Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტი: „ცვლილებებს დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში ერთი თაობა დასჭირდება“


დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ემბლემა
დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ემბლემა
ჩვენი კოლეგის, „ნიუ იორკ ტაიმსის“ რეპორტიორის მარკ მაცეტის ახალ წიგნს გრძელი დასახელება აქვს: „დანის გზა: დაზვერვის ცენტრალური სამმართველო, საიდუმლო არმია და ომი დედამიწის ბოლოში“. მაცეტის თანახმად, ორგანიზაციამ, რომელიც 1947 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ მთელ მსოფლიოში გაეკონტროლებინა უცხოეთის ქვეყნების მთავრობები, მათთვის თვალყური ედევნებინა, ინფორმაცია შეეგროვებინა და ეჯაშუშა, ბევრად შორს წავიდა - ჯაშუშობის უფლება მკვლელობის უფლებად იქცა. ჩვენი კორესპონდენტი მაცეტს შეხვდა ვაშინგტონში და სთხოვა განემარტა ეს მტკიცება. მაცეტი სწორედ იმ პერიოდის, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომი ხანის, ერთ შეხვედრას იხსენებს:

„დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს იმ დროს უკვე ჰქონდა მოკვლის უფლებამოსილება პრეზიდენტ ბუშისაგან. ბუშმა 11 სექტემბრის შემდეგ ერთ კვირაში მოაწერა ხელი "პრეზიდენტის დადგენილებას“, რომლის თანახმად, სამმართველოს შეეძლო დაეკავებინა და დაეხოცა ალ-ყაიდის ოპერატორები მთელ მსოფლიოში. ტერაქტების შემდეგ რამდენიმე თვეში გამართულ ამ შეხვედრაზე ჩემი წიგნის პირველ თავში ვწერ. მასზე დაზვერვის ცენტრალური სამმართველო თავის წინადადებას წარმოადგენს, თუ როგორ გამოიყენოს ეს უფლებამოსილება: სხვადასხვა ქვეყნებში შეგზავნიან - უკეთესი ტერმინი არ არსებობს - „დამრტყმელ რაზმებად“ წოდებულ ჯგუფებს, რათა დახოცონ ალ ყაიდის წევრები ან ის ადამიანები, ვისი დახოცვაც პრეზიდენტს სურს. ეს იყო ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისა და მისი თანამშრომლების შეხვედრა, რომლის შემდეგაც ჩეინმა გასცა ბრძანება, დაეწყოთ მათი წვრთნა. ეს იყო, ფაქტობრივად, მწვანე შუქის მიცემა, ‘იმოქმედეთ თქვენი გეგმითო’ “.

სწორედ ამ გეგმის განხორცილებას უწოდებს მაცეტი მკვლელობას და დღევანდელ დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს - „მკვლელობის მანქანას“. „ნიუ იორკ ტაიმსის“ რეპორტიორის თანახმად, წაიშალა ზღვარი დაზვერვის სამსახურის საქმიანობასა და სამხედრო ოპერაციებს შორის. ის ხსნის, თუ როგორ გახდა ეს შესაძლებელი ისეთ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია და ამგვარი უფლებამოსილების ისტორიას იხსენებს: 1970-იან წლებში დაზვერვის ცენტრალური სამმართველო არაერთ უკანონობაში ამხილეს კონგრესის მოსმენებზე და ამიტომ შემდგომი თაობის ოფიცრები მხოლოდ ჯაშუშობაში იწვრთნებოდნენო. მაგრამ, მარკ მაცეტის გამოკვლევის თანახმად, სამმართველოს კონტრერორისტული ცენტრი უწყების ცენტრად გადაიქცა და პარამილიტარული მისიაც შეითვისა. და, პირიქით, სახედრო უწყებამ გააფართოვა სადაზვერვო სამსახური. ამ მიმართულებით უწყება განსაკუთრებით გააქტიურდა დონალდ რამსფელდის მინისტრობის პერიოდში. რამსფელდის სიტყვები მოჰყავს მაცეტს და იქვე განმარტავს:

გარკვევით რომ ვთქვათ, ჯარისკაცი გადაიქცევა ჯაშუშად. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი ოსამა ბინ ლადენის მიმართ ჩატარებული ოპერაციაა. ეს ოპერაცია აშშ-ის არმიამ ჩაატარა, მაგრამ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო უწევდა მას კონტროლს...
მარკ მაცეტი
„საჭიროა ვიყოთ იქ, სადაც არამხოლოდ „ცხელი“ომები მიმდინარეობსო“. ამისთვის იწვრთნებოდნენ საგანგებო რაზმები, რომლებსაც ჯაშუშური საქმიანობაც უნდა შეეთავსებინათ, მოეძიებინათ სადაზვერვო მასალა დედამიწის ყველაზე მიყრუებულ ადგილებში“.

