Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში ბევრი დაიწერა საქართველოს შესახებ. სტატიების უმრავლესობა - როგორც, ალბათ, მოსალოდნელი იყო - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესებს ეხებოდა.
4 ნოემბერს „ეკონომისტმა“ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსეთი და მსოფლიო ვაჭრობა: გაწევრიანდა, როგორც იქნა?“ წერილი ასე იწყება: „მიმდინარე კვირაში, როცა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მრჩეველმა, არკადი დვორკოვიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი ახლოს არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან, ეჭვები აღიძრა. უკვე დიდი ხანია რუსეთი რამდენჯერმე იყო „ახლოს“, თუმცა ეს არ განხორციელებულა. და მაინც, 18-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, ამ ჯერზე გაწევრიანება მართლაც ახლოვდება“. შემდეგ ჟურნალისტი მოკლედ მიმოიხილავს მოლაპარაკების დეტალებს - მკითხველს ამცნობს, რომ „საქართველო, საკმაოდ მართებულად, მოითხოვდა ტვირთის მოძრაობაზე დაკვირვების მიზნით საერთაშორისო მონიტორების განთავსებას მის სუვერენულ საზღვარზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსაც მოიცავს. რუსეთი, რომელსაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს, აცხადებდა, რომ ეს მათ სტატუსს აყენებდა ეჭვქვეშ. შვეიცარიელმა შუამავლებმა შეიმუშავეს შეთანხმება, რომელიც მათ სტატუსს არ ახსენებს, საზღვარს დერეფნად მოიხსენიებს და მონიტორინგს ავალებს არა სამთავრობო სააგენტოს, არამედ კერძო კომპანიას, რომელიც შვეიცარიის მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული“. ეს ვარიანტი, როგორც ჩანს, საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც მისაღები აღმოჩნდებაო, დასძენს სტატიის ავტორი.

3 ნოემბერს „ფაინენშლ ტაიმსში“ დაიბეჭდა ისაბელ გორსტის და სტეფან ვაგსტილის წერილი, სახელწოდებით „რუსეთი/ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია: რა სარგებელს ნახულობს საქართველო?“. ამ წერილის ავტორების აზრით, თბილისს მყარი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები ჰქონდა საიმისოდ, რომ ამ საკითხთან მიმართებით თანამშრომლობის სურვილი გამოეჩინა. „პირველი - ამ საკითხის მიმართ საჯარო ყურადღებამ ხელი შეუწყო მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას, რომ საქართველო პრეტენზიას აცხადებს ორ სეპარატისტულ ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომელსაც ახლა მოსკოვის ჯარი იცავს“, - წერენ ავტორები და ოდნავ ქვემოთ განაგრძობენ: „და კიდევ ერთი - საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დასავლელი მომხრეების ნაწილის თვალში იმპულსურის რეპუტაცია შეექმნა, ომისწინა ხანებში თავისი ქცევის გამო. დღეს ცოტაოდენი მოქნილობის გამოვლენამ შესაძლოა ვაშინგტონსა და ბრიუსელში რამდენიმე მეგობრის დაბრუნება მოიტანოს.“

ამავე თემას - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივას - მიმდინარე კვირაში ინფორმაციული შინაარსის სტატიები მიუძღვნეს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალმა“.

