Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჟურნალისტების თვალით დანახული თვითმმართველობები კახეთში


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

კახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები 2014 წელს აფასებენ. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ისევ არის მედიასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემა, ისევ დაგვიანებით და არასრულყოფილად გაიცემა საჯარო ინფორმაცია - ყველაზე საინტერესო ფაქტები, რომლებიც ჟურნალისტთა ობიექტივში მოხვდა და ჩინოვნიკები, რომლებიც ჟურნალისტებს არ სწყალობენ.

მაია მამულაშვილი გაზეთ „კახეთის ხმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ამბობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ და ტონი, რომლითაც თუნდაც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, არ არის თანამშრომლობისთვის მზაობის სიგნალი. მამულაშვილის თქმით, წლის ბოლოს კახეთში რამდენიმე მაღალჩინოსანს შემაჯამებელი ინტერვიუ სთოხვეს, მაგრამ მათგან კატეგორიული უარი მიიღეს - „მათ, უბრალოდ, არ სცალიათ“.

„ისინი ვალდებული არიან, რომ მედიასთან ითანამშრომლონ. თუკი ჟურნალსიტებს არ დაელაპარაკებიან, დაემალებიან და მუდმივად გაბრაზებული ტონით მიმართავენ, ასე თანამშრომლობა არ გამოვა. მედიის კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან კარგია, მაგრამ გამუდმებით მხოლოდ მედია აკრიტიკონ, ეს საზოგადოებაზე კარგად არ აისახება“.

„ეს არ იყო ადვილი წელი ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის“, - ამბობს გელა მთივლიშვილი, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი. გელას თქმით, 2013 წელთან შედარებით, 2014-ში საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციაზე წვდომის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. სწორედ ინფორმაციის ვერმიღების გამო მათ რამდენჯერმე სასამართლოსაც მიმართეს და ერთ შემთხვევაში პროცესი ნაწილობრივ მოიგეს:

„კახეთის გუბერნატორის წინააღმდეგ ჩვენ ნაწილობრივ მოვიგეთ პროცესი და ახლა ველოდებით გადაწყვეტილებას, რომ გადმოგვცენ საჯარო ინფორმაცია. ინფორმაცია ეხება საკადრო ცვლილებებს სამაშველო სამსახურში. აი, ასეთი მარტივი დოკუმენტები 2014 წელს კახეთში იყო დახურული და ხელმიუწვდომელი“.

„ხელისუფლება ცდილობს ინფორმაცია დამალოს“,- ამბობს სოფო სარალიძე, რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტი.

„ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს ინფორმაცია დამალოს, თუმცა, პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ საზოგადოებისთვის საჭირო და სასარგებლო ცნობები მოვიძიოთ და გავავრცელოთ. საზოგადოება იმსახურებს ჰქონდეს ინფორმაცია, თანაც, ოპერატიულად.

2014 წელსსაკრებულოს სხდომების ჩატარების დრო და ადგილი რომ დაედგინა, თითქმის ბრძოლა უწევდა ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს, ინტერნეტგაზეთ „ქიზიყის“ დამფუძნებელსა და რედაქტორს. ილია იხსენებს, რომ სხვა წლებში მსგავს პრობლემებს ადგილი არ ჰქონია და ამ ტენდენციის დამკვიდრებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს:

„ახალ საკრებულოში სულ სამ სხდომას დავესწარი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევებში სხდომების შესახებ ინფორმაცია ვერ დავადგინე. ერთი ეს იყო, როდესაც ახალი საკრებულო შეიკრიბა, ხოლო შემდეგ - ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება“.

„2014 წელს რეგიონულ რედაქციებს ისეთი პრობლემა მოეხსნათ, როგორიცაა ჟურნალ-გაზეთების გავრცელება“, - ამბობს მაია ყალაბეგაშვილი, გაზეთ „სპექტრის“ ხელმძღვანელი. მაია იმის შესახებაც ლაპარაკობს, რომ ისევ დაგვიანებით და არასრულყოფილად გაიცემა საჯარო ინფორმაცია სამთავრობო უწყებებიდან. კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს ადგილობრივი ხელისუფლება მედიაში გაჟღერებულ თემებზე, მაია ყალაბეგაშვილს ასეთი პასუხი აქვს: „არის საკითხები, რომლებზეც ხელისუფლების რეაგირება არის, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ხელისუფლება თავისთვის უსიამოვნო საკითხებს თავს არიდებს, თითქოს ვერ ხედავს“.

იმის გამო, რომ მხარეები დებატებზე უარს ამბობდნენ, გადაცემისთვის ფორმატის შეცვლა მოუხდა ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელ დირექტორს ლევან ალექსიშვილს. ალექსიშვილის თქმით, ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ საჯარო დაწესებულებებში კომპეტენტური კადრების პრობლემაა:

„ახლა მე, წამყვანი, ვცდილობ ოპონირება გავუწიო კონკრეტულ სტუმარს და მისგან მივიღო ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“.

თვითმმართველობის არჩევნები, გახშირებული ძალადობა, ქალთა მკვლელობები, ავარო -კახეთის გზის მშენებლობა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში- ძირითადად, დაახლოებით, ეს საკითხებია, რომლებზეც 2014 წელს კახეთის რეგიონალური მედია აქტიურად მუშაობდა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მედიასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემა მაინც რჩება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG