90-იანებში, რაღაც პერიოდი, ბიტლიტერატურაში გადავეშვი - წავიკითხე რამდენიმე რომანი, აუარება სტატია, ლექსი და ინტერვიუ, ვაგროვე და ვახარისხე ფოტოები, ვწერე სტატიები, ვთარგმნე ბიტნიკების მოკლე და გრძელი ტექსტები, "არილის" თემატური ნომერიც კი მივუძღვენი დალეწილ - გნებავთ, დამსხვრეულ, გნებავთ, გალეწილ - თაობას.
სხვათა შორის, ტერმინ Beat-ის თარგმანისას ყოველთვის ასეთ მრავალფეროვან ფორმებს ვიყენებდი ხოლმე - ხან ერთი მადგებოდა ენაზე, ხან მეორე, ხან მესამე და მეოთხე. მაშინ თითებზე ჩამოსათვლელი იყო ბიტნიკების ტექსტები. ვინც გაზეთ "რუბიკონსა" და "მესამე გზას" ადევნებდა თვალს, ახსოვს, რომ შიგადაშიგ გაიელვებდა, ვთქვათ, ინტერვიუ ალენ გინზბერგთან ან ჯეკ კერუაკის "მექსიკო სითის ბლუზები", ბეროუზის მოკლე შეტყობინებები და ლორენს ფერლინგეტის გრძლად დატეხილი სტრიქონები. მაშინ რომანის თარგმნის თავი ვის ჰქონდა, ყველანი სადღაც მივქროდით, მივექანებოდით, ჩაჯდომისთვის და ყურადღებიანი მუშაობისთვის არავის ეცალა. ლამის 20 წელი გავიდა მას შემდეგ და განუწყვეტლივ ერთი და იგივე მესმოდა მთელი ამ დროის მანძილზე: მავანი ბეროუზის "ჯანქის" თარგმნის! მავანმა კერუაკის "გზაზე" დაასრულა! მავანი "დჰარმას მაწანწალებთან" ერთად დაწანწალებს! ასეთ დაპირებებში წლებმა გაიარა, შედეგად კი ვერაფერი მივიღეთ. ბიტის ბევრმა მხურვალე აღმსარებელმა - მწერალმა, კალმოსანმა თუ, უბრალოდ, აკვიატებებში ჩარჩენილმა ნიჭიერმა უსაქმურმა - ჩაიქნია ხელი, ზოგი ასაკიდან გამოვიდა, სხვები კი სხვა წიგნებს მოეკიდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს დალეწილი წიგნები მთელმა თაობებმა გამოტოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა თაობებმა წაიკითხეს იგი დედნის ენაზე თუ რუსულ თარგმანებში. გამოტოვეს, იმიტომ რომ ეს ენა თავის დროზე ვერ გაქართულდა და ამ შერეკილების ბიტპროსოდიებს არა და არ გამოუჩნდა ღირსეული შესატყვისი.
XXI საუკუნის მეორე ათწლეულში, როგორც იქნა, ითარგმნა ბიტთაობის უმთავრესი ტექსტი, "გზაზე". ცხადია, თავისით არ თარგმნილა, იგი თამარ ჭილაძემ გადმოაქართულა და გამომცემლობა "დიოგენემ" ჩვენამდე მოიტანა: მკითხველამდე მოვიდა დაგვიანებული ტექსტი, ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე საქართველოში - ათწლეულების შემდეგ, სწორედ იმ დროს, როდესაც ძველი ცეცხლი ჩამქრალია, ცნობისწადილის ადგილს კი ქედმაღლობა იკავებს, მოდის წიგნი, რომელიმე კიზის ან ჯოისის, ან გოეთეს, ან კორტასარის დაგვიანებული წიგნი, და ამ წიგნმა ცხოვრება ხელახლა უნდა დაიწყოს.
კერუაკის წიგნსაც, ალბათ, ასე მოუწევს და მინდა ჩემი დღევანდელი სიუჟეტითაც დავეხმარო მის ძნელ ქართულ დასაწყისს.
აი, რას წერდა თავად ავტორი წიგნის შესახებ:
"გზაზე" 1951 წლის გასაოცარ მაისის თვემდე სამი კვირით ადრე დავასრულე, როცა მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ლოუერ უესთ საიდზე, ჩელსის რაიონში, 100 ფუტის სიმაღლეზე... სწორედ აქ იქცა სიტყვად "გალეწილი თაობის" სახე. დავწერე წიგნი და მას შემდეგ თან დავათრევდი, საუნივერსიტეტო ღრეობები იქნებოდა ეს თუ სხვა ველური თავყრილობა, სადაც პატარა ბიჭებს ვაბოლებდი ხოლმე, ძალზე მგრძნობიარე ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სიბინძურეში უკვე საბოლოოდ გამოთაყვანებულიყვნენ."
წიგნი ამის შემდეგაც მუშავდებოდა, ვიდრე 1957 წელს არ გამოვიდა და ყველაფერი ყირაზე არ დააყენა. ამ დროისთვის ცეცხლოვანი ჯაზი, ბიბოპი უკვე წარსულს ბარდებოდა, პირველი თაობის ჰიპსტერები ასპარეზს ტოვებდნენ, სამაგიეროდ, გალეწილ თაობაზე უკვე ყველა ლაპარაკობდა, ვისაც არ ეზარებოდა. ჩემმა სტუმარმა, ჟურნალისტმა ნინო ჩიმაკაძემ კერუაკის ამ რომანზე საუბრისას სწორედ ეს ეპოქა ახსენა:
"თანამედროვე ლიტერატურაში ეს არის ჩემთვის - და არამარტო ჩემთვის -გამორჩეული წიგნი. 1957 წელს გამოვიდა, ეპოქაში, როდესაც იწყებოდა მთელი ეს ახალგაზრდული კონტრკულტურული მოძრაობები. ეს წიგნი უსწრებდა ჰიპების ცნობილ მოძრაობას, იგი ბიტთაობის საკულტო წიგნად არის დღემდე მიჩნეული და არამარტო ბიტთაობის: მართლა ძალიან ბევრ რამეს დაუდო სათავე, იმავე დღევანდელ ლიტერატურას და XX საუკუნის მეორე ნახევრის ლამის მთელ ამერიკულ ლიტერატურას. ამიტომ ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, კარგად ასახავს რა სურვილები ჰქონდათ იმ პერიოდში ახალგაზრდებს, რა იდეები დაიბადა 50-იანებში ომის შემდგომ თაობაში, ანუ იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ომის შემდეგ იყვნენ ოცდარაღაცა წლის... და რა მისწრაფებები, რა სურვილები და რა განწყობები ჰქონდათ იმ პერიოდში. და ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო, ნამდვილად".
წიგნის ამბავი 1947 წლიდან იწყება. მთხრობელს, სალ ფარადაიზს (ანუ კერუაკს), ყელში ამოუვა თავისი გულგატეხილი ნიუ-იორკელი მეგობრების წიგნიდან ამოკითხული ფრაზები, პოლიტიკაზე ყაყანი, ფსიქოანალიტიკური ბოდვები და ცდილობს ახალ, რეალურ ცოდნას ეზიაროს. სწორედ ამ პერიოდში ხვდება იგი დინ მორიარტის (ნილ კესიდის), იბმება პირველი ძაფები და შემდეგ იწყება დიდი მოგზაურობა. სალი ჯერ მარტო დაეხეტება, ხან ერთ მეგობართან ჩერდება, ხან მეორესთან, გზადაც იჩენს მეგობრებს, შემდეგ დროებით სცენიდან გასული დინ მორიარტიც შემოვარდება თავისი 47 წლის გაკრიალებული "ჰადსონით" და მოგზაურობა ახალ ეტაპზე გადადის. რომანში ბევრი პერსონაჟია, ბიტის კლასიკოსები - კარლო მარქსი, იგივე ალენ გინსბერგი, ბებერი ხარი - უილიამ ბეროუზი, ასევე ალან ანსენი, ლუსიენ კარი, ჯონ კლელონ ჰოლმსი და სხვები.
ეს უმიზნო და უპროგრამო მეამბოხეები მთელ ამერიკაში მიდი-მოდიან, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიერეკებიან თავიანთ თუ სხვის მანქანებს, ავტოსტოპით მოგზაურობენ ნიუ-იორკიდან დენვერში, დენვერიდან ფრისკოში, ფრისკოდან ლოს-ანჯელესში, მერე ისევ ნიუ-იორკი, ჩიკაგო, დეტროიტი, პიტსბურგი, ქვემოთ ნიუ-ორლეანი, ყველგან შფოთი, ლოთობა, ნარკოტიკები, სიყვარული და თავგადასავლები, მხურვალე ჯაზი და ამერიკა.
სხვათა შორის, ახლა მახსენდება, რამდენი წვალება მიწევდა 90-იან წლებში, წიგნში ნახსენები მუსიკალური ნომრები რომ მომესმინა და ერთგვარად ავყოლოდი პერსონაჟებს. კორტასართან დაკავშირებითაც იგივე პრობლემები იყო, ახლა კი იუთუბია და, მაგალითად, როდესაც სალი დექსტერ გორდონის და მისი ძმაკაცების ზღვარგადასულ ბოპს აღწერს, მივარდები კომპს, აკრეფ საძიებო ველში Dexter Gordon-ს, კომპოზიციის სახელწოდებას, რომელსაც, სხვათა შორის, Hunt, ანუ ნადირობა, ჰქვია, და 10-20 წუთით შეგიძლია კერუაკის ლიტერატურული ბოპი მუსიკალურით ჩაანაცვლო.
მოდით, ისევ ნინო ჩიმაკაძეს მოვუსმინოთ:
"აღწერილია ძალიან საინტერესოდ თვითონ მათი ხედვა, განწყობები, იგივე ნარკოტიკული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები, მათი ხედვები. ვერ ვიტყვი, რომ წიგნს რაღაცა განსაკუთრებული შინაარსი აქვს, ეს უფრო გმირების, პერსონაჟების წიგნია და მათი განწყობების და ხასიათების აღწერა, ვიდრე რაღაც თანმიმდევრული ამბავი. ერთი სიტყვით, გზაზე დაწერილი რომანია, პერსონაჟების თავგადასავალი, დეტალები და განცდების აღწერები".
წიგნი სავსეა ასეთი საგზაო ეპიკითა და ლირიკით, გზისპირული, მოხეტიალე დრამატიზმითა თუ კომიზმით, ბედნიერების წუთებითა და მელანქოლიით, თავდავიწყებითა და ბლუზით. მარტივად სათარგმნი წიგნი ნამდვილად არ არის, რადგან ესაა ჯაზი სიტყვაში, გრძნობების რიტმი, სოლოებით სავსე ერთმანეთზე მიყრილი ამბები. ზოგიერთებმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასეს ქართული კერუაკი, რაღაცაში მეც ვეთანხმები, შესაძლოა ბევრს ზედმეტად უბიწოდაც მოეჩვენოს ეს თარგმანი, თუმცა ასეთი უბიწოება იქნებ სჯობდეს კიდეც ყალბი და უადგილო ჟარგონით გაჯერებულ ურიტმო ნათარგმნს. ისე, კერუაკის ცეცხლოვანი რიტმი არც ამ თარგმანში იგრძნობა მაინცდამაინც, არის შეცდომებიც, არქაიზმები, მოუქნელი ფრაზები, მაგ. ასეთი: "ახლა დარჩენილ გზაზე თხუთმეტი დოლარიღა დაგვრჩა", "დინი ისეთი აგზნებული იყო და ისე მგზნებარედ ლაპარაკობდა...", ანდა პერსონაჟების შეძახილები: "აჰ, წმინდა ხვრელო", "ო, საშინელო ცხოვრებავ". ერთ სცენაში კი, სადაც ჯორჯ შირინგის დაკვრაა აღწერილი, მთარგმნელი სულ ბას-გიტარისტს ახსენებს, არადა, დედანში ბასისტზეა საუბარი. მართალია, იმ პერიოდში შირინგის კვინტეტში გიტარისტიც უკრავდა, მაგრამ სცენაში ბასისტი იგულისხმება და გიტარა საერთოდ არაა ნახსენები.
იმედია, მთარგმნელი ძალიან არ გამიბრაზდება ჩემი ახირებული შენიშვნების გამო, მკითხველმა კი ნებისმიერ შემთხვევაში თავად უნდა შეაფასოს თარგმანის ხარისხი. ჩემი წერილი მხოლოდ სტარტერია, მადის მოსაყვანი.