რაც შეეხება სხვა თემებს, 31 ოქტომბერს „მოსკოუ ტაიმსში“ გამოქვეყნდა ჟურნალისტ პოლ რიმპლის სტატია, სახელწოდებით „პარანოიის ეპიდემიამ საქართველოში ბევრი მოიცვა“. წერილი ასე იწყება: „არის საქართველო ახალი გზებით, შენობებით, პარკებით, ახალ მანქანებში მსხდომი და ახალ უნიფორმებში გამოწყობილი პოლიციელებით, რომლებიც არასოდეს იღებენ ქრთამს. ეს ის საქართველოა, რომელიც მსოფლიო ბანკმა ორჯერ დაასახელა მსოფლიოში პირველ რეფორმატორად, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა კი „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. და ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა“, - წერს პოლ რიმპლი და იქვე განაგრძობს, - „თუმცა არსებობს მეორე საქართველოც, სადაც ადამიანები პოლიტიკაზე ლაპარაკის დროს მობილური ტელეფონებიდან ბატარეებს იღებენ. სახლში „სილქნეტის“ ქსელი თუ აქვთ დაყენებული, დენიდან თიშავენ ტელევიზორებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ტელეკომუნიკაციების ამ პროვაიდერს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფლობს და საუბარს უსმენს. ისინი ჩურჩულით ამბობენ, რომ მხარს დაუჭერდნენ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეშინიათ, რა მოუვათ მათ ოჯახის წევრებს, ეს რომ ღიად გააკეთონ.“ სტატიის ბოლოს პოლ რიმპლი წერს: „შიშის გაძლიერება სახიფათო მდგომარეობაა, რომელსაც ირაციონალური ქმედებები მოჰყვება. ერს, რომელიც ელექტრომოწყობილობებს დენიდან გამორთავს, სანამ საკუთარ სახლში ისაუბრებდეს, მთავრობისგან იმაში სჭირდება დარწმუნება, რომ ეს შიშები უსაფუძვლოა. ამის ნაცვლად, მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც პანიკით ხვდება ერთი კაცის პოლიტიკაში მოსვლისკენ მისწრაფებას.“

2 ნოემბერს ბრიტანულმა „გარდიანმა“ მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის ნეკროლოგი დაბეჭდა, რომლის ავტორია თეატრის ბრიტანელი პროდიუსერი, თავად ყოფილი მსახიობი ტელმა ჰოლტი. „პირველად რამაზის თამაში 1979 წელს ედინბურგის ფესტივალზე ვნახე. სტურუას დასმა წარმოადგინა ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, რომელშიც რამაზი აზდაკს თამაშობდა, და შესანიშნავი „რიჩარდ მესამე“, რამაზით მთავარ როლში. მაიკლ კოუვინის რეცენზიაში ეწერა, ის ‘კავკასიის ლორენს ოლივიეაო’“, - წერს ავტორი და შემდეგ იხსენებს, როგორ მიიწვია დასი „რიჩარდ მესამის“ სათამაშოდ თავის თეატრში - რაუნდჰაუზში. ლონდონში, კემდენში მდებარე ეს თეატრი „იდეალურ ადგილად ჩანდა რამაზის რიჩარდისთვის - ჩვენ ყველანი ველოდით დასის ჩამოსვლას და გვჯეროდა, რომ ძლიერ სპექტაკლს ვიხილავდით. თუმცა 1979 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ავღანეთში შევიდა“, - იხსენებს ჰოლტი და წერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდ კერინგტონმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ პერიოდში საბჭოთა არტისტები არ უნდა მიგვეღოო. ჰოლტის თქმით, დიდი ძალისხმევა და მაკიაველური მანევრები დასჭირდა იმას, რომ რუსთაველის თეატრის წარმოდგენა არ გაუქმებულიყო. „მათ ფული არ ჰქონდათ და გემით ჩამოვიდნენ. როცა რაუნდჰაუზთან მოვიდნენ, თეატრის წინ მათ არცთუ მეგობრული დახვედრა მოუწყვეს ანტისაბჭოთა და ცივი ომის მოწინაააღმდეგე დემონსტრანტებმა“, - წერს ავტორი და იხსენებს, რამაზს არ ესმოდა რას ამბობდნენ და იღიმებოდა, ვინაიდან მიჩვეული იყო, რომ ხალხი ღიმილზე ღიმილით პასუხობდაო. ლონდონმა რამაზი მეფესავით მიიღოო, წერს ავტორი და იხსენებს, რომ გასტროლების დროს თეატრში ზარიც შესულა, თითქოს აუდიტორიაში ბომბი იყო. ამის გამო მთელი ვიზიტის დროს თეატრთან ორი ავტობუსით პოლიცია მორიგეობდაო, იხსენებს ჰოლტი. სტატიის ბოლოს ავტორი წერს: „მისი თამაში ნამდვილად შესანიშნავი იყო. როცა სცენაზე გამოდიოდა, მას მთლიანად ფლობდა, რა როლშიც უნდა ყოფილიყო. ის მაშინვე ეუფლებოდა მთელ სივრცეს და ყველას და ყველაფერს, რაც კი ამ სივრცეში იყო“. რამაზ ჩხიკვაძის ნეკროლოგი, ტელმა ჰოლტის ავტორობით, 2 ნოემბერს დაიბეჭდა „გარდიანში“.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG