თელავში სამოქალაქო კამპანიის მონაწილეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელზეც ბოლოში ხელით არის მიწერილი ნომერი და სიტყვა „ცხვარი“, რომელიც შემოხაზულია. იხ. მეტი.
ადიგენში სპეცრაზმია მობილიზებული, ამ ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია - "სამხრეთის კარიბჭე".
გორში "შენების მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა პაპიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ღია აგიტაციას ეწევიან საარჩევნო უბნებთან და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობასაც აქვს ადგილი. ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში უპასუხეს. პარტიის წარმომადგენელი მარლენ ნადირაძე არ უარყოფს, რომ საარჩევნო უბნებთან მათი პარტიის წევრები საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას ახდენენ, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ არის კანონდარღვევა, - გვატყობინებს გოგა აფციაური.
15:00 საათის მონაცემებით, მარნეულის 22 საარჩევნო ოლქში 24 ათას 584 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 25 პროცენტია. საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის განცხადებით, ამ დროისთვის 12 საჩივარია შესული სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან, მათ შორის, ყიზილაჯლოს საარჩევნო 89-ე უბნიდან. მისივე თქმით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა, რომელსაც არჩევნების დასრულების შემდეგ განიხილავენ. მისივე თქმით, რამდენიმე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, სოფელ შულავერში მომხდარ ინციდენტთან, ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ ჰქონიათ. დღეს, ნაშუადღევს, მარნეულის ცენტრში ორი ავტობუსი დადგა, სადაც სამართალდამცველები ისხდნენ. ცოტა ხანში ავტობუსები მოედნიდან გაუჩინარდნენ. - გვატყობინებს დავით მჭედლიძე.