16:33
27.10.2013
15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32% შეადგინა. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ყევლაზე მაღალი აქტივობაა გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. ცესკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი კვლავ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ჯერჯერობით რაიმე არსებითი დარღვევები არ ხდება.
16:33
27.10.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიულმა მოძრაობამ.” პარტიის პრესსპიკერმა თამარ ცინცაბაძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დაასახელა კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა. ამ ფაქტს დემოკრატიული მოძრაობა აფასებს აგიტაციად, რომელიც კენჭისყრის დღეს აკრძალულია. ბრალდების საპასუხოდ ბრიფინგი მოიწვია ”ქართული ოცნების” იურიდიული სამსახურის უფროსმა თედო კობახიძემ. მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ხმა გიორგი მარგველაშვილს მისცა, კანონდარღვევა არ ყოფილა. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო უბნის გარეთ გაკეთებული განცხადება არანაირ მოწოდებას არ შეიცავდა.
16:33
27.10.2013
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას შეუფერხებლად, უპრეცედენტოდ თავისუფალ გარემოში აძლევენ - განაცხადა თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ. მისივე თქმით, კენჭისყრის პროცესი, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო მეთვალყურეები აკვირდებიან, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ”საქართველოს თავდაცვის მინისტრს არაერთხელ უთქვამს და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქართული შეიარაღებული ძალები მიუკერძოებელი და აპოლიტიკურია და ვერავინ მოახდენს ზეგავლენას სამხედრო მოსამსახურეთა გულწრფელ არჩევანზე“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ძნელაძემ.
16:36
27.10.2013