13:01
1.10.2012
თბილისში საბურთალოს N26 საარჩევნო უბანზე ეგზითპოლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგა" ახორციელებს. უბანზე ამომრჩეველთა სიმრავლეა. - გვატყობინებს თბილისიდან სოფიკო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:03
1.10.2012
ხაშურის რაიონის N46 საარჩევნო უბანზე მოხდა დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებლებს შორის. რის შემდეგაც კოალიციის წარმომადგენლებს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი. კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მალხაზ ლომუაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა გაყალბებას, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კილაძე უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ არჩევნები წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. - გვატყობინებს ხაშურიდან მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:15
1.10.2012
ქალაქ ზუგდიდის N13 უბანზე კოალიცია ”ქართული ოცნების” დამკვირვებელმა მოქალაქეს ყალბი პირადობის მოწმობა აღმოუჩინა. ქალბატონს უბანი დაატოვებინეს. მისი წასვლის შემდეგ უბანი თავისი სურვილით დატოვა რიგში მყოფმა სამმა მოქალაქემ. დამკვირვებლის თქმით, შესაძლოა მათაც ყალბი დოკუმენტაცია ჰქონოდათ. - გვატყობინებს ზუგდიდიდან თამარ ზანთარაია (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
13:20
1.10.2012
თბილისში ისნის N12 უბანზე საარჩევნო პროცესის ექსცესების გარეშე მიმდინარეობას ადასტურებენ უბნის თავმჯდომარე ელენე კვაჭანტირაძე და უბნის დამკვირვებელი თამარ ვარსიმაშვილი. - გვატყობინებს თბილისიდან ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).