოსახსენიებელი ლოცვა აღევლინა. ჰანს როონი ამბობს, რომ მზესუმზირებს მსხვერპლთა ოჯახებს გადასცემენ:

„ამ 30 მცენარეს ჯერ ეკლესიაში წავიღებთ, შემდეგ კი გადავცემთ დაღუპულთა ოჯახებს, სკოლებს, სპორტულ კლუბებს და სხვებს. მართლა კარგი აზრი იყო, რადგან თესლი კვლავ მცენარედ გადაიქცევა და ის კი კვლავ იძლევა თესლს და ასე გრძელდება. და ეს არის ცხოვრება“, ამბობს ჰილვერსუმელი მებაღე, რომელმაც გადაწყვიტა მუდმივად აწარმოოს ბოტანიკურ ბაღში მზესუმზირის თესლი, რომელსაც სტუმრებს მისცემენ ხოლმე - ყველას, ვინც ეწვევა ქალაქს - და ასე, როონის თქმით, უკრაინიდან ნიდერლანდში ჩამოტანილი მზესუმზირები მუდამ გაიხარებს.

მზესუმზირებზე ლაპარაკობს ვიტუსის ეკლესიის მღვდელი იულიუს დრესმე, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინიდან, იმ ადგილიდან ჩამოტანილი მზესუმზირის თესლი, სადაც ჩამოვარდა თვითმფრინავი, ერთგვარად ანუგეშებს ხალხს. დრესმე შარშანდელ წელიწადს იხსენებს, უშუალოდ კატასტროფის შემდგომ პერიოდს, როცა უზარმაზარი იყო შოკი და როცა ყველა ისე იყო შეძრწუნებული, ყველას ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს საკუთარი ახლობლები დაჰღუპოდათ კატასტროფაში. ის ჩვენს კორესპონდენტს ეკლესიაში გაუძღვა.

„ეს ამ კატასტროფის დროს დაღუპული ოჯახების ფოტოებია. აი, დედ-მამა და ორი ბავშვი. ეს სხვა ოჯახია. ჩვენი მრევლის დისშვილები არიან. ახლახან დაქორწინდნენ, ერთი წლის ბავშვი ჰყავდათ. ესენიც თვითმფრინავში იყვნენ, მთელი ოჯახი ამოწყდა“, ამბობს იულიუს დრესმე, მღვდელი, რომელიც დახოცილთა ოჯახის წევრებს მუდმივად თან ახლდა, ყველას დახმარებას და თანადგომას ცდილობდა. ერთი წელი გავიდა კატასტროფის შემდეგ და თითქოს მწუხარებამ ოდნავ დაუთმო ადგილი აღშფოთებასაც. დღემდე არ არის პასუხი შეკითხვაზე, ვინ არის დამნაშავე. კატასტროფიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა გეგმა შეიქმნას გაეროს ტრიბუნალი, რომელმაც უნდა გაარკვიოს სიმართლე მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე. პუტინმა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს, ტელეფონით განუცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ინიციატივა „ნაადრევი და კონტრპროდუქტიულია“. გამოძიებას მეთაურობს ნიდერლანდი, რადგან კატასტროფის დროს ყველაზე მეტი ამ ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. ჯერ უნდა დასრულდეს საერთაშორისო გამოძიება და მხოლოდ შემდეგ შეიძლება სამართლებრივი მექანიზმებისა და დამნაშავეთა დასჯის საკითხები გაირკვესო, თვლის კრემლი, რომლის აზრითაც, მუშაობა უნდა წარიმართოს გაეროს 2014 წლის 21 ივლისის რეზოლუციის თანახმად. რუსეთის რეაქცია გამოიწვია საერთაშორისო გამომძიებელთა დასკვნის პროექტის გაჟონილმა ტექსტმა, რომლის ავტორები იქით იხრებიან, რომ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა ესროლეს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა. რუსეთი და სეპარატისტები უარყოფენ ასეთ ვერსიას და უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავს სდებენ ბრალს, რომ ჩამოაგდო თვითმფრინავი. რუსეთი, რომლის შეთავაზება გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცეს 20 ივლისს, სთხოვს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს, ორ კვირაში წარუდგინოს საბჭოს ანგარიში, სადაც აღწერილი იქნება ნაბიჯები, რომლებიც საბჭომ უნდა გადადგას გამოძიებისთვის მხარდასაჭერად. რუსეთის ინიციატივაში გამოთქმულია მოწოდება სამართლებრივი პასუხიმგებლობის თაობაზე. ისიც არის ნათქვამი პროექტში, რომ დასახელდეს გაეროს საგანგებო წარმომადგენელი ინციდენტის საკითხებში, მაგრამ ტრიბუნალის შექმნა მოსკოვს არ სურს. სამაგიეროდ, მოსკოვი, გამოთქვამს რა შეშფოთებას მიმდინარე გამოძიების გაუმჭვირვალობის გამო, მოითხოვს ყველას მიუწვდებოდეს ხელი გამოძიების მასალებზე. ამის წინააღმდეგ კატეგორიულად გამოდიან ქვეყნები, რომლებიც საქმეს იძიებენ ნიდერლანდის მეთაურობით: მალაიზია, ავსტრალია, ბელგია და უკრაინა. ეს სახელმწიფოები თვლიან, რომ გამოძიება საიდუმლო უნდა იყოს, რათა არ შეეშალოს ხელი სამომავლოდ ბრალის წაყენებას. რუსეთი თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ქარტია, მისი მისია, არ ითვალისწინებს საავიაციო კატასტროფებში ბრალდების განსაზღვრას, ეს თითოეული ქვეყნის მართლმსაჯულებისა და საავიაციო უსაფრთხოების უწყებების საქმეა. თუმცა ისინი, ვინც გაეროს ტრიბუნალის შექმნის მოთხოვნით გამოდის, თვლიან, რომ ამ კონკრეტულ ავიაკატასტროფაში ჩარეული არიან „არასახელმწიფოებრივი“ მონაწილეები, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი მეამბოხეები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ იარაღზე და შეუძლიათ ჩამოაგდონ თვითმფრინავი ისე, რომ ვერც ერთი სახელმწიფოს მთავრობას ვერ დაეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა. რუსეთის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. გაეროს დროშით მოქმედი ტრიბუნალი, როგორც ეს სურთ ნიდერლანდს და სხვებს, უშიშროების საბჭოში შეიძლება რუსეთის ვეტოს უფლების მსხვერპლი გახდეს.

XS
SM
MD
LG