ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ათეულობით ოჯახს მიწის საკუთრების პრობლემა აქვს. ისინი წლებია ვერ იკანონებენ მიწას, საიდანაც ოჯახისთვის წლიურ სარჩოს იღებენ. არიან ოჯახები, ვისაც ნაკვეთი უკვე გაუყდეს. დაპირებების მიუხედავად, ვერც ყოფილმა და ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ პრობლემა ვერ მოაგვარა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლ ჭაბუკიანში მცხოვრები ბარბაქაძეების ოჯახი საკრებულოს წევრს, ზვიად ხვედელიძეს, აგროფირმა „ჭაბუკიანის“ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ხვედელიძე აღნიშნულ აგროფირმას ხელმძღვანელობდა.
თედო ბარბაქაძე ამბობს, რომ ვენახი, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ამუშავებდა, საბჭოთა კავშირის დროს გაშენდა, მოგვიანებით კი აგროფირმა „ჭაბუკიანს“ გადაეცა, რომელიც 100 %-ით სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა. ბარბაქაძე იხსენებს, რომ 2002 წელს, ძლიერი სეტყვის შედეგად, ვენახი განადგურდა და აგროფირმამ მისი დამუშავება შეწყვიტა, მიტოვებული ვენახის მოვლა კი ადგილობრივმა მოსახლობამ დაიწყო:
„არ იყო არც მავთული, არც მერქანი, სულ გაპარტახებული იყო. შევედით და დავიწყეთ დამუშავება. შევიტანეთ საყრდენიც, მერქანიც, მავთულიც და გავმართე მე თვითონ. ვენახს მე თვითონ ვუვლიდი 2013 წლამდე“.
თედო ბარბაქაძის მეუღლე, ლია ბარბაქაძე, ამბობს, რომ წლების განმავლობაში ოჯახი ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ ვაზს უვლიდა და მოსავალს იღებდა, მოგვიანებით კი გაიგო, რომ მისმა თანასოფლელმა, რომელიც აგროფირმას ხელმძღვანელობდა, ვენახი რამდენიმე წლით ადრე აუქციონზე მიზერულ თანხად შეიძინა და დაინტერესებულ პირს, ვინმე კოტორაშვილს, გადაუფორმა ისე, რომ მათთვის არ კი უცნობებია:
„აღმოვაჩინე, რომ თურმე 2008 წელს ჰქონდა ნაყიდი ხვედელიძეს აუქციონზე და რომც დაინტერესებული პირი ვყოფილიყავი, მე ვერ მივხვდებოდი ამას, იმიტომ რომ ორივე გაყიდულ ნახაზში მითითებული არის ცარიელი ადგილი და არა ვენახი. სახელმწიფომ როგორ გაყიდა ეს ვენახი, როცა მე ამდენი წელია ვცდილობ მის დაკანონებას?“
დოკუმენტაციით, რომელსაც ოჯახი ფლობს, ირკვევა, რომ 2008 წელს ხვედელიძემ ვენახი აუქციონზე, როგორც ცარიელი მიწა, 250 ლარად შეიძინა. 2013 წელს კი თავის თანასოფლელ ავთანდილ კოტორაშვილზე გადაყიდა. ზვიად ხვედელიძე დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელია. დეპუტატი ამბობს, რომ განადგურებული ვენახი მაშინ სხვისთვის, როგორც მინდობილმა პირმა, ისე შეიძინა:
„ხომ შემიძლია განვაცხადო პირდაპირ, რომ სახელმწიფომ გაიტანა აუქციონზე, როგორც სახელმწიფო საკუთრება, მე კი მივედი და ვიყიდე! ეს იქნებოდა კონკრეტული პასუხი, მაგრამ კიდე ვიმეორებ: მე ეს ნაკვეთები შევიძინე აუქციონზე, კონკრეტული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე. მე ვმოქმედებდი მინდობილობით, არც არავისი ინტერესი არ ყოფილა გამოკვეთილი და არავინ მონაწილეობა არ მიიღო, ჩემს გარდა. ამიტომ ვიყიდე“.
აგროფირმა „ჭაბუკიანის“ მფლობელობაში არსებული ვენახები, რომლებსაც მოსახლეობა წლების განმავლობაში ამუშავებს, დღემდე სახელმწიფოს საკურებაა. მევენახეებმა, როგორც თავად ამბობენ, არაერთხელ სცადეს დაკანონება, თუმცა უშედეგოდ. ბოლო ასეთი მცდელობა მათ 2012 წელს ჰქონდათ:
„მე არ მიმაჩნია სწორად: ამდენი წელი პატრონობ და მერე გეუბნებიან, რომ შენი არ არისო“.
სოფელ ჭაბუკიანში მცხოვრები მევენახეების პრობლემას კარგად იცნობს ადგილობრივი თვითმმართველობა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ სარალიძე ამბობს, რომ ამ საკითხს საკრებულოში აგროფირმა „ჭაბუკიანის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხვედელიძე, კურირებს:
„უფრო სამართლიანი იქნება, თუ ამ გლეხებს მივცემთ, იმიტომ რომ უმეტესობა ამ ვენახებისა თავად ამ გლეხების გაშენებულია. ეს ვენახები საბჭოთა პერიოდიდან მოდის და ეს ხალხი უვლის მუდმივად. შეიძლება რამდენიმე იყოს გამონაკლისი და სხვისგან ჰქონდეს აღებული, მაგრამ ძირითადად მათი გაშენებულია“.
ათობით მევენახე დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს. მათ წლების განმავლობაში მოვლილი ვენახისა და ერთადერთი შემოსავლის დაკარგვის შიში აქვთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ მიწების დამუშავება წელსაც დაიწყეს.