22 ივნისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროგრამის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი.
მან ილაპარაკა საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც, პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომლის თანახმადაც, მკაცრდება ზედამხედველობა საარჩევნო პროცესზე. ირმა პავლიაშვილის თქმით, ცვლილებები – რომლითაც ხელისუფლება იმ მიზნის მიღწევას გეგმავს, რაც არჩევნების ღია და დემოკრატიულად ჩატარებაა – კითხვის ნიშნებს შეიცავს. ირმა პავლიაშვილის თქმით, საარჩევნო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ამ ცვლილებების განხორციელებით რჩება ბუნდოვანი მუხლები, რომელთა ინტერპრეტაციის შემთხვევში შესაძლოა, პრობლემები შეექმნას ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვას.