დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ, 22 ოქტომბრის 18:00 საათის მდგომარეობით მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების უმრავლესობა სამივე სახის არჩევნებისთვის დათვლილია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დათვალა ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის და თბილისის პროპორციული სისტემის არჩევნებისთვის. რაც შეეხება თვითმმართველი თემის მერის, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის არჩევნების შედეგებს საქართველოს მასშტაბით, მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის ასევე დათვლილია.
“ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა (11 დღის ვადაში). შეჯამების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში, სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი წლის გაზაფხულზე მოძრაობა პარტიად ჩამოყალიბდება, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სერიოზულად გაიმართება წელში“. უსუფაშვილი 21 ოქტობრის არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე, საზოგადოებამ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა თანხვედრა იხილა. უსფაშვილის თქმით, ‘შენების მოძრაობის“ გეგმაა, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავს ფაქტებს შეუშალოს ხელი. დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 55,73 %-იანი მხარდაჭერა აქვს, რითაც პარტიებს შორის პირველ ადგილზეა. დათვლილია 3644-ვე უბანი. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ 53,06%-ით პირველ ადგილზეა პროპორციულ არჩევნებში დედაქალაქის მასშტაბითაც.
საფეხუბრთო კლუბ "მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.