Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი აქტივისტი: გარდაცვლილი ჟურნალისტი მიხაილ ბეკეტოვი ნიჭიერი და მგზნებარე ადამიანი იყო


მიხაილ ბეკეტოვი
მიხაილ ბეკეტოვი
ორშაბათს გარდაიცვალა რუსი ჟურნალისტი მიხაილ ბეკეტოვი. 2007 წელს მას უცნობმა პირებმა სცემეს - თავის მრავალჯერადი ტრავმა ჰქონდა მიყენებული. ამ თავდასხმას უკავშირებენ მის საქმიანობას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ მოსკოვის მახლობლად, ხიმკის ტყის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობის საქმეში ფართო კორუფციას მიაკვლია. აქტივისტი, ხიმკის ტყის დამცველთა მოძრაობის ლიდერი ევგენია ჩირიკოვა ჩვენს კოლეგასთან, კლეარ ბიგთან საუბარში 55 წლის ასაკში გარდაცვლილ ბეკეტოვს ახასიათებს როგორც ჟურნალისტს, რომელიც თავისი გაზეთით - “ ხიმკინსკაია პრავდით“ - „სუნთქავდა“. ის გამოცემას მარტოდმარტო უძღვებოდა, სტატიებს თვითონ წერდა და 15 ათას ცალს თვითონვე ბეჭდავდა. ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყოო ჩვენთვის, მთელი მოძრაობისთვის; ის იყო პირველი, ვინც ჩემგან ინტერვიუ აიღოო, გვიამბობს ჩირიკოვა, რომელიც კორუფციის ფაქტების მიკვლევას იხსენებს:

„მიშა იყო პირველი, ვინც ამ პროექტში კორუფციას მიაგნო. თავიდან ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს კორუფცია მხოლოდ ადგილობრივ, მერის დონეზე შეიძლებოდა ყოფილიყო. მიშა მართალი აღმოჩნდა, ჟურნალისტურმა ალღომ ის არ მოატყუა. როგორ? როგორ და მდიდარი ბიოგრაფია ჰქონდა: მუშაობდა ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, მსახურობდა სადესანტო ჯარებში, მიიღო შესანიშნავი ჟურნალისტური განათლება, მუშაობდა ცხელ წერტილებში ჟურნალისტად. ერთხელ კინაღამ მოკლეს კიდეც“ , - გვიამბობს ჩირიკოვა, რომელიც ბეკეტოვზე ამბობს, ახლაც თვალწინ მიდგას, ეს ორმეტრიანი გოლიათი როგორ მსუბუქად დარბოდა, სულ ჩქარობდა, ხელში თავისი გაზეთების შეკვრით, და ან მთავრობას აკრიტიკებდა, ან სიხარულს ვერ მალავდა, როცა კარგი ახალი ამბავი ესმოდაო.

ბავშვივით მიღიმოდა და თავს მიქნევდა, მაგრამ ესმოდა თუ არა, ვერ გეტყვით, თუმცა თვალები საოცრად მრავლისმეტყველი ჰქონდა. მეგობრებმა იფიქრეს, იქნებ გავართოთო და მთხოვეს, უმღერე რამეო. ვუმღერე რუსული ხალხური სიმღერა...
ევგენია ჩირიკოვა
მიხაილ ბეკეტოვს საკუთარ ქალაქში - ხიმკიში - დაესხნენ თავს უცნობი პირები და სასტიკად სცემეს. მაშინ ჟურნალისტმა ცალი ფეხი დაკარგა, ხელზეც რამდენიმე თითი მოჰკვეთეს, თავის დაზიანების გამო ნახევრად დამბლადაცემული იყო, მეტყველება ვერ აღუდგა, ვერ წერდა, ის ხელიც, რომელზეც თითები შერჩა, პარალიზებული ჰქონდა. ჩირიკოვას თქმით, ასეთი ცემის შემდეგ ადამიანები კვდებიან. საოცრება იყო მიშას გადარჩენა, მით უმეტეს, რომ იმ თავდასხმის შემდეგ მთელი დღე მიწაზე ეგდოო. რუსი აქტივისტის თანახმად, ყველაზე ტრაგიკული ის იყო, რომ იცოდა, თავდახმას რომ უპირებდნენ და ამბობდა, თუ რამე დამემართა, ხიმკის საქალაქო ადმინისტრაციის მოწყობილი იქნებაო. ბეკეტოვზე, როცა თავის დროზე ხიმკის ადმინისტრაციას ბრალი დასდო, თავდასხმას მიწყობსო, მერმა საჩივარი დაწერა. მისი საქმე სასამართლომ განიხილა და ცილისწამებისთვის გაასამართლეს. ჩირიკოვა ბეკეტოვთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს:

„კარგად დამამახსოვრდა ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა. მოსანახულებლად მივედი. მასთან საუბარი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო. ბავშვივით მიღიმოდა და თავს მიქნევდა, მაგრამ ესმოდა თუ არა, ვერ გეტყვით, თუმცა თვალები საოცრად მრავლისმეტყველი ჰქონდა. მეგობრებმა იფიქრეს, იქნებ გავართოთო და მთხოვეს, უმღერე რამეო. ვუმღერე რუსული ხალხური სიმღერა. დიდი ინტერესით მომისმინა, ძალიან მოეწონა. ეს იყო ჩემთვის ერთი ნათელი ეპიზოდი ჩვენს ურთიერთობაში“.

დამნაშავეები, ვინც ბეკეტოვს თავს დაესხა, დღემდე არ არიან მიკვლეულნი, ინციდენტიდან ხუთი წლის შემდეგ. საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოვიდა განცხადებით და რუსეთის მთავრობისადმი მოწოდებით, მოძებნონ თავდამსხმელები. ორგანიზაცია ბეკეტოვს რუსეთის მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოების სიმბოლოს უწოდებს.

აქტივისტი ევგენია ჩირიკოვა ბრძოლაში ჯგუფურობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

„როცა იბრძვი, გარშემო უნდა გყავდეს ბევრი ადამიანი,რომლებიც მხარს გიჭერენ. გარს უნდა შემოიკრიბო თანამოაზრეების დიდი ჯგუფი. მიშა მარტო იყო და ეს ძალიან მკაფიოდ ჩანდა. უკეთესია, როცა ბევრი ადამიანია ქალაქის პრობლემებით დაკავებული, რათა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ერთ ადამიანს თუ მოიშორებს თავიდან, 120 ათასი კიდევ დარჩება და ყველას ვერ დახოცავს. ადამიანები, უბრალოდ, უფრო აქტიურნი უნდა იყვნენ“.

ჩირიკოვას ნათქვამს დავამატებ, რომ ბეკეტოვი ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ პრემიით იყო დაჯილდოებული, შარშან კი მიენიჭა რუსეთის მთავრობის პრემიაც, რომელიც მას პირადად ვლადიმირ პუტინმა გადასცა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG