Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი სერბი ეპისკოპოსი სექსუალურ სკანდალშია გახვეული


სერბია
სერბია
სერბიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად მისცა თანხმობა 74 წლის ეპისკოპოსს, გადამდგარიყო. ხანდაზმული ეპისკოპოსი ვასილიე კაჩავენდა თურმე ორგიებში მონაწილეობდა. მას არასრულწლოვანი გოგოებისა და ბიჭების გარყვნა ბრალდება.

ტუზლისა და ზვორნიკის ეპისკოპოსი, ბუნებრივია, უარყოფს ბრალდებებს. ეკლესიამ განაცხადა, გადაგომის მიზეზი ავადმყოფობააო, მაგრამ იქვე, ზაჰუმლიეს და ჰერცეგოვინის ეპისკოპოსის, წმინდა სინოდის წევრის გრიგორიეს პირით, ასე მიმართა მრევლს:

„მორწმუნეებს ვურჩევდი, ნუ განიკითხავენ, სანამ სიმართლე არ დადგინდება. როცა სიმართლეს შევიტყობთ, და ეს არის პარადოქსი ჩვენს რელიგიაში, ჩვენი რწმენის მიხედვით, კი არ უნდა შევიძულოთ ადამიანი, არამედ გვიყვარდეს ის და ვილოცოთ მისთვის. სასამართლომ კი თავისი საქმე უნდა გააკეთოს“.

წმინდა სინოდის დადგენილება, რომ ჩამოაშოროს საქმიანობას მაღალი რანგის გავლენიანი ეპისკოპოსი, განსაკუთრებული და, ალბათ, პირველი ასეთი აღიარებაა ბრალდებებისა. კაჩავენდას ეპარქიაში, იქ, სადაც ეპისკოპოსის რეზიდენტი იყო, თეოლოგიას სწავლობდა ბოიან იოვანოვიჩი. მისი ნაამბობით, არაერთხელ მისცემია საშუალება თვალყური ედევნებინა ორგიებისთვის, რომელთაც ეპისკოპოსი აწყობდა. იოვანოვიჩი ამბობს, ამ თავყრილობებში ცნობილი ბიზნესმენები და სასულიერო პირები მონაწილეობდნენო. თეოლოგიის სტუდენტი იხსენებს, თვითონ ეპისკოპოსს უთხოვია მისთვის სექსუალური მიზნებისთვის ბავშვების მოყვანის ორგანიზება. ისვე მაღალი რანგის სასულიერო პირებს მოუწოდებდა, თეოლოგიის ახალგაზრდა სტუდენტებთან შეხვედრები მოეწყოთ:

„ისინი ბევრჯერ შეეცადნენ ამ საქმეში მეც ჩავრთულიყავი ან ასეთ შეხვედრებში მიმეღო მონაწილეობა. ეპისკოპოსს არაერთხელ უთხოვია ჩემთვის, იმ სკოლიდან, სადაც ფიზიკა-მათემატიკას ვასწავლიდი, ათ წლამდე ასაკის ბავშვები მიმეყვანა მისთვის. მე, ცხადია, უარს ვეუბნებოდი. ასევე მახსოვს, როგორ მოჰყავდათ მონასტრებიდან წინამძღვრებს თეოლოგიის სტუდენტები და როგორ ატარებდნენ ისინი ეპისკოპოსთან ღამეს. ერთ დილას ერთ-ერთმა მათგანმა დამიძახა და მთხოვა, ეპისკოპოსის ოთახი გამიღე, ჩემი ნივთებია იქ და გამოტანა მინდაო. მე გავიკვირვე, „რა უნდა შენს ნივთებს ეპისკოპოსის ოთახში-მეთქი“. ასე მიპასუხა: თავს ნუ ისულელებ, კარგად იცი, რაც უნდაო“.

ასეთი ამბები კაჩავენდას გარშემო ადრეც ბევრი ვრცელდებოდა. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ეპისკოპოსი სამხედრო იყო, დაკავშირებული ბოსნიელი სერბების ლიდერებთან, რადოვან კარაჯიჩსა და რადკო მლადიჩთან. არაერთმა ადამიანმა გაბედა და მის მიმართ საჩივარი შეიტანა. მათ შორისაა ბოსნიელი გოგონა, ტრადიციით მუსლიმანი, რომელიც ეპისკოპოსს ძალით მოუნათლავს და შემდეგ, 16 წლისა, გაუუპატიურებია. 2010 წელს გავრცელდა ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყვნენ ეპისკოპოსი და კარგად ცნობილი ბელგრადელი სტრიპტიზიორი, დეიან ნესტოროვიჩი, რომელთანაც, გავრცელებული ხმებით, კაჩავენდას პირადი ურთიერთობა ჰქონდა. უსიტყვო მორჩილების კულტურამ სერბიის ეკლესიაში ეპისკოპოსს საიდუმლო რაღაც დროის განმავლობაში შეუნახა, მაგრამ ყოველდღიურმა „ბლიკმა“ კაჩავენდას „საქმე გაუხეთქა“: გაავრცელა ამბავი, ხელთა გვაქვს პორნოგრაფიული ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს ეპისკოპოსი, რომელსაც ახალგაზრდა კაცებთან ორალური სექსი აქვსო. მოგვიანებით ეს ჩანაწერები მართლაც გავრცელდა. კაჩავენდა თანამდებობას ჩამოაშორეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ამას არ აკმარებენ და მის საქმეს სასამართლოს გადასცემენ. დუშკო ტომიჩმა, ბიელინელმა იურისტმა, შეაგროვა სხვადასხვა პირის ჩვენებები, სადაც ისინი იტყობინებიან, რომ ეპისკოპოსმა მათ მიმართ სქესობრივ ძალადობას მიმართა. ასეთი მაგალითები, მისი თქმით, საკმარისია. ტომიჩის თქმით, კაჩავენდას გადადგომის შესახებ რომ შეიტყო, გაიფიქრა, რომ ეს გაფრთხილება იქნება ყველასთვის ეკლესიასა და მთავრობაში, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა:

„როცა მთელ ამ ცნობებს და დოკუმენტებს ვკითხულობ, სადაც წერია, რამდენი ადამიანი გარყვნა, რამდენ ადამიანს მიაყენა ზიანი, შოკირებული ვარ, როგორც მართლმადიდებელი და როგორც ადამიანი, იმის გამო, რომ ეს პირი კვლავ საჯარო ცხოვრებაშია ჩართული. კაჩავენდა პოლიტიკოსია და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის სერბიის არმიის გენერალია, ნუ დაგავიწყდებათ, ის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილორად დოდიკის და სხვა ბევრი გავლენიანი ბიზნესმენის და ცნობილი პირის ახლო მეგობარია. ახლა ყველა მათგანს პრობლემა შეექმნა“.

კაჩავენდა ბრალდებებს უარყოფს და ემუქრება მათ, ვინც, მისი თქმით, მას სახელს უტეხს. ეკლესია ნამდვილ მიზეზებზე, რა თქმა უნდა, დუმს. ეკლესია დუმს არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა მსგავს საქმეებზეც, მათ შორის, 1999-2002 წლებში გახმაურებულ სკანდალზე, რომელიც ასევე ეპისკოპოსს ეხება. მოკლედ, დუმს ბევრ რამეზე, -მიუღებელ ქცევაზე, სექსსკანდალებზე, - მაგრამ ხმას იმაღლებს ზოგადად ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსის წინააღმდეგ. ამ ეკლესიის მამამთავარმა, პატრიარქმა ირინეოსმა, ხმამაღლა გააპროტესტა გეიაღლუმის გეგმა და თქვა, რომ ეს მთელი ქვეყნისთვის მორალური სირცხვილი იქნებოდა. როცა სერბიის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამგვარ დამოკიდებულებებზეა ლაპარაკი, უნებლიეთ ყველას ახსენდება ანალოგიური მიდგომა კათოლიკური ეკლესიის წიაღში. ბელგრადელი სოციოლოგი მირკო დეორდიევიჩი ამბობს, ეკლესიას ხელშეუხებლობის განცდა ჰქონდაო:

„ჩვენი ეკლესია ყველა ამ საქმის მიჩქმალვას შეეცადა. სასამართლო ელოდა, სანამ ამ საქმეებს ვადა გაუვიდოდა. ეპისკოპოს პაჰომიეს საქმეში სახელმწიფო ასევე მოიქცა - დაელოდა, სანამ წლები გავიდოდა. არადა, პედოფილია გავრცელებულია ჩვენს ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, საზოგადოებას სძინავს ან დაშინებულია და არ აქვს საკმარისი სიმამაცე, თვალი გაუსწოროს ამ ამბებს“.

ზაჰუმლიეს და ჰერცეგოვინის ეპისკოპოსი გრიგორიე, რომელმაც ყველას მოუწოდა, კი ნუ განსჯით, გიყვარდეთ, ამას გვასწავლის ჩვენი რწმენაო, ამბობს, ეკლესია ამ საქმეში გაერკვევა, მაგრამ ამას დრო დასჭირდებაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG