დიდი ხანი არ არის, რაც თბილისელი წყვილი - ზაზა გაგუა და ქეთო ნინიძე მარტვილში გადასახლდნენ. პროფესიით გეოგრაფი ზაზა დღეს მარტვილისა და ოკაცეს ბუნებრივი ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და, პარალელურად, მეგრული ჯიშის ოჯალეშისგან ნატურალურ ღვინოს აწარმოებს. მისი მეუღლე კი, პროფესიით ფილოლოგი ქეთო ნინიძე, სათავეშიჩაუდგა საოჯახო მარან „ოდას“, თავისი ღვინოც ჩამოასხა და სამეგრელოში ეთნოტურიზმის განვითარებასაც გეგმავს. „ოდას“ მალე გაუვარდა სახელი − არამხოლოდ მარტვილში. სამეგრელოში წასული წყვილის გეგმებიცა და სურვილებიც ჯერჯერობით ისევ მარტვილსა და მის განვითარებას უკავშირდება. მათი ღვინო დიდი მოწონებით სარგებლობს, ხოლო მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რიცხვი. ზაზა და ქეთო ამბობენ, რომ, როცა მიზანი საერთოა, ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
იმ დღეს ქორწინებიდან 7 წელი შეუსრულდათ. ზაზა დილიდან სამსახურში იყო - ოკაცეს კანიონზე. რამდენიმე დღეში სოფელ კინჩხაში ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა და ადგილზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება და ათასი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. მერე მარტვილში უნდა დაბრუნებულიყო, კანიონის ადმინისტრაციაში. თავიდან, სანამ ოკაცეს კანიონი გაკეთდებოდა, მარტვილიდან ყოველდღე უწევდა სოფელ გორდში სიარული, დღის საქმის მიხედვით. ქეთო სახლში იყო ბავშვებთან - მისი სამსახური ახლა საოჯახო მარანი „ოდაა“, რომელიც მათი მეგრული ოდის პირველ სართულზეა. ასე გამოვიდა - დღეს სამსახურიც სახლშია. კიდევ, დიდი ხანი არ არის, რაც მასწავლებელი.ჯი-ი-ს გარდა, ჟურნალ „ლიბერალისთვის“ ბლოგების წერაც დაიწყო. სამეგრელოში გადასახლებამ მათი ცხოვრების წესი ნაწილობრივ შეცვალა.
ზაზა გაგუა გეოგრაფია, რამდენიმე წელი თბილისის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა, მერე ღვინის წარმოებით დაინტერესდა. ქეთო ნინიძე ფილოლოგია, ზაზას მსგავსად და მისი წაქეზებით, მანაც ჩამოასხა თავისი ღვინო და ახლა უკვე მარან „ოდას“ უდგას სათავეში. მარტვილში მას მერე გადასახლდნენ, რაც ზაზა მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნეს. 2015 წლის შემდეგ იქ არიან. მარტვილში იზრდებიან მათი გოგონებიც - ოლიკო და მაშო.
„სანამ შესთავაზებდნენ ზაზას ამ სამსახურის ხელმძღვანელობას, მანამდეც ვფიქრობდით აქ ცხოვრებაზე. უბრალოდ, არ არსებობდა სამუშაო ადგილი, სადაც თავის რჩენას შევძლებდით და ამიტომ, ყოფითი პრობლემების გამო, ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვჩქარობდით. მერე კი ეს შესაძლებლობა გამოჩნდა და არც დავფიქრებულვართ, ისე გადავწყვიტეთ აქეთ წამოსვლა. ვღელავდით მხოლოდ ჩვენი შვილების განათლებაზე, თუმცა ეს პრობლემაც მოგვარდა. მარტვილში არის ძალიან კარგი სკოლა, სადაც ჩვენი შვილები ისწავლიან“.
ზაზას არ უყვარს, როცა თბილისიდან მარტვილში მათ გადასახლებას გმირობას ადარებენ - არაფერი საგმირო არ არის იმაში, შენი ქვეყნის რომელიმე სხვა ადგილას ცხოვრობდე და საქმეს აკეთებდეო, ამბობს.
„თან თბილისი ახლოსაა - მოგინდება, ადგები და წახვალ. ერთადერთი, რაც გვენატრება, მეგობრებია, თუმცა ამ დისტანციას სოციალური ქსელებით ნაწილობრივ ვივსებთ ხოლმე. რაც მთავარია, არასდროს გვინანია, რომ წამოვედით“.
