თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს, მილან კუნდერას, 2000 წლის შემდეგ რომანი აღარ ჰქონდა გამოქვეყნებული. ახალ ათასწლეულში პროდუქტიულობით არ გამოირჩეოდა, ძირითადად ესეებს და სხვადასხვა წიგნებისთვის წინათქმებს წერდა. ცამეტწლიანი შუალედის შემდეგ, მან როგორც იქნა თავის ერთგულ მკითხველს მორიგი რომანი შესთავაზა, თუმცა კი ფრიად მცირე, სულ რამდენიმე საათში რომ წაიკითხება. გამომცემლობა „დიოგენემ“ მისი „უმნიშვნელობის ზეიმი“ წელს დაბეჭდა სერიით „ET SETERA”. წიგნის მთარგმნელია ლია რუხაძე.
ამ ერთი კვირის წინ „დიოგენემ“ მთებში წაგვიყვანა მწერლები ლიტერატურული საღამოს ჩასატარებლად. ტრანსპორტში გამომცემლობის ერთ-ერთი თანამშრომლის ხელში ეს ახლახან გამოსული წიგნი რომ დავინახე, მე, როგორც ამ ავტორის ხარბმა მკითხველმა, რომანი მის მფლობელს ლამის ხელიდან წავგლიჯე და იქვე, „მარშრუტკის“ ჯანჯღარში, კითხვას შევუდექი, რასაც, როგორც წესი, არ ვშვრები ხოლმე. გამოცემის წელს არ დავკვირვებივარ და თავიდან მომეჩვენა, რომ ეს ტექსტი რუსულად წაკითხული მქონდა, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ვცდებოდი. კითხვის პროცესი ფრაგმენტულად მიმდინარეობდა, ტრანსპორტიდან მერე კემპინგში, მზის გულზე გაგრძელდა, ტექსტიც ძალიან ფრაგმენტული იყო, პერსონაჟები თავიანთი მოკლე ამბებით და სხვადასხვანაირი ფიქრებით სულ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ბრუნდებოდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, ახლებიც ემატებოდათ და კვადრატში აყვანილმა ამ ფრაგმენტულობამ გვარიანად დამაბნია - ვერ მივყვებოდი ავტორს, რა უნდოდა, საითკენ მივყავდი და რატომ, ალღოს ვერ ვუღებდი. ფრანგი ნაცნობ-მეგობარი მამაკაცების ისტორიებს შორის სტალინისა და მისი პოლიტიკური გარემოცვის ანეგდოტებივით მოყოლილი ამბებიც გამოეჩხირა, ერთ-ერთი მეგობრის, შარლის ფანტაზიებში მარიონეტების თეატრის სახით რომ არსებობს... აქეთ ალენი დედამისს იხსენებს მუდამ, რომელმაც პატარაობისას მიატოვა და ბოლო შეხვედრისას, ათი წლის ასაკში,საცურაო აუზზე ჭიპზე დააკვირდა და აკოცა, და ისიც ახლა ჭიპზე, როგორც თანამედროვეობის ახალ ეროტიკულ სიმბოლოზე, ფიქრობს, კონცეფციას ალაგებს, ბიბლიურ სიღრმეებშიც ჩადის. იქით დ’არდელო, რომელიც კიბოს გადაურჩა, მაინც იტყუება, რომ კიბო სჭირს და თავის დაბადების დღეზე ვითომდა გამოსათხოვარ წვეულებას აწყობს. კალიბანი ამ წვეულებას ემსახურება, პაკისტანელის როლს ირგებს და მის მიერ მოგონილ „პაკისტანურ ენაზე“ მეტყველებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი ფაზლს ჰგავს, რომელიც ბოლოსკენ უნდა აიწყოს ან ასევე დარჩეს, აუწყობელი, თუმცა რაღაც მესიჯი მაინც უნდა გამოგზავნოს. ამ ფაზლის ნიშან-თვისებებზე საუბარი ცოტა ხანში გავაგრძელოთ, ახლა კი მთარგმნელ ლია რუხაძეს მოვუსმინოთ.
ლია რუხაძე: იცით, რაღაცნაირი პროცესია თარგმნის. თავისით ითარგმნა. აი, რომ ვკითხულობდი ფრანგულ ტექსტს, ქართული ეგრევე ედებოდა. და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ვთარგმნიდი. ყოველი მისი ნაწარმოები საოცრად არ ჰგავს ერთმანეთს. იმდენად, რომ ხანდახან, რომ არ იცი, ვის კითხულობ, არაფრით გეგონება, რომ ეს ავტორია. ჯერ ერთი, თემებს ეხება სხვადასხვას. სტილიც, საკვირველია, მაგრამ რაღაცნაირად იცვლება მის ნაწარმოებებში. ეს რომანი სულ სხვა სტილითაა დაწერილი, ვიდრე მისი წინა ტექსტები. კუნდერა არის ძალიან საინტერესო ესეისტი, მუსიკოლოგია ძალიან სერიოზული. სხვათა შორის, ეს ნაწარმოები, ვინც მუსიკოსია, შეამჩნევს, რომ რონდოს სტილშია დაწერილი. ტრიალებს... და კიდევ იმას დავამატებდი, რომ ამის წამკითხველმა სერიოზულად რომ აღიქვას ეს წიგნი და არა როგორც რაღაც სალაღობოდ დაწერილი, უნდა ჰქონდეს წაკითხული მისი წინა ნაწარმოებები.
თვითონ ამბობს: "მთელი სიცოცხლე ვცდილობდი დამეწერა სერიოზულ თემებზე, სერიოზულ საკითხებზე ხუმრობით, მსუბუქად, იუმორით... და აი, ამ წიგნში ვაკეთებ ამას." სხვათა შორის, მეუღლე ჰყავს, რომელიც, მე მგონი, მისი ყველაზე სერიოზული ლიტერატურული კრიტიკოსია, და მან უთხრა: "გაფრთხილებ, ეს შენ დიდ უბედურებებს გადაგყრის"...ლია რუხაძე
ეს „სალაღობოდ წერა“, შეიძლება ითქვას, მილან კუნდერას ერთ-ერთი „საფირმო ნიშანია“. 1967 წელს დაწერილი „ხუმრობიდან“ მოყოლებული, ის ყველა თავის თემას - სოციალურს, პოლიტიკურს თუ ფილოსოფიურს - ანეგდოტების, საპნის ბუშტივით ამბების ბაზაზე აგებდა ხოლმე. წინა ნაწარმოებებში ყოველივე ეს საკმაოდ თვალსაჩინოდ გარდაიქმნებოდა და თანდათან ინტეგრირდებოდა გლობალურ პრობლემატიკაში. „უკვდავება“, „აუჩქარებლობა“, „სინაღდე“, „შეუცნობელი“ - მწერალი რომანებს ძირითადად ისეთ სათაურებს აძლევდა, საიდანაც თემატიკის სერიოზულობა მუდამ გამოსჭვიოდა, თავის ბოლო ტექსტს კი იგი „უმნიშვნელობის ზეიმს“არქმევს. ანუ ამჟამად ცოცხალი კლასიკოსი თითქოს მკითხველს იმ სიბრტყეზე ტოვებს, რომელიც, წესით, ტრამპლინად უნდა გამოეყენებინა. მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ვითომ ნიშნავს უმნიშვნელო რამეებზე წერა არასერიოზულად წერას? განა უმნიშვნელობა ისეთივე რთული საკვლევი არაა, როგორც ის ფენომენები, რომლებიც ავტორს სხვა რომანების სათაურებში გამოჰქონდა? მოვუსმინოთ კვლავ ლია რუხაძეს.
ლია რუხაძე: თვითონ ამბობს: "მთელი სიცოცხლე ვცდილობდი დამეწერა სერიოზულ თემებზე, სერიოზულ საკითხებზე ხუმრობით, მსუბუქად, იუმორით... და აი, ამ წიგნში ვაკეთებ ამას." სხვათა შორის, მეუღლე ჰყავს, რომელიც, მე მგონი, მისი ყველაზე სერიოზული ლიტერატურული კრიტიკოსია, და მან უთხრა: "გაფრთხილებ, ეს შენ დიდ უბედურებებს გადაგყრის". ლიტერატურული კრიტიკა ჩამივარდა ხელში ფრანგული პრესიდან და შემიძლია ვთქვა, რომ კარგად, ძალიან სერიოზულად მიიღეს, გაუგეს ეს სიღრმე და ის მიზანდასახულობა, რაც იყო: აი ასე, თითქოს მსუბუქად და იუმორისტულად, მაგრამ ამ დროს ძალიან სერიოზულ რაღაცას გვეუბნება.
ფრანგულმა პრესამ გაუგო, მაგრამ ნეტა მე გავუგე? ვუკვირდები საკუთარ თავს. რაღაცებმა, არაფრისმთქმელი და ლამის ტყუილად დაწერილი რომ მეგონა და კითხვისას მხრებს რომ ვიჩეჩდი, როგორც ვატყობ, მაინც იმუშავა და ჩამრჩა გონებაში, თავისებური ფიქრები გამიჩინა, მაგრამ უკმაყოფილების, უკმარისობის გრძნობა ამან ვერ ჩამიკლა. ეს ფაზლი, საბოლოო ჯამში, მაესტრომ არ ააწყო (თუკი აწყობაში იმას არ ჩავუთვლით, რომ ფინალში ლუქსემბურგის ბაღში, სადაც მისი ფრანგი მამაკაცები დასეირნობენ და ერთმანეთს შორის ლაყბობენ, კაკბებზე მონადირე სტალინი და შარდის შეუკავებლობით გატანჯული კალინინი შემოარბენინა). კუნდერამ ყველა პერსონაჟი თავის არაფრისმომცემ, პასუხისმგებლობებისგან გამოწურულ და ნაძალადევი ხალისით ნაწვალებ ცხოვრებაში უღონოდ ჩატოვა და მთელ რომანს უღონობის შლეიფი გააყოლა. და არა მხოლოდ პერსონაჟების, არამედ მხცოვანი მწერლის უღონობაც რაღაცნაირად შემაწუხებლად მოგდევს თან ტექსტის კითხვისას. მას სიცოცხლის ბოლოსკენ ის დასკვნა გაუკეთებია, რომ ახალი ცივილიზაცია ხუმრობებს უკვე ვეღარ გაიგებს და ვერ გაიცინებს, მაგრამ ძველი დიდოსტატობით და მეთოდებით ცდილობს მაინც ძველებურად იანცოს და აქედან რაღაც ახალი კონცეფცია გამოადნოს. ცდილობს კიდევ ერთი ზეიმი მოუწყოს მკითხველს, მაგრამ ეტყობა, რომ დაღლილია და აღარ გამოსდის ისეთი ზეიმი, ადრე რომ გამოსდიოდა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე და ვიგრძენი და ამიტომ, ვინც ამ მწერალს არ იცნობს, არ ვურჩევდი, ამ წიგნით დაიწყოს მისი გაცნობა. მეეჭვება გაუგონ მას უმნიშვნელობისა და არასერიოზულობის ამ დეკადანსში.