Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა გამოიძიოს აფგან მუხთარლის საქმე პროკურატურამ


აფგან მუხთარლის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია თბილისში
აფგან მუხთარლის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია თბილისში

5 ივნისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ადვოკატმა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა და გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურაში გადატანა მოითხოვა. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, დანაშაულს, რომელიც, შესაძლოა, პოლიციის თანამშრომლების მიერაა ჩადენილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა იძიებდეს. ადვოკატი ასევე მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღებას გატაცებული ჟურნალისტის ცოლის, შვილისა და თბილისში მყოფი მისი ორი კოლეგის დასაცავად.

გადმოწერა

საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პოლიციელი ან საჯარო მოხელეა, ასეთ საქმეს პროკურატურა იძიებს. ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცება სწორედ ასეთი დანაშაულია.

არ ვიცნობ საქართველოს კანონმდებლობას, მაგრამ თუ სურთ დაეხმარონ აფგან მუხთარლის და არა მე, მას შესთავაზებდნენ მოქალაქეობას და არა მე...
ლეილა მუსტაფაევა

„როგორც აფგან მუხთარლი ამბობს, ის გაიტაცეს პოლიციის ფორმიანმა ადამიანებმა. მთელი გზის განმავლობაში აბარებდნენ ანგარიშს უფროსს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები. თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი არის საკმარისი იმისათვის, რომ საქმე არ გამოიძიოს შსს-მ და გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ. მეორე გარემოება კი ისაა, რომ დანაშაულის ადგილი არ შემოიფარგლება ძველი თბილისის რაიონით. ის დაიწყო ძველი თბილისის რაიონში, მაგრამ გაგრძელდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთამდე“, უთხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

შესაბამისად, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ეს საქმე არ უნდა იყოს მხოლოდ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილების გამოსაძიებელი. ასევე საყურადღებოა საქმის მასშტაბი და გატაცებული ჟურნალისტის გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსი:

„უარს გვეუბნებიან საქმის გაცნობაზე იმ მოტივით, რომ დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება გამორიცხავს იმ ვერსიას, რასაც ბატონი აფგანი ამბობს. ეს დაუშვებელი რამ არის. სრულყოფილი გამოძიებისთვის ყველა ვერსია უნდა იყოს განხილული და ამისათვის კი ფორმალური შესაძლებლობა იარსებებს, თუ მთავარი პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს“.

ადვოკატის ამ პოზიციას იზიარებს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, რომელიც 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც განუცხადეს, რომ დაცვა დაენიშნება მას და მის მცირეწლოვან შვილს და რომ იმსჯელებენ ასევე მოწმეებისთვის დაცვის დანიშვნის შესაძლებლობაზე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, რომლის ინიციატივითაც გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ პოზიცია არ შეუცვლია:

„კვლავ უარზე ვარ და არ დავთანხმდები ამ შემოთავაზებას. წინა დღეებშიც ვთქვი, რომ არ მივიღებ მოქალაქეობას. ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია აფგან მუხთარლი და აფგან მუხთარლის საქმე, ვიდრე ჩემი უსაფრთხოება ან მოქალაქეობა. არ ვიცნობ საქართველოს კანონმდებლობას, მაგრამ თუ სურთ დაეხმარონ აფგან მუხთარლის და არა მე, მას შესთავაზებდნენ მოქალაქეობას და არა მე“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებას ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები. 5 ივნისს საქართველოს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, რომლის თქმითაც, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების გატაცება და თვითნებურად უკანონოდ დაკავება, როგორც ეს იყო გაცხადებული, სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება, დაკავებულია და წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები. 31 მაისს, საღამოს, ბაქოში საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მას კიდევ ერთი ახალი ბრალდება წარედგინა - ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. საქართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, ამბობს, აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ, რის გამოც ადვოკატი ვერ ეცნობა საქმის მასალებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG