Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საანგარიშო მოხსენებას მწვავე დებატები მოჰყვა


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით წარდგა პარლამენტის წინაშე. პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრნენ მთავრობის წევრები, კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა თავისი სიტყვა ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მისალმებით დაიწყო. დარბაზში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს ავღანეთში დაღუპული 15-ვე ჯარისკაცის ხსოვნას. სააკაშვილის თქმით, ეს ადამიანები აძლიერებენ საკუთარ ქვეყანას, შეიარაღებულ ძალებს და პერსპექტივას აძლევენ საქართველოს.

შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა წარმატებებზე, მათ შორის ეკონომიკის ზრდაზე და ტურიზმის გახშირებაზე. თუმცა აღნიშნა, რომ კარგად იცის - საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ეს მათ ცხოვრებაზე არ აისახება დადებითად. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხალხის ბევრი მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი რჩება და მოქალაქეების სოციალური კეთილდღეობის გაზრდა მთავრობის მნიშვნელოვანი საზრუნავია.

სააკაშვილმა „მთავრობის სასიცოცხლო პრიორიტეტი“ უწოდა განათლების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სფეროც პრიორიტეტულ საკითხებს შორის დაასახელა და განაცხადა, რომ იგეგმება ამ სფეროს მოდერნიზაცია და განვითარება.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. იგი გამოვიდა ინიციატივით, ცალმხრივი წესით გაუქმდეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი.

გამოსვლის შემდეგ გაიმართა პოლიტიკური დებატები მმართველი პარტიისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით. განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირება მოჰყვა პარტია "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას.
XS
SM
MD
LG