საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა დამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე, საკვებ პროდუქტებსა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე. ფასების ზრდის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც გამყიდველები, ისე მყიდველები ბაზრობებზე, დიდ სუპერმარკეტებსა თუ პატარა სასურსათო მაღაზიებში.
ნანა მცირე მეწარმეა. ის პატარა სასურსათო მაღაზიისა და ე.წ. საოჯახო სამზარეულოს მფლობელია. მის მაღაზიასა და სასადილოში სულ ხალხმრავლობაა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც, მისი თქმით, საკვებ პროდუქტებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა და ახლა საგონებელშია ჩავარდნილი- ერთი მხრივ, არ სურს პროდუქციაზე ფასების გაზრდა, მომხმარებლის უკმაყოფილება რომ თავიდან აიცილოს, მეორე მხრივ კი, გაძვირებული ბოსტნეული თუ სხვა სასურსათო პროდუქტები, რაც მას საოჯახო სამზარეულოში კერძების მოსამზადებლად სჭირდება, ძველი ფასების შენარჩუნებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს:
„ბოსტნეულია ძალიან გაძვირებული. ბულგარული წიწაკა, მაგალითად, სამი ლარი რომ ღირდა, ახლა ღირს 8 ლარი. არ ვიცი, ერთი კვირა კიდევ შევხედავთ და, თუ არ დაიკლო, ფასებს გავზრდით. ძალიან არ გვინდა, მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს“.
სადგურის მოედანზე, „დეზერტირების ბაზარში“, გამყიდველი მეტია, ვიდრე მყიდველი. ზოგი მათგანი ამბობს, რომ ფასებმა აიწია, ზოგიც ამ აზრს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ფასები იგივეა. ვაშლის გამყიდველი ია ამბობს, რომ ხილი გაძვირდა. ნიგვზის დახლთან მდგარი ქალი კი გვეუბნება, რომ ფასი არ შეცვლილა:
„ვაშლის მარაგი ილევა და მასზე ფასმაც მოიმატა. ეს ბოლო პარტიაა. მაგრამ ვაშლის გარდა, სხვა რამეებმაც მოიმატა. მეც ხომ ვყიდულობ რაღაცებს სახლისთვის, სულ აქ კი არ ვდგავარ“.
„ნიგოზი? დოლარი არაფერ შუაშია. წელს მოსავალი არ იყო და მაგიტომ არის ძვირი. აი, ეს, ყველაზე კარგი ხარისხის ნიგოზი, 30 ლარი ღირს კილო. წინა თვეშიც ასე ღირდა, იმის წინაც და ახალ წელსაც“.
ბაზრის შუაგულში გურჯაანელები მარწყვს ყიდიან. ამბობენ, რომ დღეს უკვე ზარალი ნახეს. მარწყვის გაძვირების მიზეზებზე კი ასე მსჯელობენ:
„ეს მარწყვი ვინც მოიყვანა, იმას ხომ უჭირს დღეს? კრედიტი რომ აქვს აღებული დოლარში და დოლარი კიდევ აწეულია, ხომ ვერ იხდის გადასახადებს? ვერ იხდის და მარწყვს აძვირებს. ოჯახი არ არსებობს, კრედიტი არ ჰქონდეს. ჩამოვიდნენ ერთი გურჯაანში და დაგველაპარაკონ, გვნახონ, ხალხი რა დღეშია. აი, დღეს დილით, დილის ოთხ საათზე წამოვედი თბილისში. ერთი ვედრო მარწყვი ვიყიდე 28 ლარად, გავყიდე 21 ლარად. დღეს უკვე 30 ლარის ზარალი ვნახე“.
15 მაისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2015 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 პროცენტითარის გაზრდილი. ხოლო,2014 წლის აპრილთან შედარებით, 8,7 პროცენტით. 2005 წლის საშუალოსთან შედარებითკი, იგივე ინდექსი 78,4 პროცენტითაა გაზრდილი.
როგორც საქსტატში აცხადებენ, 2015 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 2,7 პროცენტით ზრდამ იქონია. ფასები გაიზარდა ქიმიურ წარმოებაზე (22,8 პროცენტი) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (1,9 პროცენტი). საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა განმარტავს, რომ სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე ფასების ცვლილებას ასახავს.
ლალი სიგარეტს ყიდის. მისი დაკვირვებით, ბოლო თვეში ზოგიერთი ფირმის სიგარეტის ფასმა 20 თეთრით მოიმატა. სასურსათო და სხვა სახის პროდუქტებზე ფასების ცვლილება მან საკუთარ ჯიბეზეც იგრძნო - მისი ოჯახის ყოველთვიური დანახარჯი გაზრდილია:
„სიგარეტის ფასი რომ ავიღოთ, იყო, დავუშვათ, 2,20 ლარი, დღეს იგივე სიგარეტი ღირს 2,40 ლარი. და ასე, ყველაფერზე ფასი მომატებულია. თუ მაღაზიაში ერთ წასვლაზე 50 ლარს ვხარჯავდი, ახლა იმავე პროდუქტის საყიდლად, სულ ცოტა, 80 ლარი მჭირდება“.
15 მაისს საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში ვიზიტად მყოფი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტისუმა ჩაკრაბარტიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოსეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,3%-მდეა შემცირებული. EBRD-ის პრეზიდენტის აზრით, მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრადად ვითარდება იმ გარემოში, რომელშიც დღეს იმყოფება.
„მე არ ვფიქრობ, რომ დიდი ხანი დასჭირდება იმას, რომ საქართველომ თავისი პოტენციალი განავითაროს. ეკონომიკური საფუძვლები აქ საკმაოდ გონივრულია", - განაცხადაევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.
15 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 91.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,რაც 2014 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 29.4 მლნ აშშ დოლარით (66.4 მლნ ლარით), ანუ 24.4 %-ით, ნაკლებია.