Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონი არ არღვევს კონვენციას“


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საქართველოს კანონი არ არღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციას - ეს გადაწყვეტილება გამოიტანა 15 ივლისს ევროპის სასამართლომ საქმეზე „იზეთ აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“. ქურდული სამყაროს წევრობისათვის ნასამართლევმა იზეთ აშლარბამ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 2008 წელს მიმართა. მომჩივანი აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის დებულებები, რომელთა საფუძველზეც მას „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა, არ არის საკმარისად ნათელი. შესაბამისად, იზეთ აშლარბას თანახმად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპი: „ არავითარი სასჯელი კანონის გარეშე“. ევროპის სასამართლომ მომჩივანის აზრი არ გაიზიარა. მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 3 თვის ვადაში შეუძლიათ.

მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ ევროსასამართლო ამ შემთხვევაში დაიჭერდა სწორ პოზიციას...
ოთარ კახიძე

იზეთ აშლარბას 2007 წელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის, კანონიერი ქურდის დავალებების შესრულების გამო, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მომჩივანი აღნიშნავდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ის გაასამართლეს, არ იყო საკმარისად განჭვრეტადი და მკაფიო, იმისათვის, რომ განესაზღვრა, რა ტიპის ქმედება შეიძლება მიჩნეულიყო დასჯად ქმედებად - კრიმინალური სამყაროს წევრობად.

თავის მხრივ, ევროპის სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომჩივან აშლარბას არ ესმოდა სისხლისსამართლებრივი ცნებები ზოგადი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ცოდნის მეშვეობით, უფრო ფართო კანონმდებლობის ფარგლებში, ადვილად შეეძლო განეჭვრიტა, რომ მის ქმედებებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. სასამართლოს დადგენილებაში ხაზგასმულია ისიც, რომ აღნიშნული კანონის ეს სადავო დებულება იყო ნაწილი იმ ფართო კანონმდებლობისა, რომელიც მოიცავს ისეთი ტერმინების დეტალურ განმარტებებს, როგორიცაა „ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდი“.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ 2005 წელს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელმაც კანონიერი ქურდობა დასჯადი გახადა, არ არღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციას. საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანახმად, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებით საქართველოში რეალურად დასრულდა დებატები იმის თაობაზე, „კანონიერი ქურდობა“ არის თუ არა საკმარისად მკაფიოდ განსაზღვრული და დასჯადი სისხლის სამართლის კანონმდებლობით:

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

“ჩვენი კანონმდებლობა არავითარ ცვლილებას არ საჭიროებს, არ შეიცვლება და კანონიერი ქურდობის ინსტიტუტი ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვა და უნდა ამოიძირკვოს საქართველოში. რადგან, როგორც სტრასბურგის სასამართლოც ამბობს, და ამ ნაწილში იზიარებს მთავრობის არგუმენტებს, კანონიერი ქურდობის ინსტიტუტი ყველაზე საშიში შეიძლება იყოს ახალგაზრდობისათვის“.

თეა წულუკიანის ამ აზრს იზიარებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძე. იგი ამბობს, რომ ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან - მათ შორის ქურდული სამყაროს პრობლემასთან - ბრძოლა შეუძლებელია, თუ სახელმწიფომ ეფექტური სისტემური მიდგომა არ გამოავლინა. ოთარ კახიძის თანახმად, სწორედ ამ გამოწვევას უპასუხა სპეციალური კანონმდებლობით 2005 წელს საქართველომ:

“მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ ევროსასამართლო ამ შემთხვევაში დაიჭერდა სწორ პოზიციას. ორგანიზებული დანაშაულისა და მაფიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა შეუძლებელია ამგვარი საკანონმდებლო რეგულირებების გარეშე. ამგვარი მიდგომა შეარჩია თავის დროზე იტალიის სახელმწიფომ, როდესაც დღის წესრიგში სერიოზულად დადგა მაფიასთან დაპირისპირება“.

ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის გადახედვის მოთხოვნამ აქტუალობა შეიძინა მიმდინარე წლის დასაწყისშიც. „სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე მუხლის პირველი თავის ხარვეზზე, როგორც ეგრეთ წოდებული განსაზღვრულობის ხარვეზზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გაამახვილა ყურადღება.

ეს ცალსახაა, რომ კანონი არ გადაიხედება, ეგ საკითხი არ გადაიხედება. ამაზე ერთმნიშვნელოვნად თქვით კომენტარით, თუ შეგეკითხებიან...
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ არავინ აპირებს გადახედოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომლის თანახმადაც ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადი ქმედებაა.

“ეს ცალსახაა, რომ კანონი არ გადაიხედება, ეგ საკითხი არ გადაიხედება. ამაზე ერთმნიშვნელოვნად თქვით კომენტარით, თუ შეგეკითხებიან“, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას მთავრობის სხდომაზე წინ უძღოდა გეგუთის კოლონიის 1400-მდე პატიმრის ერთობლივი განცხადება ხელისუფლებისა და უფლებადამცავი ორგანიზაციების მისამართით. მსჯავრდებულების მოთხოვნა შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის 223(1) მუხლის გაუქმებას. მათი აზრით, აღნიშნული მუხლის საფუძველზე ბევრი პატიმარი უკანონოდ იხდის სასჯელს. მსჯავრდებულთა ამ მოთხოვნას იზიარებდა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. მისი პოზიციები ძირითადად უცვლელია ამავე მუხლზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგაც:

“აქ ჩვენ უფრო ლაპარაკი გვქონდა და პრეტენზიები გვქონდა იმასთან, როგორ წყდება ეს კანონი ცხოვრებაში. აი, ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ, თორემ თავისთავად, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ - თუნდაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ - რაღაც კანონი არსებობდეს, თუ ის ცხოვრებაში ნორმალურად გატარდება, არც მე და არც ერთი ობიექტური ადამიანი ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა. როგორც ჩანს, ისინი გამოდიან იქიდან, რა წერია ქაღალდზე და არა იქიდან, რა ხდება პრაქტიკაში“, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ საქმეზე „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ 15 ივლისს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასაჩივრებისთვის მხარეებს სამთვიანი ვადა მიეცათ.

XS
SM
MD
LG