Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერის კვლევა და გამოვლენილი ტენდენციები


სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით, გენდერის კვლევის საკითხებს კონფერენცია მიეძღვნა. კონფერენცია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მკვლევარებმა გენდერის საკითხებში იმ ტენდენციებსა და დამოკიდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც დღეს საქართველოში პრობლემურ საკითხებად მოიაზრება.

მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 101-ე აუდიტორიაში შეკრებილი ქართველი და ასევე უცხოელი გენდერის მკვლევარები და ფსიქოლოგები მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ იმ საკითხებსა და გამოწვევებს, რომლებიც როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს წინაშე დგას და რომლებიც მიმართულია ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად როგორც ოჯახში, ასევე მის გარეთ.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლებია არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს საქართველოში ქალთა მიმართ სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის ყურადსაღებ და, არცთუ იშვიათად, საგანგაშო მაჩვენებელზეც კი, როგორც კონფერენციის მონაწილეები აცხადებენ, პრობლემა კვლავაც პრობლემად რჩება. როგორც ჩანს, სიტუაცია არც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიღებულმა კანონმა შეცვალა, რომელიც პარლამენტმა 2006 წელს დაამტკიცა და რომლის განხორციელების მიზნით სამოქმედო გეგმაც გაიწერა. საქართველოში ოჯახში ძალადობის საკითხზე სულ 35 ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის 5 სამთავრობო, 30 კი არასამთავრობო. ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მხოლოდ სამოქმედო გეგმის შემუშავება კანონის ეფექტურ იმპლემენტაციას არ ნიშნავს. მისი თქმით, კანონმა ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, მართალია, ხელი შეუწყო ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას, მაგრამ ამ მიმართულებით სახელმწიფო სათანადო ინტერესს მაინც არ იჩენს:
მათ არ მოუვათ აზრად, რომ დაუკავშირდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ, მაშინ როდესაც, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ვთქვათ, სლოვაკეთში - ძალიან ბევრია ასეთი ტიპის ორგანიზაციები ...
ნინო ჯავახიშვილი

”შედარებისთვის მინდა მოვიყვანო აშშ-ის მაგალითი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის გენდერული თანასწორობის კუთხით სანიმუშო ქვეყანა, მაგრამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ: პრეზიდენტის აპარატი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მსხვილი ბიზნესორგანიზაციები - ყველა ჩართულია ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში. მათ მართლა აწუხებთ ეს ამბავი ემოციურად და ამისათვის მართლა ყველაფერს აკეთებენ. არ ენანებათ არც დრო, არც ენერგია, არც ფული”...

ნინო ჯავახიშვილი ამგვარ მოტივაციას საქართველოში ვერ ხედავს. მისივე თქმით, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ თავად ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება მიმართონ თავის დასაცავად შესაბამის უწყებებს. სწორედ ამიტომ, როგორც ნინო ჯავახიშვილი ამბობს, არ არსებობს რეალური მონაცემები იმისა, თუ რა სიმწვავით დგას ოჯახური ძალადობის საკითხი საქართველოში:

”საზოგადოებაში, ზოგადად, ისეთი მენტალიტეტია, რომ ეს ადამიანები მიმართავენ მხოლოდ უახლოეს წრეს - ოჯახის წევრებს და მეგობრებს. ანუ მათ არ მოუვათ აზრად, რომ დაუკავშირდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ, მაშინ როდესაც, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ვთქვათ, სლოვაკეთში - ძალიან ბევრია ასეთი ტიპის ორგანიზაციები. სლოვაკეთში, თუკი ქალი ძალადობის მსხვერპლია, მას, პირველ რიგში, თავში აზრად მოუვა, რომ მიმართოს სწორედ ამ ორგანიზაციას. ჩვენთან ყველა მიმართულებით პრობლემაა. ამგვარი ორგანიზაციებიც სუსტია და მცირე. ძალადობის მსხვერპლი არ ფიქრობს, რომ დაუკავშირდეს ასეთ ორგანიზაციას და ამას ემატება ისიც, რომ საზოგადოება და თემი არ არის მზად ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად”.

კიდევ ერთი თემა, რაც გენდერის კვლევის კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს, ეს არის სექსუალური ზეწოლა და მისი აღქმა. მაია ბარქაიამ, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მკვლევარმა, სექსუალური ზეწოლის თემა, თუ შეიძლება ითქვას, დააკონკრეტა და პრობლემის კვლევა უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მდგომარეობის მიხედვით გადაწყვიტა. როგორ აღიქვამენ სტუდენტები სექსუალურ ზეწოლას? ამ კითხვით მაია ბარქაიამ ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მიმართა. მის გამოკვლევაში საქართველოდან ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვნენ, მეორე ქვეყანა კი, სადაც მან სტუდენტები გამოკითხა, ინდოეთი იყო. როგორც ირკვევა, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის უნივერსიტეტში არსებობს რეგულაციები, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას სექსუალური ზეწოლის აღქმასთან მიმართებით. სწორედ ასეთი ტიპის უნივერსიტეტი შეარჩია მაიამ ინდოეთში, სადაც სექსუალური ზეწოლის საკითხებზე სამუშაოდ სპეციალური კომიტეტია შექმნილი:

”გამოიკვეთა ის, რომ ამ სტუდენტებს ზუსტი და ნათელი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა არის სექსუალური ზეწოლა და ისინი პირდაპირ ასახელებენ, რომ ეს არის პატრიარქატის პროდუქტი, ეს არის სიმპტომი იმ ავადმყოფობისა, რაც არის გენდერული უთანასწორობა”, - ამბობს მაია ბარქაია.

ამგვარი კომიტეტები საქართველოს არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ არსებობს. მაია ბარქაიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გამოკითხული სტუდენტების შედეგების თანახმად, სექსუალური ზეწოლის პრობლემა არსებობს როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ისე მის გარეთ, მაია მიიჩნევს, რომ მსგავსი კომიტეტები, რომლებიც სექსუალური ზეწოლის ფაქტებს შეისწავლიან, საქართველოს უნივერსიტეტებშიც უნდა არსებობდეს:
ეს არაბუნებრივი შეფარდება ახლად დაბადებული ბავშვების სქესის, გამოწვეულია სელექციური აბორტით ...
ნინი ბენდელიანი

”თუკი გადავხედავთ შედეგებს, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა სტუდენტებმა არ იცოდნენ ძირითადად მნიშვნელობა იმისა, თუ რა არის სექსუალური ზეწოლა, თუმცა, ამავე დროს, მათ ჰქონიათ სექსუალური ზეწოლის გამოცდილება როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის გარეთ. ამგვარად, პრობლემა არსებობს. უბრალოდ, სტუდენტებს მისი იდენტიფიკაცია უჭირთ და ასეთი კომიტეტის არსებობა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს იმას, რომ პრობლემა იქნეს აღიარებული”.

6 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე გენდერის საკითხების მკვლევარებმა კიდევ ერთ ტენდენციაზე გაამახვილეს ყურადღება - დაბადებისას სქესთა არაბუნებრივ თანაფარდობაზე. ნანი ბენდელიანმა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მკვლევარმა, საკუთარ ნაშრომს უწოდა ”ვაჟების მჯობინება საქართველოში”. დაბადებისას სქესთა არაბუნებრივი თანაფარდობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სელექციური აბორტებით, ამბობს ნანი ბენდელიანი და იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ შეინიშნება. მისი სიტყვებით, ე.წ. ”გამქრალი ქალების” არსებობის შესახებ გენდერის მკვლევარები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც ლაპარაკობენ. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში გამოკითხულთა 44 % აცხადებს, რომ მათ ურჩევნიათ ჰყავდეთ ვაჟი:

”არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც მიუთითებენ, რომ საქართველოში ეს პრობლემა არსებობს, რომ ეს არაბუნებრივი შეფარდება ახლად დაბადებული ბავშვების სქესის, გამოწვეულია სელექციური აბორტით”.

როგორც ნანი ბენდელიანი ამბობს, ეს არის კვლევის პირველი ეტაპი. მკვლევარების სურვილი იყო წარმოეჩინათ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა იმის თაობაზე, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში ვაჟის დაბადებას.
XS
SM
MD
LG