Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ინახავენ მოხუცები თავშესაფრის ოთახებში


თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში სამოცდაათამდე მოხუცი ცხოვრობს. სანამ აქ მოხვდებოდნენ, ყველამ ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო გზა გაიარა. ზოგი პროფესიით ფიზიკოსია, ზოგი - ომის ვეტერანი ან მომღერალი. რა სწყინთ და რა ახარებთ მოხუცებს? როგორ ცხოვრობენ და რა სურვილები აქვთ წინასაახალწლოდ?

ხანდაზმულთა პანსიონატის პატარა და ვიწრო ოთახში ფანჯრიდან მზის შუქი შემოდის. მზის სხივებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მედლები ირეკლავს. 93 წლის შალვა ბოჟაძე პიჯაკს და მედლებს თითქმის არასდროს იშორებს, არც ომზე მოგონებები შორდებიან. საუბარსაც ამ ამბით იწყებს: 1942 წლის დეკემბერში, მე-10 კლასის მოსწავლე, ომში გაიწვიეს და 1945 წლის მაისამდე იბრძოდა. ასე ბრძოლით ჩავიდა ბერლინამდე და ომის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მძიმედ დაიჭრა, თუმცა გამარჯვების სიხარული მაინც ახსოვს და ამით დღემდე ამაყობს. ამაყობს იმითაც, რომ ცნობილი მათემატიკოსის, ნიკო მუსხელიშვილის, საყვარელი სტუდენტი იყო:

„ექსტერნად ავიღე ატესტატი და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. მაშინ ასე ერქვა: ინჟინერ-ეკონომისტი. ჩემი საყვარელი ლექტორი ნიკო მუსხელიშვილი იყო. მისთვისაც მე ვიყავი საყვარელი სტუდენტი, ამას თვითონ ამბობდა. უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე და მუშაობა დავიწყე. ძირითადად სამშენებლო ორგანიზაციებში ვმუშაობდი. 54 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს“.

სიბერე ძალიან ცუდია. ტოლსტოიმ თქვა, სიბერე განუკურნებელი დაავადებააო. ვერაფერი ვერ გიშველის. დედას უფრო უყვარს შვილი, თუ შვილს დედა? შვილს რომ უფრო უყვარდეს დედა, აქ ამდენი მოხუცი არ იქნებოდა სახლიდან გამოშვებული, თვითონ მოუვლიდნენ...
ვიოლა ცომაია

ავიაკატასტროფაში დაღუპული შვილის ფოტო საწოლის თავთან უკიდია. შვილიშვილები კი, რომლებსაც სახლი დაუტოვა, ახლა უცხოეთში ცხოვრობენ. ამბობს, რომ მარტო ყოფნას ისევ აქ, ხანდაზმულთა პანსიონატში, ცხოვრება ურჩევნია:

„აქ სულ ყურადღების ცენტრში ვარ. ბენეფიციარებიც და პერსონალიც „ბატონო შალვათი“ მომმართავს. ეს მასაზრდოებს და ცხოვრების ელექსირს მაძლევს. აქ მოდიან გამგეობიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. გვილოცავენ, მოაქვთ საჩუქრები. ჩვენთვის ეს ყურადღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქრები. აქ ისედაც ყველაფერი გვაქვს, საჩუქრები არ გვჭირდება“.

ყურადღება გულსუნდა ახობაძესაც სიამოვნებს. უყვარს ხალხთან ურთიერთობა, სიმღერა, ცეკვა. გვიამბო, რომ მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, ცაგერის რაიონში. ბავშვთა სახლში გაიზარდა და სიმღერაც და ფანდურზე დაკვრაც იქ ისწავლა:

„ძალიან პატარა გავთხოვდი. მეუღლე მალე დამეღუპა და ერთი შვილი დამრჩა, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. თუ ბავშვობაში დედა მენატრებოდა, ახლა შვილი მენატრები. დიდი ხანია არ დაურეკავს და ძალიან ვნერვიულობ“.

მიუხედავად ასაკისა, უყვარს თავის მოვლა, ფერადი კაბები და სამკაულები. სარკის წინ, კომოდზე, რამდენიმე სუნამოც უდევს, ფრჩხილები ატმისფრად აქვს შეღებილი და როგორც კი სიმღერაზე იწყებს საუბარს, ცისფერი თვალები ნაპერწკლებივით ენთება:

„გავყევი სიმღერას, ცეკვას. ტანიც კარგი მქონდა და გარეგნობაც. მივდევდი ამ საქმეს და კონცერტებს ვატარებდი. აქაც გავიხსენე ეს საქმე. გიტარაზეც ვუკრავ, ფანდურზეც. წრეც მყავდა, მაგრამ ერთს ბიძა გარდაეცვალა, ზოგიც მოხუცდა და დავრჩი მარტო. პარტნიორი აღარ მყავს, თორემ საკონცერტო პროგრამა მზად მაქვს და თავისუფლად შემიძლია შევასრულო. ბოლო ორი წელია ჩავარდა, მანამდე სულ სიმღერები და ცეკვები იყო. მოხუცებისთვის ამას „პეწი“ მოაქვს, სიხარული, სიყვარული“.

