Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რას შეცვლის კოალიციაში მიმდინარე პროცესები ზუგდიდის საკრებულოში


ზუგდიდი
ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები საკრებულოში რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ ეს პროცესები მათ მუშაობას უფრო საინტერესოს გახდის.

რესპუბლიკური პარტიის რეგიონალური კოორდინატორი და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა მიიჩნევს, რომ მისი პარტიის გადაწყვეტილება ზრდის კონკურენციას, რაც დემოკრატიული პროცესია:

„ჩვენ კონკურენტულ გარემოში ადრეც გვიწევდა მუშაობა საკრებულოში. ეს კონკურენცია საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო გაძლიერდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდებით ან რაღაც საკითხებში გავემიჯნებით. იქნება საკითხები, სადაც ჩვენი პოზიცია იქნება განსხვავებული. თუ ჩვენ შევჯერდით, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ზუგდიდისთვის, ამას ერთობლივად დავუჭერთ მხარს”.

მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს ნაადრევად მიიჩნევენ საკრებულოს წევრები „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

საკრებულოში „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენლის თენგიზ ხარჩილავას სიტყვებით კი, ეს მოვლენები საკრებულოს მუშაობას კონკურენციის გაზრდის პირობებში უფრო საინტერესოს გახდის. ის მიიჩნევს, რომ კოალიციის წევრების ურთიერთობა ახალ ეტაპზე არ იქნება მწვავე დაპირისპირების ფორმატში, ისეთი, როგორსაც ქართული საზოგადოებაა შეჩვეული.

„ეს კონკურენცია მიიღებს, ალბათ, უფრო თანამედროვე, ცივილიზებულ ფორმას და იქნება კრიტიკა, მაგრამ საღი - არა ემოციის, არამედ ცივი გონების ფონზე“, - განმარტა მან.

ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ რესპუბლიკური პარტია კრიტიკული არ იქნება. ფრაქციის წევრის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში „რესპუბლიკელების“ ქმედებები როგორც ადრე, ამჯერადაც დამოკიდებული იქნება სათავო ოფისზე:

„მე მათი მხრიდან არ ველოდები რადიკალიზმს ან განსხვავებულ პოზიციას, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართული არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მუშაობს სუსიც. ეს ადამიანები დღეს არიან თანამდებობებზე და ძალიან ადვილია, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, რამის მოძებნა იმისთვის, რომ მათ სხვა პოზიცია არ ჰქონდეთ“.

არც საკრებულოს თავმჯდომარე ელოდება რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს. მერაბ ქვარაიას სიტყვებით, ზუგდიდის საკრებულოსთვის ჯანსაღი ოპონირების პირობებში მუშაობა ჩვეულებრივია და მომავალშიც ამ ფორმით გაგრძელდება მუშაობა:

„ჩვენი ფოკუსირება ხდება იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რაც ქალაქში ხდება. შესაბამისად, საკრებულო იქნება ერთსულოვანი ამ პრობლემებთან გამკლავების თვალსაზრისით. საკრებულო ჩვეულ რიტმში აგრძელებს და გააგრძელებს მომავალშიც მუშაობას“.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო 15 წევრისგან შედგება. აქედან 9 კოალიციის წარმომადგენელია. მასში შედის რესპუბლიკური პარტიის სამი და კონსერვატიული პარტიის ერთი წევრი. ოპოზიციურ ფლანგს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი, „თავისუფალი დემოკრატების“ ორი და „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ერთი წევრი წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG