12 საათის მონაცემებით, გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14404-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 13,07 პროცენტია. სულ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 110 174 ამომრჩეველი. გახსნილია 105 საარჩევნო უბანი. გორის მერობის პოსტისთვის კენჭს იყრის ცხრა კანდიდატი, ხოლო პროპორციული სიებით წარმოდგენილია 13 პოლიტიკური სუბიექტი. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია ერთი საჩივარი. 90 -ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა უბნის თავმჯდომარის დაგვიანებით გამოცხადების გამო. როგორც გოგა აფციაური გვატყობინებს, გორში არჩევნები ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს.
რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი, "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, კონსტანტინე კანდელაკი ლაპარაკობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე.
საარჩევნო მედიაცენტრი. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი
პარლამენტის წევრები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე მარნეულში ჩავიდნენ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბესელიამ განაცხადა, რომ კენჭისყრის დასრულებამდე მარნეულში დარჩება და თვალს მიადევნებს ხმის მიცემის პროცესს. ბესელიას თქმით, რაც თავად ნახა და იმის მიხედვით, რა ინფორმაციასაც იღებენ უბნებიდან, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანში ხუთშაბათს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბესელიამ თქვა, რომ მიმდინარეობს არსებული ინფორმაციის გადამოწმება და შესწავლა.