ეს განმარტება ჩვენს კორესპონდენტს აძლევს იმის საფუძველს, რომ წიგნის ავტორს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მისიის ცვლილებებზე ჰკითხოს: არის თუ არა ეს სწორედ ის შემთხვევა, საგანგებო დანიშნულების რაზმმა რომ ოპერაცია მოაწყო ოსამა ბინ ლადენის საცხოვრებელში, მაგრამ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეთაურობით მოქმედებდა? მაცეტი დადებითად უპასუხებს ამ შეკითხვას და გვამცნობს, რომ ეს სწორედ ის შემთხვევა იყო:

„დიახ, და ეს ადრეც მომხდარა, როცა აშშ-ს არმიის რაზმების ისეთ ქვეყნებში შეგზავნა სჭირდებოდა ფარული ოპერაციების ჩასატარებლად, როგორიც პაკისტანია. სამხედრო პირი, ბიუროკრატიული თვალსაზრისით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიულ მუშაკად გადაიქცევა, რაც მას უცხოეთში მოქმედების უფლებამოსილებას ანიჭებს. გარკვევით რომ ვთქვათ, ჯარისკაცი გადაიქცევა ჯაშუშად. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი ოსამა ბინ ლადენის მიმართ ჩატარებული ოპერაციაა. ეს ოპერაცია აშშ-ის არმიამ ჩაატარა, მაგრამ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო უწევდა მას კონტროლს, ოპერაცია ამ უწყების უფლებამოსილებით ტარდებოდა. ანუ ჯარი შეიყვანეს ქვეყანაში, რომელთანაც აშშ ომს არ აწარმოებს, მაგრამ მაინც ატარებს სამხედრო ოპერაციას ქვეყნის სიღრმეში“.

ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ხომ არ იქმნება პრობლემები ორ უწყებას შორის, როცა მათი ფუნქციების ასეთი მონაცვლეობა ხდება? მარკ მაცეტისთვის ცნობილია, რომ ეს პრობლემები გარკვეული დროის შემდეგ შენიშნეს პენტაგონშიც და სამმართველოშიც, მაგრამ, ადრინდელთან შედარებით, ახლა ბევრად უკეთესი თანამშრომლობა აქვს ამ ორ უწყებას. მათ შორს არის ერთგვარი მორიგებაო, ამბობს „ნიუ იორკ ტაიმსის“ რეპორტიორი. პენტაგონი და სამმართველო ერთმანეთს უთანხმებენ, სად ვინ აწარმოებს ოპერაციას და სად და ვისი მეთაურობით ტარდება ის. რაც შეეხება წმინდა სადაზვერვო სამუშაოებს, იმის გამო, რომ სამმართველომ ტერორისტების დევნა დაიწყო, ის თავის უწინდელი ამოცანის შესრულებაში უკვე მოიკოჭლებს, წერს თავის წიგნში მარკ მაცეტი, რომელიც ამაში გარკვეულ ლოგიკას ხედავს: სამმართველოს ოფიცრები ვერ აუდიან ორივე ამოცანის შესრულებას. ამ საუბარში ჩვენი კორესპონდენტი შეეხო დრონების, უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების თემას. ბარაკ ობამამ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ეს პროგრამა კიდევ უფრო გააფართოვა, რასაც კონგრესში ყველა არ ემხრობა. რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ პაკისტანსა და ავღანეთში მყოფ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა გასანადგურებლად დრონების გამოყენება ცხარე კამათის საგანია და მას აშშ-ის პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელი მწვავედ აკრიტიკებს. პროგრამას ყურადღებით აკვირდება გაეროც.

ამავე დროს, ცვლილება ძნელია, რადგან იქ არიან 11 სექტემბრის შემდგომი პერიოდის ოფიცრები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ომს და ადამიანებზე ნადირობას. ამას კი დიდხანს სწავლა უნდა...
მარკ მაცეტი
აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით, მან ყოველთვიური ანგარიშებიდან ამოიღო ცნობები უპილოტო თვითმფრინავებით ავღანეთში განხორციელებული თავდასხმების შესახებ.

მარკ მაცეტის ინფორმაციით, ობამაზე არის ზეწოლა, მაგრამ პროგრამა, მისი ვარუდით, არ შეჩერდება, მსჯელობა იქნება მხოლოდ იმაზე, რამდენი უნდა იცოდეს ამ ოპერაციების გარშემო კონგრესმა და რამდენი - ამერიკელმა ხალხმა. ხდება თუ არა ამ თემის განხილვა საკუთრივ სამმართველოში, რომლის ახალი დირექტორი, ჯონ ბრენანი, ამ მიზნობრივი ხოცვის პროგრამაში დიდ როლს თამაშობდა? მაცეტი ამბობს, რომ უწყებაში არის მსჯელობა ცვლილებებზე. იქ არიან ბრენანის თაობის ოფიცრები, რომლებიც მას ურჩევენ გაატაროს ცვლილებები. ამავე დროს, ბრენანი ის კაცია, რომელსაც თეთრი სახლისგან ამ მიზნობრივი ხოცვის განსაკუთრებული ძალაუფლება ჰქონდა მინიჭებული.

„ასე რომ, ვნახავთ, როგორც მან თქვა, გამოიყვანს ამ პროგრამიდან სამმართველოს თუ მხოლოდ ნაწილობრივ ჩამოაშორებს მას. მე მგონია, ამას დრო დასჭირდება, რადგან, ჩემი აზრით, ჯერჯერობით არის ინტერესი, სამმართველომ ეს ფუნქცია შეასრულოს. ასე ჯობს გასაიდუმლოების გამო, თუ, ცხადია, სურთ, რომ ის საიდუმლოდ დარჩეს. ამავე დროს, ცვლილება ძნელია, რადგან იქ არიან 11 სექტემბრის შემდგომი პერიოდის ოფიცრები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ომს და ადამიანებზე ნადირობას. ამას კი დიდხანს სწავლა უნდა. და ამათვე რომ ახლა ახალი უნარ-ჩვევები შესძინო, ამასაც დრო სჭირდება. ასე რომ, ცვლილებებს დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში, თუ ეს ცვლილებები მართლა მოხდა, ერთი თაობა დასჭირდება“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG