2015 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში დარეგისტრირება სოციალურად დაუცველებისთვის სავალდებულო ხდება. შემოთავაზებულ ვაკანსიაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში მათ ფულადი შემწეობა შეუწყდებათ.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხშირად დახმარებას იმ მიზეზით უხსნიან, რომ ოჯახის რომელიმე წევრმა ერთჯერადი ფულადი შემოსავალი მიიღო საბანკო ანგარიშსწორებით. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინიციატივის მიხედვით, მსგავსი შემთხვევა დახმარების მოხსნის მიზეზი აღარ გახდება, თუმცა 2015 წლიდან დახმარებას ოჯახს იმ შემთხვევაში აღარ მისცემენ, თუ ისინი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამსახურზე დაუსაბუთებლად უარს იტყვიან.
სახელმწიფო ასეთი ოჯახის წევრებს დასაქმებას ჰპირდება - ხელფასი დაენიშნებათ, სამაგიეროდ, დახმარება მოეხსნებათ.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახი მუშაობის დაწყების შემდეგაც შეინარჩუნებს დახმარებას.
„თუ სოციალურად დაუცველი რამდენჯერმე უარს იტყვის დასაქმებაზე, შესაძლებელი გახდება ასეთი ოჯახები საერთოდ ბაზიდან ამოვარდნენ“, - ამბობს გაიოზ თალაკვაძე.
სახელმწიფოს ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს სოციალურად დაუცველი ოჯახების უმეტესობა. მათი თქმით, თუ გარანტირებული სამუშაო და იმაზე მეტი ანაზღაურება ექნებათ, ვიდრე დახმარებას იღებენ, მოხარული იქნებიან, თუ იმუშავებენ.
ხალხის აზრი:
„არ მგონია ვინმემ უარი თქვას დასაქმებაზე“.
„მე კი მგონია, რომ დასაქმებას არავინ შემოგვთავაზებს, მაგრამ თუ იქნა ასეთი შანსი, ყველამ უნდა გამოიყენოს“.
„იცით, რა მაინტერესებს? ქვეყანაში არანაირი ქარხანა აღარ მუშაობს და სად უნდა დაგვასაქმონ?!“
„უარს არ ვიტყვით მაგრამ თუ არ შეგვიძლია მუშაობა, რა ვქნათ? ასეთ დროს დახმარების მოხსნა უკანონობა იქნება“.
არიან ისეთი ოჯახები, რომლებისთვისაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივა მიუღებელია. მაგალითად, თელავში მცხოვრები ციალა ჭუაძე მარტოხელა მოხუცია და, როგორც თავადვე ამბობს, შრომისუუნაროა. მას აინტერესებს, მოუხსნიან თუ არა დახმარებას იმ შეთხვევაში, თუ დასაქმებაზე ამის გამო უარს იტყვის.
„ერთი თვალი არ მიმუშავებს, ფეხიც მაწუხებს... დავრდომილი და თან 82 წლის ვარ, არაფერი არ შემიძლია და თუ წამართვეს დახმარება, რით ვიცხოვრო?!“
სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ შრომისუუნარო ადამიანებს დახმარების მოხსნის საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათ სოციალური აგენტები დეტალურად შეამოწმებენ და დაადგენენ, ვინ არის შრომისუნარიანი და ვინ შრომისუუნარო. სააგენტოს განმარტებით, დახმარება მოეხსნებათ მხოლოდ მათ, ვინც შეთავაზებულ სამუშაოზე დაუსაბუთებელ უარს იტყვის.
გაიოზ თალაკვაძე: „უარის საფუძვლები არის: მომეხსნება სოციალური დახმარება და არ მინდა დასაქმება, არ ვარ დაინტერესებული ასეთი სამუშაოთი, არ მომწონს და სხვა...“
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 400 000 სოციალურად დაუცველიდან 250 000 შრომისუნარიანად ითვლება. აქედან სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში მხოლოდ 4 300-ია დარეგისტრირებული.