აშშ-ში საინაუგურაციო კვირის შემდეგ აქტიურად გრძელდება ახალი სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელთა დანიშვნის პროცესი. ერთი-ერთია ცენტრალური დაზვერვის სამსახური, რომელსაც 53 წლის რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მიიღეს აშშ-ის სენატის გუშინდელ სხდომაზე.
„აქამდე არნახულ სადაზვერვო ოპერაციებს ამიერიდან უხელმძღვანელებს მდიდარი გამოცდილებისა და მტკიცე ხასიათის მქონე პომპეო“ - ასე წარადგინა კანზასის ყოფილი სენატორი, 53 წლის რესპუბლიკელი მაიკ პომპეო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ორშაბათს, გვიან საღამოს გამართულ ცერემონიაზე. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად პომპეოს დანიშვნას სენატმა მხარი დაუჭირა 66 ხმით 32-ის წინააღმდეგ.
პომპეოს გამოცდილებაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ სამხედრო აკადემიას ნიუ-იორკში, რომელიც მან 1986 წელს დაამთავრა. ცივი ომის დასრულების შემდეგ, მან იმსახურა აშშ-ის შეიარაღებული ძალების დასავლეთ ევროპაში განთავსებულ შენაერთებში. გარდა ამისა, ის ჰარვარდის სამართლის სკოლაშიც სწავლობდა. სენატში ყოფნისას, პომპეო მუშაობდა ვაჭრობისა და ენერგეტიკის, ასევე საშინაო დაზვერვის კომიტეტებში.
რუსეთი რომელმაც კვლავ დაიმკვიდრა თავი უკრაინის ანექსიით და ოკუპაციით, ემუქრება ევროპას და არაფერს აკეთებს, რათა დაგვეხმაროს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებასა და დამარცხებაში...მაიკ პომპეო
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად დამტკიცებამდე, სენატის წევრებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ პომპეოს მოსაზრებები საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებზე. 12 იანვარს სენატის სადაზვერვო კომიტეტში გამართულ სხდომაზე მას მოუწია პასუხის გაცემა ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე, როგორებიცაა რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი საგარეო საფრთხეები, ირანთან მიღწეული ბირთვული გარიგება და კიბერუსაფრთხოება.
„XXI საუკუნის უსაშინლესი ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელმაც სათავე დაუდო ექსტრემიზმისა და რელიგიური შუღლის გაღვივებას“ − ასე შეაფასა სირიის კონფლიქტი აშშ-ის სადაზვერვო სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ და აღშნიშნა, რომ კონფლიქტმა არასტაბილური გარემო შექმნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში:
„უსაფრთხოების თვალსაზრით აშშ უახლეს ისტორიაში ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება. ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ჯერაც ინარჩუნებს კონტროლს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტზე. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ეს ორგანიზაცია და მისით შთაგონებული პირები ვეღარ გააფართოებენ თავიანთ სამოქმედო სივრცეს და ვეღარ შეძლებენ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას“ - აღნიშნა პომპეომ. ტერორიზმის საფრთხე მან კიბერუსაფრთხოების კონტექსტშიც ახსენა.
„ერთ-ერთი სფერო, რომელზეც გავამახვილებთ ყურადღებას კიბერსივრცე იქნება. საზღვრებს მიღმა არსებული ეს გარემო ხელსაყრელ პირობებს უქმნის არა მარტო განვითარებულ მოწინააღმდეგეებს, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, არამედ ნაკლებად განვითარებულ მტრებსაც, მათ შირის ირანს, ჩრდილოეთ კორეას, ტერორისტულ დაჯგუფებებს, კრიმინალურ ორგანიზაციებს და ჰაკერებს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამ საკითხს კვლავაც დიდ ყურადღებას დაუთმობს.“
სენატორებს აინტერესებდათ მაიკ პომპეოს მოსაზრებები რუსეთის როლზე არა მხოლოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით, არამედ რუსეთზე, როგორც ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეზე, რაზეც რესპუბლიკელმა სენატორმა ხაზგასმით უპასუხა, რომ „რუსეთი რომელმაც კვლავ დაიმკვიდრა თავი უკრაინის ანექსიით და ოკუპაციით, ემუქრება ევროპას და არაფერს აკეთებს, რათა დაგვეხმაროს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებასა და დამარცხებაში.“
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, პომპეოს განცხადებებში იგრძნობოდა ნდობა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმ ანგარიშის მიმართ, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტი. პომპეომ ხაზი გაუსვა ერთობლივი მოქმედებების მნიშვნელობას კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში:
„რაც შეეხება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანგარიშს, სრულიად აშკარაა რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს რუსეთის ძალისხმევასთან უკანონოდ მოეპოვებინა ინფორმაცია და გავლენა მოეხდინა აშშ-ის დემოკრატიაზე. არ მაეჭვებს სადაზვერვო სამსახურის მოხსენება და ველი, რომ ფაქტების გამოძიება გაგრძელდება.“
ირანს რაც შეეხება, უნდა შევძლოთ ობიექტურად შევაფასოთ ის პროგრესი, რომელიც მოჰყვა ერთობლივ გეგმას ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით...მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო ერთ-ერთი იყო სენატის წევრთა შორის, ვინც წინააღმდეგობა გაუწია ირანის ბირთვულ გარიგებას. 12 იანვარს სენატში გამართულ მოსმენაზე მან დაადასტურა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშვნის შემთხვევაში ის უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებაზე:
„ირანს რაც შეეხება, უნდა შევძლოთ ობიექტურად შევაფასოთ ის პროგრესი, რომელიც მოჰყვა ერთობლივ გეგმას ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით.“
რაც შეეხება ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის კიდევ ერთ სავარაუდო წევრს, რექს ტილერსონს, ორშაბათს მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სავარძლისკენ. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე მისი კანდიდატურა ხმების მინიმალური უპირატესობით მოიწონეს: 11-10-ის წინააღმდეგ. ტილერსონის კანდიდატურის მოწინააღმდეგეებს შორის იყო დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი, რომლის განცხადებითაც, „ტილერსონის პასუხები მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხების გარშემო უფრო მეტად ჰგავდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პასუხებს, ვიდრე სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის მოსაზრებებს“.
თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტილერსონის კანდიატურას მხარი დაუჭირა მისმა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ, რომელმაც სენატში გამართულ მოსმენაზე ტილერსონს ჰკითხა, თვლიდა თუ არა ის რუსეთს ომის დამნაშავედ სირიაში სამოქალაქო პირებზე განხორციელებული დაბომბვების გამო, რაზეც ტილერსონმა უარყოფითად უპასუხა.
ტილერსონის კანდიდატურას სენატმა უახლოეს დღეებში უნდა უყაროს კენჭი.