19:45
1.10.2012
დიღმის მასივში N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი, ნელი კოშაძე აცხადებს რომ მისი ავადმყოფი მამის მაგივრად სხვამ მოაწერა ხელი, რადგან ეუბნებიან, რომ მასთან სახლში იმყოფებოდნენ, ის კი ამტკიცებს, რომ კარებს ვერ გაუღებდა ვერავინ და ცდილობს, გაარკვიოს ვინ მოაწერა ხელი მამამისის მაგივრად. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლება მედიასკოლა).
19:30
1.10.2012
ზუგდიდის N81, N82, N88 საარჩევნო უბნებზე აღინიშნა სამი დარღვევა. N13 საარჩევნო უბანზე, მოქალაქეთა მტკიცებით, 300 ადამიანზე მეტი "გამოგონილი პირია", იტყობინება მარიამ ჯგუშია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
19:24
1.10.2012
ხულოს რაიონის N24 საარჩევნო უბანზე სულ 1417 ამომრჩეველია. 18:47 საათისათვის საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 740-მა ამომრჩეველმა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ჯიმშერ წარაძის თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევა არ აღნიშნულა, გარდა ერთი შემთხვევისა: ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენი აერია და შვილმა დედის ნაცვლად მოაწერა ხელი. ამ ფაქტზე დაიწერა საჩივარი საოლქოში კომისიაში წარსადგენად, იუწყება ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
19:22
1.10.2012
თბილისში, საბურთალოს N3 ოლქის N68 საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ 1500 ამომრჩევლიდან ამ წუთებისთვის ხმა მისცა 900-მა, უბანზე დარღვევები არ აღინიშნება, იტყობინება სოფო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).