ზაზა წარმოშობით მარტვილიდანაა და იქაურობა მისთვის უცხო არასდროს ყოფილა, თუმცა ბუნების ძეგლები საფუძვლიანად მაშინ დაათვალიერა, როცა 2010 წელს თავის სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა - საკვლევი თემაც შესაბამისი ჰქონდა: მთიანი სამეგრელოს გარემოსდაცვითი პრობლემები. იქ ორკვირიანი ექსპედიციით წავიდნენ და მაშინვე გაჩნდა არაერთი იდეა, როგორ შეიძლებოდა ამ კუთხის გამოცოცხლება. დღესაც სულ იქაურობის მომავალსა და გეგმებზე ლაპარაკობს:
„რამდენიმე იდეა მაქვს და სულ ვამბობ, რომ სანამ მათ არ განვახორციელებ, დაცულ ტერიტორიებს ვერ მივატოვემ-მეთქი. ცხადია, სულ დირექტორი არ ვიქნები, მაგრამ რასაც შევძლებ და მოვასწრებ, მინდა ის საქმე ბოლომდე მივიყვანო. ერთ-ერთია, მაგალითად, ონიორეს და ტობას ჩანჩქერებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და, ალბათ, რამდენიმე წელიწადში უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, რომ რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთი ძალიან მაგარი ადგილი ვაჩუქოთ საქართველოს“.
ქეთოს მარანში კი, სადაც შესვლისთანავე ჩამოკიდებულ ვარდისფერ საზაფხულო კაბას დაინახავთ, როგორც ნიშანს, რომ ეს ქალის მარანია, მათი დაწურული ღვინოები ინახება - მეგრული და ორბელური ოჯალეშის ჯიშებისგან დაწურული ნატურალური ღვინო. ქეთო ღვინის ჟურნალისტიკაში კარგა ხნის განმავლობაში მუშაობდა და მისთვის ღვინის თემა ახალი არ არის, თუმცა, როგორც ღვინის მწარმოებელი, ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს.
„ჩვენ ბუნებრივი მეთოდებით ვაწარმოებთ ღვინოს, არანაირ დანამატს არ ვიყენებთ, არც გოგირდს, რადგან იმდენად მცირე რაოდენობით გვაქვს ჯერ, რომ ადვილად ვუვლით. ჩემს ღვინოს დავარქვით „Naked (შიშველი) ოჯალეში“. ჭაჭასთან შეხების გარეშე დავამზადეთ და ბოლოს სოცქსელში იდეაც კი მოგვაწოდეს, „ქალწული ოჯალეში“ დაარქვითო... ეტიკეტიც ისეთი ავარჩიეთ, რომ სოციალურ თემებსაც გამოვხმაურებოდი. აი, გაჩვენებთ“...
და გვაჩვენა კიდეც ეტიკეტი, რომლითაც, ერთი მხრივ, იმ წელს მომრავლებულ ტერაქტებს, მეორე მხრივ კი, ქალთა ფემიციდს გამოეხმაურა.
ოდის უკანა მხარეს ვენახიც ჩაყარეს. 99 % ოჯალეშია. 20 ძირი ჭვიტილური დაამატეს. ჯიღაურას სანერგე მეურნეობიდან კი რამდენიმე ძველმეგრული და აფხაზური ვაზის ჯიშებიც წამოიღეს. ელიან, როგორ გაიხარებს.
ქეთოს და ზაზას ოდა დიდ, გაშლილ მწვანე ეზოში დგას. ზუსტი მისამართია: მარტვილი, თბილისის ქუჩა #6. ქეთოს ვკითხეთ, რა შეცვალა მარტვილში გადასახლებამ მისთვის. არც დაფიქრებულა, ისე გვიპასუხა:
„აქ ყოფნამ მომიტანა... თუ პათეტიკურად არ ჩამითვლით, ბედნიერება. ყოველდღე რომ გამოდიხარ, შენი სივრცე რომ გაქვს და ეს სივრცე დიდია, არის მწვანე და ბუნებრივი, ეს უკვე ძალიან დიდი ბედნერებაა. არსად არიან გაბრაზებული მეზობლები, რომლებიც გეუბნებიან, რომ აქ მანქანა არ დააყენო, ეს ვიღაცის ტერიტორიაა და რაღაც ასეთები, ეს უკვე ძალიან დიდი რამეა“.
და ეს იგრძნობა ასეთი ახსნების გარეშეც მაშინვე, როცა ქეთოს და ზაზას ოდაში ფეხს შედგამ, მაშინაც, როცა ორივე თავ-თავიანთ საქმეზე ლაპარაკობს. ოკაცესა და მარტვილის კანიონებისა და, ზოგადად, იმ ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივი ძეგლების მომავალი განვითარება ზაზას მთავარი საქმეა - რამდენიმე წლის წინ, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამდენ ტურისტს მივიღებდითო, გვითხრა. მარტვილმა ერთ წელიწადში 120 000 ტურისტი მიიღო, ოკაცემ - 60 000.
ოკაცეს კანიონზე ჩვენი სტუმრობისას დღის სამ საათზე 400 მნახველი იყო მისული, ზუსტად ერთ საათში, სანამ კანიონიდან დავბრუნდით, ეს რიცხვი 700-მდე გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ დღის ბოლოს თურმე 1700 ტურისტი მიიღეს.
„ოკაცეს კანიონი უფრო ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულ ხალხზეა გათვლილი, თავისი კიდული ბილიკით, რომელიც 79- მეტრიანია და 30-მეტრიანი გადასახედით სრულდება. როცა ერთ მარშრუტში ბუნების 13 ძეგლიდან 3 ასეთი პოპულარული ადგილია, ეს ქმნის უკვე იმის შესაძლებლობას, რომ ტურისტი ღამეც დარჩეს, რადგან უკვე არსებობს საოჯახო სასტუმროები და პირობები იმისთვის, რომ აქ ჩამოსულმა ხალხმა შესაბამისი მომსახურება მიიღოს“.
ვინც ოკაცეს კანიონს სტუმრობს, ის გზას ოკაცეს, იმავე კინჩხის, ჩანჩქერამდეც აგრძელებს. დღეს იქამდე კარგი სამანქანო გზა მიდის, თუმცა, სანამ ინფრასტრუქტურა მოეწყობა, დამთვალიერებლები მაინც დადიან და, რაც ყველაზე შესამჩნევია, ადგილზევე ტოვებენ ნაგავს - გზად ჩვენც ბევრი ასეთი ჯგუფი შეგვხვდა საზამთროებით და გამაგრილებელი სასმელებით ხელში და დაყრილი ნაგავიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა.
ოკაცეს კანიონის მოვლას, დაახლოებით, ორი საათი სჭირდება. რკინის დაკიდულ საფეხმავლო ხიდზე შეიძლება მუხლებიც აგიკანკალდეს, რადგან ქვემოთ ღრმა ხეობაა და, ფაქტობრივად, ჰაერში კიდიხარ. თუმცა ეს ექსტრიმი მნახველებს არ აფრთხობს. ბილიკი სულ სავსეა. ასეა მარტვილის კანიონზეც: სტაფილოსფერ გასაბერ ნავებთან სულ რიგია - თან ახლა სეზონია. უსაფრთხოების ჟილეტს იცვამ, ნავში ჯდები, ხელში ნიჩაბს გაძლევენ და მენავესთან ერთად კანიონის მწვანე სიღრმეში მიცურავ:
„ეს მარტვილის კანიონია, მდინარე აბაშა. მივცურავთ მდინარის საწინააღმდეგოდ. კანიონის სიგრძე 2 400 მეტრია, კანიონის ასაკი კი, დაახლოებით, 25 მილიონი წელია. აქ კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება გვხვდება: ბზა, უთხოვარი, თევზებიდან - კალმახი, წვერა, ნაფოტა... ადრე ხშირად ბრაკონიერობდნენ და თევზი არ იყო და ახლა სავსეა აქაურობა. აქ თითქმის გადაშენების პირას მყოფი წავიც კი ვნახეთ, თან ერთდროულად - სამი ცალი“.
ბუნებისა და ღვინის სიყვარულის გარდა, ზაზას და ქეთოს კიდევ ერთი საერთო ვნება აქვთ - ეთნოტურიზმი. მათ ეზოში დღესაც გაშლილია ფანჩატური ცისფერი სკამებითა და მაგიდებით. სტუმრებისთვის. უკვე რამდენიმე ჯგუფიც მიიღეს. ქეთო თითო თეფშს და ჭიქას მთელი გულით არჩევს და უნდა, რომ მის ოდაში მისულ ადამიანს იქ გატარებული დღე დიდხანს შემორჩეს კარგ მოგონებად. გეგმებში ბავშვების მეურნეობის გაკეთება და „მთიების“ მსგავსი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომლის შემადგენლობაში იქნებიან უხუცესებიც, ბავშვებიც, საშუალო ასაკის ხალხიც. ქეთოს ძალიან უნდა ამ გუნდმა ძველი მეგრული ყოფის რეკონსტრუქცია შეძლოს:
„უკვე ვიცი რომელ სოფლებში ცხოვრობენ უხუცესი მომღერლები, რომლებიც ძალიან მინდა ამ საქმეში ჩავრთო, ასევე ჩვენი შვილები, მათი მეგობრები... სინამდვილეში რაც მართლა ფოლკლორი იყო, ის მინდა აქ, ჩვენს ეზოში, გაცოცხლდეს“...
და, ალბათ, გამოუვათ კიდეც. ქეთოს თავისი გეგმები აქვს, ზაზას - თავისი, თუმცა ორივეს სურვილები საბოლოოდ მაინც ერთ მიზნამდე მიდის. ამ მიზნისკენ მიმავალ გზას კი ისინი ერთად ადგანან.