დეკემბრის კვირა დღე. საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის გამშვებ პუნქტთან გრძელი რიგია. საქართველოს საბაჟოს კარი 15 წუთში ერთხელ იღება და გრძელ რიგში მდგომი ორივე ქვეყნის მოქალაქეები საპასპორტო კონტროლის განყოფილებაში შედიან. თუ ზაფხულში, რიგში უმეტესად ქართველები იდგნენ, ახლა თურქები სჭარბობენ. მათი დიდი ნაწილი ბათუმიდან სახლში ბრუნდება ე.წ. ტელეფონის ტურიდან.
“ტელეფონის ტური” იმას ნიშნავს, რომ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში, აჭარაში ჩამოდიან მობილური ტელეფონების შესაძენად, ბათუმსაც ათვალიერებენ და სახლში იმავე დღეს ბრუნდებიან. ბათუმში, ტექნიკის მაღაზიებთან გრძელი რიგი ჯერ კიდევ მაღაზიის გახსნამდე დგება. განსაკუთრებული მოთხოვნა ახალი მოდელის iPhone-ებზეა. ტელეფონების ფასი 2900-დან 5000 ლარამდეა.
დეკემბრის ხუთშაბათი. ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრთან დილიდანვე დაიკავეს რიგი თურქეთიდან ჩამოსულმა დუიუგომ და ერდემმა. „თურქეთში აიფონი ძვირია, ამიტომ ჩამოვედით საქართველოში. აქ თურქეთთან შედარებით თითქმის ნახევარი ფასია. თან, გადასახადის საფასურს(TaxFree) უკან ვიბრუნებთ“, - ამბობს დუიუგო. საუბარში ერდემი ერთვება, რომელიც გვიხსნის, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ მობილურ ტელეფონებს თურქეთშიც უპრობლემოდ იყენებენ.
„უნდა ნახოთ, დილაობით რა ხდება!“, - გვეუბნება ბათუმელი ლიკა, რომელიც სავაჭრო ცენტრთან ახლოს ცხოვრობს და ყოველ დილით, სამსახურისკენ მიმავალი, გზად ყავას ამ ცენტრში ყიდულობს: „ყველა მაღაზია ჯერ კიდევ დაკეტილია, კართან კი იმხელა რიგი დგას, ვერ გაივლი. ძალიან მიკვირს. ჩვენ ხომ სიიაფის გამო თურქეთში დავდივართ პროდუქტებისა და მედიკამენტების საყიდლად“.
2022 წლის ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 10.4% იყო. თურქეთში - 84.4%.
ისევ საქართველო-თურქეთის საზღვარი. სარფის გამშვებ პუნქტზე, ორივე ქვეყნის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე ვარ. მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობას ქართულად გთავაზობენ:
„ხოფაა ქალბატონო“
„აბა, ქემალფაშა!“
„სად მიხვალ?“
საზღვრიდან უახლოეს დასახლებამდე, ქემალფაშამდე, სადაც დიდი სავაჭრო ცენტრი და უამრავი მაღაზიაა, მგზავრობა 2 ლარი ღირს. საქართველოს საზღვრიდან ქემალფაშამდე 15 წუთში მიდიხარ. სურსათის, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შედარებით პატარა მაღაზიებში ფასები ლარითაცაა მითითებული. მაღაზიის გარეთ ქართული წარწერებიც შეგხვდებათ: „თეთრეული წონით“. „ხალიჩა წონით“. თუ ლარის საბანკო ანგარიში გაქვს და თანხას ბარათით იხდი, კონვერტაცია ავტომატურად ხდება. უფრო მომგებიანია, თუ ნაღდი ფული, თურქული ლირა გაქვს. 1 ლირა დაახლოებით 14 თეთრი ღირს.
პატარა მაღაზიების თურქ მფლობელებს გამყიდვლად ქართველები ჰყავთ დასაქმებულები. „დილით გადმოვდივარ სამსახურში და საღამოს სახლში ვბრუნდები. ასე ვარჩენ ოჯახს უკვე 15 წელია“, - მითხრა შუა ხნის ხელვაჩაურელმა ქალმა, რომელმაც სახელი არ გამიმხილა. როგორც ამბობს, მყიდველებიც ძირითადად, ქართველები არიან არა მხოლოდ აჭარის და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან, არამედ აღმოსავლეთ საქართველოდანაც.
„სახელი და გვარი არ მკითხო შვილი, არ გადამიღო და ისე კი გეტყვი. ქუთაისიდან ვარ. დავდივართ ასე, რამდენიმე ქალი ერთად, აბა რა ვქნათ?! ცეცხლის ფასი აქვს ჩვენთან საჭმელსაც და წამლებს“, - მეუბნება შუა ხნის ქალი, რომელმაც ქემალფაშაში უკვე ივაჭრა და საქართველოში ბრუნდება. თურქეთში ერთ კილოგრამ კარაქს 14 ლარად ყიდულობს, მაშინ როცა საქართველოში 250 გრამი სულ მცირე შვიდი ლარი ღირს. საქართველოში ერთი კვირის სამყოფი კონკრეტული მედიკამენტის ფასად თურქეთში 3 დასახელების, ერთი თვის სამყოფი წამლები შეიძინა.
კვირა დღეს თურქეთში აფთიაქები არ მუშაობენ, თუმცა, ქემალფაშაში ერთი აფთიაქი ყოველთვის ღიაა. აქ რიგში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დამხვდნენ. ახალგაზრდა ქალი, თიკო თბილისელია. ბათუმში დასასვენებლად მყოფმა თურქეთში გადასვლა გადაწყვიტა და საკვები დანამატები შეიძინა: „ფასების საოცარი სხვაობაა. მაგალითად, ერთი დასახელება ჩვენთან 127 ლარი ღირს, აქ კი სამი სხვადასხვა დასახელების საკვები დანამატი და ერთი მედიკამენტი ვიყიდე და 103 ლარი დამიჯდა“.
ქემალფაშაში ბევრნი იყვნენ ბათუმელები, რომლებიც თურქეთში საკუთარი ავტომანქანებით მიემგზავრებიან, დაახლოებით 100 ლარად სურსათის და სარეცხი საშუალებების სულ მცირე ერთი კვირის მარაგს ყიდულობენ და სახლში ბრუნდებიან. საქართველოსთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ იაფად ყიდულობენ არა მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების ზეთს, კარაქს, ფქვილს, მაკარონს, შაქარს და სხვა მსგავს პროდუქტს, არამედ, მაგალითად, 1 კილოგრამ ორაგულს, რომელიც ბათუმში 50 ლარამდე ღირს, თურქეთში კი - 20.