რამდენჯერმე ქართველ მომღერლებთან ერთად ვიოლა ცომაიამაც იმღერა. ფოტოებს ოთახის კედლებზე ახლაც ინახავს და ჰყვება, რომ პროფესიით ფიზიკოსია. საბჭოთა დროს მისი სამსახური გასაიდუმლოებული იყო - კოსმოსური ხომალდებისათვის დეტალებს ამზადებდნენ. ახალგაზრდობას ასე იხსენებს:

„ყველა საბჭოთა კავშირს აგინებს. საგინებელი კი არა, კილო ხორცი 2 ლარი ღირდა, კილო ყველიც. კარაქი ღირდა სამი და სამოცდაათი. ერთ წელიწადს მოსკოვში ძალიან ცივი ზამთარი იყო. ლენინი ავად იყო და შეშა მიუტანეს. ლენინმა არ მიიღო: „ შეშა სკოლაში წაიღეთ და ბავშვები გაათბეთო“.

ხანდაზმულთა პანსიონატში უკვე 8 წელია ცხოვრობს. მისი ორივე სახლი შვილის წარუმატებელ ბიზნესს შეეწირა. პატარა ოთახში, რომელთანაც შეგუება თავიდან გაუჭირდა, ახლა ბევრი წიგნი აქვს. ამბობს, რომ ყოველ საღამოს 6-დან 9 საათამდე კითხულობს. ამის შესახებ მეზობლებმაც იციან და ამ დროს არავინ აწუხებს:

„სიბერე ძალიან ცუდია. ტოლსტოიმ თქვა, სიბერე განუკურნებელი დაავადებააო. ვერაფერი ვერ გიშველის. დედას უფრო უყვარს შვილი, თუ შვილს დედა? შვილს რომ უფრო უყვარდეს დედა, აქ ამდენი მოხუცი არ იქნებოდა სახლიდან გამოშვებული, თვითონ მოუვლიდნენ. დედა წარმავალია, შვილი კი მომავალი და ადამიანს ყოველთვის მომავალი უფრო უყვარს, ვიდრე წარმავალი“.

პანსიონატის პირველ სართულზე სახელოსნოა. აქ ზაურ სამხარაძე მუშაობს. უბედური შემთხვევის შედეგად, ახლა ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. პროფესიით იურისტმა, გადაწყვიტა არ დანებდეს, თავისი ხელობით სხვებსაც გამოადგეს და დროც გაიყვანოს, კვირიდან კვირამდე რომ იწელება, სანამ შვილები მოვლენ:

„როგორც ენერგიულმა კაცმა, ფარ-ხმალი არ დავყარე. ვფიქრობდი მოძრაობაზე, რაღაცის გაკეთებაზე. გავაკეთე სახელოსნო. მოხუცებს თუ რამე სჭირდებათ, ყველაფერს ვაკეთებ. თუ დენის ქურა დაეწვებათ, ფენი ან უთო, ფეხსაცმელიც რომ დაეხეთ, იმასაც ვუკეთებ. ამით დრო გადის და მეც სტიმულს მაძლევს. ამას ოჯახის წევრების სიყვარული ემატება. შვილები ყოველ კვირას მოდიან და მნახულობენ“.

წინასაახალწლოდ ყველა მოხუცს ერთმანეთის მსგავსი სურვილები აქვს: ჯანმრთელობა, მშვიდობა, მეტი ყურადღება და სითბო გარშემომყოფებისაგან. მხოლოდ ქალბატონ გულსუნდას აქვს განსაკუთრებული და სანუკვარი სურვილი:

„მინდა ერთი თხოვნით მოგმართოთ: თუკი ვინმეს შეუძლია, სიმღერის ჩაწერა მინდა. სტუდია მინდა, რომელიც უანგაროდ დამეხმარება და რამდენიმე სიმღერას ჩამიწერს. ყველას ამას ვთხოვ, მაგრამ რატომღაც ჩემი ტელეფონი ამისთვის არ წკრიალებს“.

შეიძლება ქალბატონი გულსუნდას სურვილი ასრულდეს, ალბათ სხვებიც გაახსენდებათ წინასაახალწლოდ. დღესასწაულის შემდეგ კი პანსიონატში მცხოვრები მოხუცები ისევ მარტო დარჩებიან ყველა იმ ოცნებასა და მოგონებასთან ერთად, სურათებად რომ ინახავენ ოთახის კედლებზე.

XS
SM
MD
LG