Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მუშებს ზუგდიდში ხუთი თვეა ხელფასი არ მიუღიათ


მუშების გაფიცვა ზუგდიდში
მუშების გაფიცვა ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იწყებს საქმის ძიებას ზუგდიდში ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებზე დასაქმებული მუშებისთვის სახელფასო დავალიანების საქმეზე. თავის მხრივ, მუშები, რომლებიც ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლებს დროდადრო აწყობდნენ, წყვეტენ აქციებს და გამოძიებას ელოდებიან.

ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, გუბერნატორის მოადგილესთან ერთად, ქალაქის მერი, პროკურატურის და შპს „გზამგების“ წარმომადგენლები, მუშები და, მათთან ერთად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ესწრებოდნენ. მოლაპარაკება მხარეებს შორის მედიისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა. როგორც მოგვიანებით გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ განმარტა, შეხვედრა ამ ფორმატში მხოლოდ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების სურვილით შედგა.

კობა ქანთარიას სიტყვებითვე, მათ პირობა შეასრულეს და დაზარალებული მუშები ყველა საჭირო მხარეს შეახვედრეს:

„ამათი, ამ ხალხის ბრალია ის, რომ მათ არ ჰქონდათ დადებული სამართლებრივი ხელშეკრულება კომპანიასთან, რომ თავიანთი უფლებები დაეცვათ, მაგრამ დღეიდან ჩაერთვებიან სამართალდამცავები და საქმეს მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა. იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი მიიღებს ხელფასებს“.

ხუთი თვე გავიდა, რაც 50-მდე მუშა კუთვნილ ხელფასს ელოდება. ქალაქის ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებზე დასაქმებულთა განცხადებით, საერთო ჯამში, მათი დავალიანება 70-მდე ლარს აღწევს. მუშების განცხადებითვე მიმალვაშია კომპანია „ამი 2014“-ის დირექტორი, რომელსაც მათთვის ხელფასები უნდა მიეცა. სწორედ ამიტომ, ხელფასის გარეშე დარჩენილმა მოქალაქეებმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, რადგან სამუშაოების დამკვეთი მერია იყო.

„გვპირდებოდნენ, როგორც კი ჩაგვაბარებთ ობიექტსო, 22 დეკემბერსო, მოგცემთო ხელფასებსო. ობიექტები ყველაფერი ჩაბარდა და გავიხედეთ, არც უმცროსია და არც უფროსი“, - ამბობს მუშა გენო ლაშხია.

მერიაში აცხადებენ, რომ ფილების დაგების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „გზამგებმა“ გაიმარჯვა, რომელსაც მერიამ თანხები გაწერილ ვადებში გადაურიცხა, „გზამგებს“ კი, როგორც აღმოჩნდა, თავის მხრივ, ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული „ამი 2014“-თან, რომელსაც ევალებოდა მუშახელისთვის თანხების გაცემა.

„გზამგების“ წარმომადგენელ ვასილ კვერნაძის განცხადებით, თანხების ჩარიცხვა არც მათ შეუყოვნებიათ ქვეკონტრაქტორ „ამი 2014“-ისთვის:

„ამ კომპანიას უნდა უზრუნველეყო მის მიერ დაქირავებული მუშებისთვის ხელფასების მიწოდება. ჩვენთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი პრობლემა, რომ დავალიანება იყო და მუშებისთვის თანხა არ იყო გაცემული“.

ქალაქის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე აცხადებს, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა და კარგია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო:

„გამოძიება გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში როგორც ამ მუშების უფლებების დამცველი, თვალყურს მივადევნებ გამოძიებას“.

მუშებმა, რომლებმაც ქალაქში ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოები განახორციელეს და ფილები დააგეს, აქცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამჯერ გამართეს. ისინი ამბობენ, რომ დაგებული ფილების აყრას დაიწყებენ, თუ ხელფასებს არ გასცემენ.

XS
SM
MD
LG